გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის” და „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერებმა ბრიუსელში შეხვედრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან გამართეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ნიდერლანდები რჩება საქართველოს მხარდამჭერად ევროინტეგრაციის პროცესში. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ევროპელები აღშფოთებულები არიან „ქართული ოცნების” ქმედებებით და განცხადებებით ევროპარლამენტარების და დასავლელი პარტნიორების მიმართ.

„აღსანიშნავია შეხვედრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს და ქართველ ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მან ასევე ისაუბრა ჩვენი, ორი ქვეყნის ისტორიაზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ევროპელი ლიდერები აღშფოთებულები არიან “ქართული ოცნების” ქმედებებით და იმ განცხადებებით, რასაც ხელისუფლება და მისი გარემოცვა აკეთებს ევროპარლამენტარებზე და დასავლელ პარტნიორებზე.

მან კიდევ ერთხელ წარმატება უსურვა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად და ქართველ ერს მხარდაჭერა გამოუცხადა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *