სამი ოპოზიციური პარტია – „ოცნების“ მიერ პროდასავლური კურსის მიზანმიმართული საბოტაჟის შედეგად, საქართველომ შესაძლოა, პარტნიორების მიერ გამოყოფილი ათეული მილიარდი დახმარება დაკარგოს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კრიტიკულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების შედეგად ვკარგავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პარტნიორს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ სამი ოპოზიციური პარტია – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ 90-იანი წლების დანგრეული ქვეყნიდან აღდგენა რომ შეძლო, ეს შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარებების შედეგია.

„ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის პროდასავლური კურსის მიზანმიმართული საბოტაჟის შედეგად, საქართველომ, შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ათეული მილიარდი დახმარება დაკარგოს, რაც ჩვენი თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კრიტიკულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების შედეგად ვკარგავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პარტნიორს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა.

გარდა ზოგადი კონტექსტისა, ყურადღება გავამახვილოთ განცხადებაზე, რომ მომავალში საქართველოსთვის ფულადი დახმარების გაწევა შესაძლოა ვალდებულებების შესრულებას დაუკავშირდეს. ეს ნიშნავს, რომ მილიარდობით დოლარის ფინანსურ რესურსს საქართველო მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ მიიღებს. მხოლოდ 2023 წლის ბიუჯეტში 2 მილიარდ ლარამდე ფინანსური დახმარებითა და 45 მილიონ ლარამდე გრანტებით დაგეგმილია სხვადასხვა პროექტის განხორციელება, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება, ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესება, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება, პოსტ-კოვიდ პანდემიური მდგომარეობის მართვა, აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა, სამელიორაციო სისტემის მოდერნიზაცია, თბილისის მეტროს პროექტი და სხვა.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარებების შედეგია საქართველომ 90-იანი წლების დანგრეული ქვეყნიდან აღდგენა რომ შეძლო. მხოლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 6 მილიარდ დოლარზე მეტი აჩუქა, ათასობით სტუდენტს დასავლური განათლების უფასოდ მიღების საშუალება მისცა, საქართველოში განათლების სისტემის განვითარებაზე ასეულობით მილიონის ფულადი რესურსი გამოყო, უდიდესი წვლილი შეიტანა პოლიციელების და ჯარისკაცების პროფესიულ განვითარებაში. არანაკლებია ევროპული კავშირის და მასში შემავალი ქვეყნების მხრიდან გაწეული დახმარება საქართველოსთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თაობაზე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით რომ:

  1. საქართველოს მოსახლეობის ნება, ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული კავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი, კვლავ ურყევია. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პარადოქსული მოცემულობა, როცა პრორუსული უმცირესობა ქართული ოცნების სახით მართავს პროევროპულ უმრავლესობას, მოსახლეობის 85% მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ  ინტეგრაციას. ეს მოცემულობა უცვლელია იმის მიუხედავად, რომ  ივანიშვილის რუპორებს, იქნება ეს ტელეკომპანიების (იმედი, პოს ტივი თუ სხვა), პოლიტიკური და კვაზი პოლიტიკური სუბიექტების (ქართული ოცნება, ხალხის ძალა თუ სხვა), თუ ე.წ. ,,ექსპერტების“ (ლეგიონია მათი სახელი) სახით, უკვე წელიწადზე მეტია გაჩაღებული აქვთ ღიად ანტი-დასავლური კამპანია. მასშტაბური დეზინფორმაციული პროპაგანდის პარალელურად, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა დასავლეთის წინააღმდეგ, არ მცირდება მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც მყარად პროდასავლელი და პროევროპელია. სამაგიეროდ, მცირდება ქართული ოცნების მომხრეთა რიცხვი, რასაც ეს კვლევაც ადასტურებს (6%-იანი კლება IRI-ს წინა კვლევასთან შედარებით);
  • მიუხედავად იმისა, რომ ერთად ოპოზიციურ პარტიებს, ამ კვლევის მიხედვითაც, აქვთ მეტი პროცენტული მხარდაჭერა და ქართული ოცნების რეიტინგი დაბალია ჯამურად ოპოზიციის რეიტინგზე, ივანიშვილის რეჟიმის უზარმაზარი ფინანსური რესურსების (მათ შორის, „შავი“ და რუსული ფულის), არჩევნების გაყალბების და ძალადობის  მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ცალკე აღებულ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ შესწევს მისი დამარცხების უნარი;
  • ჩვენ, სამ პარტიას, რომლებმაც ერთიანობის კამპანია წამოვიწყეთ, კონსოლიდაციის შემთხვევაში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვიდგას (კვლევის მიხედვით, ჯამურად 7%, ხოლო მეორე არჩევანის შემთხვევაში-8%). ეს კვლევაც ამას აჩვენებს,  მაგრამ ეს არ არის საკმარისი ანტიდასავლური და, შესაბამისად, პრორუსული რეჟიმის დასამარცხებლად. საჭიროა, ჯერ კიდევ „ცოცხალი“, იმ ოპოზიციური პარტიების სრულად გაერთიანება, რომლებიც არ თანამშრომლობენ ქართულ ოცნებასთან და არ ატყუებენ ქვეყნის მოსახლეობას, რომ ასეთი თანამშრომლობით შესაძლებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მომავალი წლის ბოლოს;
  • ეკონომიკური ხასიათის პრობლემები (უმუშევრობა, სიღარიბე, გაზრდილი ფასები) კვლავ რჩება მოქალაქეთა მთავარ გამოწვევად. სწორედ დასავლეთისკენ სწრაფი ნაბიჯით სვლა არის ამ პრობლემების მოგვარების ყველაზე ეფექტური გზა. სწორედ ევროკავშირი და ნატოა ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური წინსვლის გარანტია, რასაც წინ ეღობება პრორუსული ქართული ოცნება.  სწორედ ამიტომ არის აუცილებელი 12 პუნქტის უპირობო და რეალური შესრულება. პრორუსული ქართული ოცნება კი, არათუ არ ასრულებს რეკომენდაციებს, არამედ საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, რომლებიც პირიქით, გვაშორებს კანდიდატის სტატუსს და გვიკლავს ყველანაირ ევროპულ პერსპექტივას:
    • მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეყვანა, რაც ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების შესახებ მუხლს და 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას
    • ე.წ. დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონის გადმოღება, რომელზეც წინასწარ ცნობილია, რომ არ ჩაითვლება დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტის შესრულებად
    • ბუტაფორიული ახალი ანტიკორუფციული ორგანოს შექმნა, რომელზეც ასევე წინასწარაა ცნობილი, რომ არ ჩაითვლება შესაბამისი პუნქტის შესრულებად
    • ნიკა გვარამიას ციხეში ჩასმა, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი და პლურალისტული მედია გარემოს შესახებ არსებულ პუნქტს და სხვა;
  • ფაქტია, რომ პარტიული ინტერესებით მოქმედი ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ ახერხებს შესთავაზოს გამოსავალი მოსახლეობას, მათ შორის ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად, რადგან გაუგებარია, როგორ შეძლებს ესა თუ ის პარტია ინდივიდუალურად პრორუსული რეჟიმის დამარცხებას, ძალაუფლების მოპოვებას და ამ პრობლემების მოგვარებას. ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციური ფლანგის სწრაფი კონსოლიდაციაა. წინასაარჩევნოდ, 3 ან 4 თვით ადრე ხელოვნური გაერთიანება,  გამოიწვევს პროცესისადმი უნდობლობას და ივანიშვილის მმართველობის გახანგძლივებას.

სინამდვილეში, არანაირი კვლევა არაა საჭირო იმისთვის, რომ დავინახოთ სად ვართ. საკმარისია გავესაუბროთ  ქუჩაში გამვლელებს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები დასავლეთში, ჩვენგან ელოდებიან ერთობას, პირადი ინტერესების გვერდზე გადადებას, პასუხისმგებლობის აღებას და ხელისუფლების ცვლილებას. ერთობა, ეს არის ფორმულა, რომელიც ამარცხებს პრორუსულ რეჟიმს, აერთიანებს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და გარანტირებულად მოაპოვებინებს ქვეყანას კანდიდატის სტატუსს.

გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებელი

ელენე ხოშტარია- “დროა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე- “გირჩი მეტი თავისუფლება

გიორგი ვაშაძე – ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროევროპელმა/პროდასავლელმა მოვძებნოთ ერთიანობის ის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელზეც ავაგებთ ჩვენს სამომავლო სამოქმედო გეგმას იმისთვის, რომ საქართველომ ისტორიული შანსი გამოიყენოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარეებმა გიორგი ვაშაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ საერთო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც 19-21 ოქტომბრის ვიზიტის შესახებ ისაუბრეს. გიორგი ვაშაძის თქმით სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ჩანს მზაობა ევრორეკომენდაციების შესრულების მიმართულებით და აქედან გამომდინარე კომისია, რომელიც დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო საქართველოში დიდი ალბათობით აღარ ჩამოვა. ვაშაძის აზრით ახლა დროა ყველა პროევროპელი და მედასავლეთე ადამიანი გაერთიანდეს, რადგან სრულფასოვნად მოხდეს რეკომენდაციების შესრულება და საქართველოს მხრიდან მოხდეს იმ ისტორიული შანსის გამოყენება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს

„გასულ კვირას ზურა ჯაფარიძესთან ერთად მქონდა ვიზიტი ბრიუსელში, სადაც მონაწილეობა მივიღეთ ,,ALDE”-ს ლიდერთა სამიტზე. ეს ის ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფია, რომელმაც ჩვენი ინიციატივით ივნისამდე ღია მხარდაჭერა გამოხატა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პარალელურად, ჩვენ გავმართეთ შეხვედრა ევროკავშირის აღმასრულებელ რგოლებში, სწორედ იმ დეპარტამენტებთან, ადამიანებთან და ხელმძღვანელებთან, ვინც უშუალოდ მუშაობს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და მინდა წარმოგიდგინოთ შედეგები, რომელიც თვალსაჩინოა ამ შემთხვევაში:

  1. 2022 წლის ივნისში, საქართველოს ჰქონდა ყველა შანსი, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად მიგვეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ ამ შანსის რეალიზება არ მოხდა იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები და უფრო მეტიც, გადადგა ნაბიჯები, რომელმაც გამოიწვია უარყოფითი შედეგები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
  2. მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ გვაქვს დარჩენილი შანსი იმისა, რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა სამწუხაროდ გზას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას არ მიგვიყვანს ევროკავშირამდე იმიტომ, რომ კონკრეტულად არ ჩანს პოლიტიკური ნება მათი მხრიდან დემოკრატიული რეფორმების განხორციელების და იმ სხვა ძირითადი რეფორმების, რომელიც არის 12 პუნქტიან რეკომენდაციაში მოცემული.

რა არის ეს რეფორმები?!: ეს არის საარჩევნო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩათვლით; ეს არის მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმა; ეს არის მედიასთან დაკავშირებული რეფორმა და ამასთან აბსოლიტურად ყველა შეხვედრაზე დასმული იყო საკითი ნიკა გვარამიას განთავისუფლებასთან დაკავშირებით. იცით, რომ ევროპარლამენტმა ცალკე ამას რეზოლუციაც კი მიუძღვნა; ასევე ეს არის ანტიკორუფციული და სხვა მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც განსახორციელებელია.

უფრო მეტიც, სამწუხაროდ დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც პარლამენტში დაარეგისტრირა „ქართულმა ოცნებამ“, არის პირდაპირ ნეგატიური შეფასების საფუძველი ევროკავშირის მხრიდან, რადგან არ შეესაბამება იმ 12 პუნქტიან მოწოდებებს და მისწრაფებებს, რომელიც მოცემულია დოკუმენტში.

შესაბამისად, ჩვენ დარჩენილი გვაქვს შანსი, მაგრამ დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება იმიტომ, რომ ისინი ვერ ხედავენ პროგრესს ამ რეფორმების მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროევროპელმა/პროდასავლელმა მოვძებნოთ ერთიანობის ის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელზეც ავაგებთ ჩვენს სამოქმედო გეგმას მომავალში იმისთვის, რომ საქართველომ ისტორიული შანსი გამოიყენოს.

დიახ ეს ისტორიული შანსი გვაქვს, რომელიც ერთხელ უკვე გაშვებული იქნა „ქართული ოცნების“ მხრიდან. დღეს სრული მხარდაჭერა გვაქვს ქართველ ხალხს, დემოკრატიულ ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და ყველა მედასავლეთეს საქართველოში, მაგრამ ამ შანსს უნდა რეალიზება და მაგალითი. როგორი მუშაობა არის საჭირო ნამდვილად იყო ნახსენები ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის სახით. ჩვენ ერთობლივი სამოქმედო გეგმა გამოვაქვეყნეთ 12 პუნქტთან დაკავშირებით.

და ბოლოს, ყველაზე კატასტროფულად შეფასებული არის დასავლეთზე თავდასხმები, ომში დადანაშაულება, თითქოს ომის დაწყება უნდა ვინმეს საქართველოში. ეს არის ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ნეგატიურად სდევს საქართველოსთვის მისაღებ დაკავშირებას“ – გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე – ევროპელ პარტნიორებს გული შესტკივათ, რადგან ძალიან დიდი ენერგია, დრო და ინვესტიციაა ჩადებული, რომ საქართველო ყოფილიყო ევროპული კუნძული ევრაზიის გზაგასაყარზე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” და ,,გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერებმა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება იყო.

გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრებზე მთავარი სათქმელი იყო ის, რომ ქართველი ხალხის სურვილში არაფერი შეცვლილა და მოსახლეობას სურს ევროპის ნაწილი გახდეს.

“ბრიუსელში დღეს შეხვედრა გვქონდა მიხაილ ზიბერტთან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორთან რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს საკითხებში.

ვისაუბრეთ საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე, რომელთა შეუსრულებლობაზეც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გული შესტკივათ, რადგან ძალიან დიდი ენერგია, დრო და ინვესტიციაა ჩადებული, რომ საქართველო ყოფილიყო ევროპული კუნძული ევრაზიის გზაგასაყარზე, რაც სამწუხაროდ, არაა რეალიზებული და ამას ღიად ამბობენ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე – ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, „ქართული ოცნების“ არჩევანია – მოსკოვი

ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, “ქართული ოცნების” არჩევანი არის მოსკოვი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.

გიორგი ვაშაძის თქმით, მათი მთავარი მიზანია საქართველო არ ასცდეს ევროპისკენ გზას და კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ.

„ ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, სწორედ ამით განვსხვავდებით ჩვენ ,,ქართული ოცნებისგან”, ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, “ქართული ოცნების” არჩევანი არის მოსკოვი. რაც შეეხება ევროპელების გზავნილებს, ისინი სამწუხაროდ, ვერ ხედავენ პოლიტიკურ ნებას მმართველ ძალაში.

ხაზგასმით ვამბობ, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს უფრო რთული რეფორმები უფრო მოკლე ვადაში შეუსრულებია და ამ რაღაც გარჩევებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი.

ჩვენ შევხვდით საგარეო უწყებას, ბატონ რუფს, შევხვდით იმ ჯგუფს, რომელმაც 12 რეკომენდაცია მოამზადა, იმ ადამიანებს, რომლებიც კვლავ დიდი წუხილით ამბობენ, რომ 12 პუნქტის გაცემის შემდგომ გავიდა თვეები, მაგრამ შედეგი კვლავ არ ჩანს.

ეს შედეგი პირველ რიგში ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ უნდა აჩვენოს. ჩვენ, ოპოზიცია გუშინ შევედით და მხარიც კი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამით ვაჩვენეთ კონსტრუქციულობა”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე – ALDE ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფია, რომელმაც ჩვენი ინიციატივით დუბლინში მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

პარტია „სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დღეს, დღეს Aldes ლიდერებს შეხვდნენ.

გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ალდე“ სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ეს მათ სამომავლო ნაბიჯებშიც კონკრეტულად აისახება.

„პირველი, ALDE ეს არის ევროკავშირის მმართველი კოალიციის ნაწილი, სიდიდით მესამე ჯგუფი, ევროკავშირში.

მეორე, ALDE ეს არის პირველი და ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც ივნისის გადაწყვეტილებამდე, ჩვენი ინიციატივით დუბლინში ღიად მხარი დაუჭირა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის.

მესამე – ALDE ეს არის ჯგუფი, რომელიც ჩვენ მოგვეხმარება ვაიძულოთ “ქართული ოცნება” 12 პუნქტი შეასრულოს და ეს ნიშნავს, როგორც ევროპარლამენტში მუშაობას, ასევე ევროკომისიაში, რაც მთავარია ძალიან კარგად ესმით მათ ლიდერებს, ევროპარლამენტარებს, მთელი ამ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ დღეს საქართველოში, მიდის რუსული დეზინფორმაციული კამპანია, როდესაც გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთან დაკავშირებული პირები და პირდაპირ ხელს ადებენ დასავლეთს, ამერიკას და ევროპას თითქოს და საქართველოში ომი უნდათ, თანაც მაშინ, როდესაც ამხელა ინვესტიცია არის ჩადებული საქართველოში ევროკავშირის მხრიდან. ეს ძალიან შემაშფოთებელია ჩვენი პარტნიორებისთვის, ვინც ALDE-ში არიან, ამიტომ ყველანაირად მხარში გვიდგანან ჩვენ, ქართველ ხალხს პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას, ჩვენს ევროპულ გენეტიკას იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ.

სრული მხარდაჭერა ექნება ყველა იმ პოზიტიურ ინიციატივას, რომელიც ჩვენგან იქნება და ამას თქვენ დაინახავთ ევროპარლამენტში, ოფიციალურ განცხადებებში მომავალ პერიოდში და ამაზე ვმუშაობთ სწორედ ამ შეხვედრაზე” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე ბრიუსელში ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის” და „გირჩი-მეტი თავისუფლების” თავმჯდომარეებმა, ბრიუსელში შეხვედრა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან გამართეს.

კაია კალასსთან გამართულ შეხვედრაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ვაშაძის თქმით, ბალტიისპირა ქვეყნების მხარდაჭერას „ქართული ოცნება” მიზანმიმართულად არ იყენებს.

„ბრიუსელში შეხვედრა გავმართეთ ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან კაია კალასსთან. მოგეხსენებათ ტრადიციულად ესტონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ინტერესი ყოველთვის დიდია ბალტიისპირა ქვეყნების, თუმცა სამწუხაროდ ამ რესურსს რასაც ჰქვია ბალტიისპირა ქვეყნების მეგობრობა და მხარდაჭერა, „ქართული ოცნება” მიზანმიმართულად არ იყენებს და არ მუშაობს ამ მიმართულებით. როგორც „ალდე” ჯგუფის სხვა წევრები, ასევე ესტონეთიც რჩება ქართველი ხალხის მხურვალე გულშემატკივრად ევროინტეგრაციის საკითხებში და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას. მკაფიოდ მინდა ვთქვა ევროპის შუაგულიდან, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა, ბრიუსელი, ხოლო პრორუსული „ქოცნების” არჩევანია მოსკოვი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე  და ზურაბ ჯაფარიძე ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერებმა ბრიუსელში მორიგი შეხვედრა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან გამართეს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ბელგიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე მხარდაჭერა. გიორგი ვაშაძის თქმით, ამ ისტორიულ დროს უმოქმედობა დანაშაულია, რადგან თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ევროპის ქვეყნების მყარი მხარდაჭერა აქვს.

“ბელგიის პრემიერთან ალექსანდერ დე კროასთან შეხვედრამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენი ორი ერის მეგობრობაზე. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მომავალზე იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველომ. ბელგია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის დიდი მხარდამჭერია, მაგრამ ასევე აღსანიშნავია ,,ქართული ოცნების” უმოქმედობა ამ ისტორიულ მომენტში მაშინ, როდესაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა, სწორედ ამ ქვეყნების რიგებში შედის ბელგიაც”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის” და „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერებმა ბრიუსელში შეხვედრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან გამართეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ნიდერლანდები რჩება საქართველოს მხარდამჭერად ევროინტეგრაციის პროცესში. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ევროპელები აღშფოთებულები არიან „ქართული ოცნების” ქმედებებით და განცხადებებით ევროპარლამენტარების და დასავლელი პარტნიორების მიმართ.

„აღსანიშნავია შეხვედრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს და ქართველ ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მან ასევე ისაუბრა ჩვენი, ორი ქვეყნის ისტორიაზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ევროპელი ლიდერები აღშფოთებულები არიან “ქართული ოცნების” ქმედებებით და იმ განცხადებებით, რასაც ხელისუფლება და მისი გარემოცვა აკეთებს ევროპარლამენტარებზე და დასავლელ პარტნიორებზე.

მან კიდევ ერთხელ წარმატება უსურვა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად და ქართველ ერს მხარდაჭერა გამოუცხადა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე  და ზურაბ ჯაფარიძე ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერებმა, გიორგი ვაშაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელში მორიგი შეხვედრა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან გამართეს. ქსავიე ბეტელთან შეხვედრაზე ლუქსემბურგის მხრიდან მკაფიო და მყარი მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით.

გიორგი ვაშაძის განცხადებით,“ სამწუხაროდ უკვე მეორედ, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოდან ნაკლებია ინტერესი ევროინტეგრაციის საკითხზე და ეს “ქართული ოცნების” “დამსახურებაა“.

“დღეს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელთან. ახლა უკვე მეორე ჯერზე, ვინაიდან, მას რამდენიმე თვის წინ შევხვდით დუბლინში. მისი პოზიცია უცვლელია და ინტერესი ძალიან დიდი საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით, რადგან ლუქსემბურგი მყარად რჩება ჩვენი ქვეყნის მეგობრად.

სამწუხაროდ, უკვე მეორედ, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოდან ნაკლებია ინტერესი ევროინტეგრაციის საკითხზე და ეს “ქართული ოცნების” დამსახურებაა. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ხალხი და ეს ქვეყანა არის საქართველოს გულმხურვალე მეგობარი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.