გიორგი ვაშაძე – მივმართავ პრეზიდენტს, ექსპერტული შეფასებების დრო არ არის – შეწყალების მექანიზმი გაქვთ იმისთვის, რომ ეს მძიმე ვითარება განიმუხტოს და მართლაც წავიდეთ ევროკავშირისკენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანმა” (ALDE) მიიღო რეზოლუცია, რომელმაც აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა, რომ საქართველომ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტი უნდა შეასრულოს.

ამასთან, გიორგი გაშაძემ პრეზიდენტს მოუწოდა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალოს, ეს მძიმე ვითარება განიმუხტოს და “მართლაც წავიდეთ ევროკავშირისკენ”.

„ჩვენ რომ ევროპული ხელისუფლება გვყავდეს, 3-4 წელიწადში აბსოლუტურად რეალურია, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისევე, როგორც უკრაინა და მოლდოვა. სწორედ ამისთვის კონკრეტული მიმართვა და გზავნილებია ALDE-ს რეზოლუციაში. 1. სრული მხარდაჭერა საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ 12-დან 12-ვე რეკომენდაცია სრულფასოვნად უნდა შესრულდეს. 2. პირველად, პირდაპირ და მკაფიოდ არის ნათქვამი, თუ რა უშლის ხელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს არის “ქართული ოცნების” და კონკრეტულად მისი ლიდერის, ირაკლი კობახიძის რუსული დეზინფორმაციული კამპანიისთვის დამახასიათებელი გზავნილების გავრცელება, შეურაცხმყოფელი თავდასხმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე, ევროპარლამენტარებზე, ევროპელ ინსტიტუტებზე და ასევე, ომში ჩათრევასთან დაკავშირებით რუსული “ფსბ”-ს გზავნილების სისტემატური გამეორება, რაც ხელს უშლის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასევე, პირდაპირი მოწოდება არის, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ივანიშვილის გავლენების შემცირებას სასამართლო, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე. 3. ALDE დაიწყებს მუშაობას იმისთვის, რომ ადამიანები, ვინც სისტემურად, „ქართული ოცნების” საფარქვეშ არღვევენ ადამიანის უფლებებს საქართველოში, შეეზღუდოთ ევროკავშირში გადაადგილების უფლება. ასეთია რადიკალური ჯგუფის „ალტ ინფოს” ხელმძღვანელი, კონსტანტინე მორგოშია. გარდა ამისა, ფაქტობრივად, პირდაპირი გზავნილია „კლანის” ყველა წევრ მოსამართლეებზე, რომ თუ ასე გააგრძელებთ, ევროკავშირის კარები დაიხურება, პირველ რიგში, ამის განხილვა მოხდება ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეზე, ლაშა ჩხიკვაძეზე, რომელმაც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო”,-განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, რეზოლუციაში საუბარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და იმ მიმართვაზე, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალოს.

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ექსპერტული შეფასებების დრო არ არის, დრო არის, რომ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან. შეწყალების მექანიზმი გაქვთ იმისთვის, რომ ეს მძიმე ვითარება განიმუხტოს და მართლაც წავიდეთ ევროკავშირისკენ. ქალბატონო სალომე, ჯერი თქვენზეა, შეიწყალეთ ეს ორი ადამიანი, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზისკენ”,-განაცხადა ვაშაძემ.

სერგო ჩიხლაძე – ALDE-ს კონკრეტული გზავნილი აქვს  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართ – შეწყვიტოს რუსული დეზინფორმაციის გავრცელება

ALDE-ს აქვს კონკრეტული მოწოდება და მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ, „ალდეს“ მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციაში კონკრეტული გზავნილია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართ, რომ შეწყვიტოს რუსული დეზინფორმაცია, რომელსაც ის აწარმოებს.

„ALDE-ს პოლიტიკურმა ჯგუფმა „სტრატეგია აღმაშენებლის” ინიციატივით მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია კონკრეტული გზავნილებით. პირველი – ALDE მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროკავშირში მისწრაფებას. მეორე – მნიშვნელოვანი გზავნილი ბრატისლავიდან ეკუთვნის საქართველოს მთავრობას, რომ შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, შეწყვიტოს დასავლეთის დადანაშაულება ომში ჩართვაზე. რეზოლუციაში ასევე ნახავთ კონკრეტულ გზავნილს ირაკლი კობახიძის მიმართ, რომ შეწყვიტოს რუსული დეზინფორმაცია, რომელსაც ის აწარმოებს. ასევე, კონკრეტული გზავნილია, რომ მაგალითად, ისეთ მოძალადეებს და პრორუსებს, როგორებიც არიან მორგოშია და ასევე, 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, ევროკავშირში შესვლა აეკრძალოთ. ასევე აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა ლაშა ჩხიკვაძეს, რომელიც არის გვარამიას საქმის მოსამართლე. „ალდეს“ აქვს კონკრეტული მოწოდება და მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ის ძირითადი გზავნილები კონკრეტული სახელებით და გვარებით, კონკრეტული მოწოდებებით ევროკავშირიდან საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას”, – სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ALDE-მ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, მიიღო

გიორგი ვაშაძე ALDE-ს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე – თუ რეკომენდაციები შესრულდება, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და ALDE-ს მიერ შემუშავებული ახალი რეზოლუცია, რომელსაც კენჭი დღეს ბრატისლავაში ეყარა, მიღებულია.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ თუ რეკომენდაციები შესრულდება, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია მიღებულია ALDE-ს მიერ. ორგანიზაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი ამ პოზიციებს.

რეზოლუციაში გზავნილია ქართველი მოსახლეობის მიმართ, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, უბრალოდ, თორმეტიდან თორმეტივე რეკომენდაციაა შესასრულებელი.

ასევე, პასუხი კითხვაზე თუ ვინ უშლის ხელს და ვინ ახდენს საბოტაჟს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში? – ეს არის კობახიძე, რომელიც კონკრეტულად ჩაწერილია ამ რეზოლუციაში და ეს არის “ქართული ოცნება”, რომელიც რუსული დეზინფორმაციის დამახასიათებელ გზავნილებს უშვებს ომთან დაკავშირებით და აღვირახსნილ თავდასხმას ეწევა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე და სწორედ ეს უშლის ხელს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, ყველას ვინც არის პრორუსი, ვინც მასიურად არღვევს ადამიანის უფლებებს, ექნებათ შეზღუდვები და მათთვის დაიხურება ევროკავშირის კარი, მათ აღარ ექნებათ უფლება მომავალში ევროკავშირში შესვლის და ეს, გზავნილია ყველასთვის.

რეზოლუციაში ორი კონკრეტული გვარია მორგოშია და ჩხიკვაძე. ALDE იზრუნებს, რომ მათთვის ევროკავშირში გადაადგილების უფლება დაიხუროს და ეს არის გზავნილი აბსოლუტურად ყველასთვის.

რაც მთავარია, რეზოლუციაში არის კონკრეტული გზავნილი საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას შეწყალება. დრო აღარ ითმენს ჩვენი ევროპელი პარტნიორები კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან.

და ბოლოს, გზავნილი ქართველ ხალხს – მთელი ევროპა ჩვენს გვერდით დგას და ელოდებიან ჩვენს დიდ ერთიანობას იმისთვის, რომ საქართველომ შეაბიჯოს ევროპულ ოჯახში, რომელიც არის ჩვენი განვითარების მთავარი ფუნდამენტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ALDE-მ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

ALDE-მ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, მიიღო.

„ALDE აღიარებს: რომ 2022 წლის, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ALDE მკაცრად გმობს: მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას და ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა. აღნიშნულ ბრალდებებს არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან და იმეორებს რუსულ რიტორიკას. პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებს კრიტიკული მედია საშუალებებისა („ფორმულა“, „TV პირველი“, „მთავარი“) და მათი მფლობელების წინააღმდეგ; ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, რაც ასევე აღნიშნულია, როგორც პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მაგალითი, 2022 წლის 8 ნოემბრის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში.

ALDE მოუწოდებს რომ: ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი კომისიის მიერ დადგენილი თორმეტიდან 12-ვე პუნქტის შესრულების შემდგომ. ევროკომისიამ დააჩქაროს საქართველოს შეფასების პროცესი კონკრეტული კრიტერიუმებისა და ვადების დაწესებით. მმართველმა პარტიამ და საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას დეოლიგარქიზაციისკენ და აღმოფხვრას ბიძინა ივანიშვილის გავლენები საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სასამართლო სისტემაზე, სამართალდამცავ ორგანოებსა და პარლამენტზე; ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აუკრძალონ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართულ ფიზიკური პირებსა და ჯგუფებს: რადიკალური ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ლიდერსა და დამფუძნებელს -კონსტანტინე მორგოშიას, რომელიც პასუხისმგებელია მედიის წარმომადგენლებისა და უმცირესობათა ჯგუფების მიმართ განხორციელებული ძალადობის ორგანიზებაზე 2021 წლის 5-6 ივლისს; მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილება და შეიწყალოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია “მთავარის” მედია-მენეჯერი ნიკა გვარამია, როგორც პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციისა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯები.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეწყვიტოს შეურაცხმყოფელი, სიტყვიერი თავდასხმები ევროკავშირის ინსტიტუტებზე და ევროპარლამენტის წევრებზე. ასეთი თავდასხმები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ბრატისლავაში ALDE-ს პრეზიდენტს ილჰამ კიუჩიუკს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა ბრატისლავაში, ALDE-ს პრეზიდენტთან ილჰამ კიუჩიუკთან შეხვედრა გამართეს.

გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ ევროპარლამენტართან საქართველოს ევროინტეგრაციის და 12 პუნქტის საკითხზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ALDE-ს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ სამომავლო ურთიერთობასაც.

„შევხვდით ALDE-ს პრეზიდენტს, ილჰამ კიუჩიუკს. ვისაუბრეთ ALDE-ს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემდგომ თანამშრომლობაზე, განვიხილეთ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი და 12 პუნქტის შესრულების პერსპექტივები. ასევე, მომავალი წლის დასაწყისში დაიგეგმა ALDE-ს ორივე პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში.

ALDE-ს ლიდერებისა და ევროპარლამენტარების მხრიდან კი გაგრძელდება ის უპრეცედენტო მხარდაჭერის კამპანია, რაც ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ცოტა ხნის წინ წამოიწყეს “, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე – შეხვედრა გავმართეთ ნიდერლანდების პოლიტიკური პარტია “D66”-ის საერთაშორისო მდივანთან, მიეს ბოსისთან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები, გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ნიდერლანდური პოლიტიკური პარტიის, “D66”-ის საერთაშორისო მდივანს, მიეს ბოსის შეხვდნენ. 

როგორც ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აღნიშნული პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს.

„D66“ ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ღიად, მკაფიოდ, მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და არის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერის კუთხით ევროკავშირის გაფართოებაზე. თუმცა, მათთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეასრულოს თორმეტივე პუნქტი და არ არის საკმარისი, მხოლოდ და მხოლოდ, ზედაპირული მუშაობა.

ეს არის მესიჯი, რასაც ჩვენ ვიღებთ და ამიტომაც ვრთავთ განგაშის ზარს, რომ 12 პუნქტი უნდა შესრულდეს სრულფასოვნად, პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდნენ, მართლმსაჯულებაში რეალური რეფორმები უნდა განხორციელდეს და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად სრული მხარდაჭერა გვექნება. თუ ეს არ მოხდება, სამწუხაროდ, ჩვენ შეიძლება კვლავ ცუდი შედეგი მივიღოთ 2023 წლის დასასრულს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე – ლაურა გრონენდაალთან ვისაუბრეთ იმ ბერკეტებზე, რაც ევროკავშირის წევრ პარტიებს საქართველოს დასახმარებლად აქვთ

ლაურა გრონენდაალთან ვისაუბრეთ იმ ბერკეტებზე, რაც ევროკავშირის წევრ პარტიებს აქვთ საქართველოს დასახმარებლად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ნიდერლანდების მმართველი პარტიის საერთაშორისო მდივანთან, ლაურა გრონენდალთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაშაძე განმარტავს, ნიდერლანდების მმართველი პარტიის, VVD-ის საერთაშორისო მდივანთან ლაურა გრონენდაალთან შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.

„ვისაუბრეთ ორ ძირითად თემაზე – პირველი, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და იმ ბერკეტებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარტიებს აქვთ ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად, რაც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად ლობირებას და რეკომენდაციების შესრულებაში დახმარებას. საუბრის მეორე საკითხი იყო ორმხრივი ურთიერთობები ,,სტრატეგია აღმაშენებელსა“ და ,,VVD”-ს შორის. ასევე დაიგეგმა ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების ნაბიჯები, მათ შორის მემორანდუმის გაფორმება და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ბრატისლავაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ.

გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ პირველი შეხვედრა ნიდერლანდების მმართველი პარტიის საერთაშორისო მდივანთან ლაურა გრონენდალთან გამართეს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს და ნიდერლანდების მმართველი პარტიისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორმხრივ ურთიერთობებს. ამასთან, განმარტავენ, რომ ოპოზიციური პარტია რამდენიმე დღის მანძილზე სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრებს ბრატისლავაში განაგრძობს.

პაატა მანჯგალაძე – ალუდა ღუდუშაური თავიდან ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა, „დავგუგლე“ და საერთოდ ვერაფერი გავიგე ვინ იყო იქამდე, ვიდრე პარლამენტის წევრი გახდებოდა

ილია ჭავჭავაძე ამბობდა, უმოძრაო წყალში ჭია-ჭუა და ქვეწარმავლები იციანო, ზუსტად ამ უმოძრაო წყალში გაჩენილი ქვემძრომები და ჭია -ჭუები არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე „სტრატეგია აღმაშენებელზე” უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავდასხმის სამიზნე იმის გამო გახდნენ, რომ „ქართული ოცნება” ამხილეს.

„ჩვენ გავხდით სამიზნე არამხოლოდ იმის გამო, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცესს გამოვუცხადეთ უნდობლობა, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ ვამხილეთ ის შეთქმულება, რომელშიც ჩართულია „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები. „ქოცურად“ პატრიოტიზმი არის დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა, იმ ოპოზიციაზე, რომელიც ნატო-ში და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციას უჭერს მხარს. ვაშაძეზე გაკეთებულ განცხადებებს რაც შეეხება, ალუდა ღუდუშაური თავიდან ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა, „დავგუგლე“ და საერთოდ ვერაფერი გავიგე ვინ იყო იქამდე, ვიდრე პარლამენტის წევრი გახდებოდა. რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ის არის ორი წარმატებული რეფორმის ავტორი საქართველოში და უკრაინაში. როცა ღუდუშაური ვაშაძეს აკრიტიკებს, უნდა ვნახოთ, ვის რა გაუკეთებია და ეს ხდება იმის გამო, რომ ყოველდღიურად ამხელს „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმ შეთქმულებას, რაშიც მონაწილეობს „ქართული ოცნება” რუსეთთან ერთად“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, როგორც სამთვიანი სამუშაო პროცესიდან ვერ გამოიტანა ოპოზიციამ ვერაფერი, ისე ვერ გამოიტანს ოპოზიცია შედეგს ამ მოლაპარაკებებიდან, რომელიც ომბუდსმენის კანდიდატურასთან დაკავშირებით იმართება.

„მათთან არ ჭრის არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტი, მათ აქვთ ერთი მიზანი, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნონ ხელისუფლება და ამისთვის მზად არიან სული მიყიდონ ლუციფერს ანუ რუსეთს. ხელს მოაწერენ ყველაფერზე, ახლა ამოიჩემეს სლოგანი “მშვიდობა” (“მშვიდობის ქალაქი”). “ქოცური” და მონური მშვიდობა კი არ სჭირდება საქართველოს, მას სჭირდება მშვიდობა, რაც გარანტირებული იქნება ნატოს და ევროკავშირის ძალისხმევით. იცით ცარიელი მშვიდობა რა არის, რას ამბობდა ილია ჭავჭავაძე, რომ უმოძრაო წყალში ჭია- ჭუა და ქვეწარმავლები იციან, ზუსტად ამ უმოძრაო წყალში გაჩენილი ქვემძრომები და ჭია – ჭუები არიან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

„დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლისა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარეებმა ქუთაისში შეხვედრა გამართეს

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 პუნქტი – ამ საკითხებზე იმსჯელეს საჯარო შეხვედრაზე „დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლისა” და „გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარეებმა ქუთაისში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

გიორგი ვაშაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ დამსწრეებს ევრორეკომენდაციების შესრულების მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნეს, რის შემდეგაც დისკუსიის ფორმატში შეკრებილების მოსაზრებები მოისმინეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

„სტრატეგია-აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარეები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ

სამი პოლიტიკური პარტიის – „დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლის” და „გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარეები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, თემაზე – “ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 პუნქტი“ საჯარო შეხვედრას მართავენ.

ისინი დამსწრეებს ევრორეკომენდაციების შესრულების მიმართულებით საკუთარ ხედვას გააცნობენ, რის შემდეგაც დისკუსიის ფორმატში მათ მოსაზრებებს მოისმენენ და კითხვებს უპასუხებენ.

“ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული და მკაფიო არჩევანი – ევროპა ან რუსეთი. პროევროპულობა არის პროქართველობა, პრორუსულობა არის რუსობა და არა ქართველობა. შესაბამისად, გამოსავალს, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ვხედავთ ერთობაში პროევროპულ ფლანგზე. ბევრი შეკითხვაა, ბევრს უნდა პროცესში ჩაერთოს და ბევრი ადამიანი მოვიდა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს პროცესში”,- განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.