სტრატეგია აღმაშენებელი

სოფლის მეურნება, სტრატეგია აღმაშენებელი

 

 

 

სოფლის მეურნეობის განვითარების ქართული მოდელი

 

2019 წელი

სარჩევი

 

  1. შესავალი. 3
  2. სოფელი დღეს (არსებული მდგომარეობა ციფრებში) 5

III.     რა არის პრობლემის გამომწვევი მიზეზები. 8

  1. საერთაშორისო გამოცდილება. 13
  2. სოფლის მეურნეობის განვითარების ქართული მოდელი. 25
  3. ქართულ აგრარულ სექტორში თანამედროვე გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები 26

VII.   სოფლის მეურნეობის ლოგისტიკური ჯაჭვის აწყობა ნიდერლანდების გამოცდილების გათვალისწინებით.. 40

VIII.    სახელმწიფოს როლი სოფლის მეურნეობების განვითარებაში.. 49

 

 

  1. შესავალი

საქართველოს დიდი აგრარული პოტენციალი გააჩნია. თბილი კლიმატი, ზომიერად ნოტიო ჰავა, უხვმოსავლიანი ნიადაგი და წყალუხვი მდინარეები საშუალებას გვაძლევს წაარმატებით განვავითაროთ სოფლის მეურნეობის ყველა დარგი. აგრარულ სექტორში წარმოებულმა პროდუქციას შეუძლია არამარტო  სრულად დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა, არამედ უზრუნველყოს მზარდი ტურისტული სექტორის საჭიროებები და მისი მსოფლიო ბაზარზე ექსპორტირება. საქართველოს აგრარული პროდუქცია თავისი უნიკალური ბიოთვისებების გამო კონკურენტუნარიანია როგორც ევროპის ისე აზიის აგრარულ ბაზრებისთვის, რადგან არაგენმოდიფიცირებულ, ნატურალურ, ბიოღირებულებებით მდიდარ საკვებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება მსოფლიოში.  ეკოლოგიურად სუფთა საკვებ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნის შესაბამისად მასზე ფასიც მაღალია, რაც მწარმოებელი ქვეყნებისთვის დიდ შემოსავალის წყაროა. ამ მხრივ საქართველოს დიდი პერსპექტივები გააჩნია.

ქართულ სოფელს აქვს პოტენციალი არამარტო ადგილზე დაასაქმოს სოფლის მოსახლეობა, არამედ საქართველო განვითარებადი ქვეყნიდან გადააქციოს აგრარული პროდუქციის იმპორტირებად სახელმწიფოდ (საუკეთესო მაგალითი ნიდერლანდების გამოცდილებაა). ამისათვის საჭიროა სრულად იქნას გამოყენებული ყველა ის რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც სიმდიდრის სახით ჩვენს აგრარულ სექტორშია დაგროვილი (მათ შორის ადგილობრივი ბუნებრივი რესურსები: თერმული წყლები, მზის, ქარის, წყლის ენერგია და ა.შ.) და რომლის მხოლოდ 20%-ს თუ ვიყენებთ დღეს. სოფლის მეურნეობის დარგს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ ადგილობრივი მოხმარების სურსათის ბაზარზე მიწოდების 95% დააკმაყოფილოს.

ძლიერი სოფელიძლიერი სახელმწიფოა. სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია მომავალ თაობებს შეუქმნას უკეთესი პერსპექტივა, ხოლო უფროსი თაობის ჩვენს მოქალაქეებს შესთავაზოს სტაბილური და უზრუნველი სიბერე.

  1. სოფელი დღეს (არსებული მდგომარეობა ციფრებში)

საქართველოში აგრარული სექტორის მდგომარეობა კრიტიკულია. 2012 – 2018 წლებში სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 9.1 %-დან 7.7%-მდე შემცირდა (ცხრ. N1). საქართველოს მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 43.4 % (ანუ 3 მილიონ ჰექტარზე ოდნავ მეტი) ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად, რომლებიც ასევე მოიცავს საძოვრებს და მდელოებს. დანარჩენი ფართობის 43% დაფარულია ტყის საფარით. 802 ათასი ჰა. სასოფლო სამეურნეო სავარგულებიდან დამუშავებულია მხოლოდ 207 ათასი ჰა.  და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება (ცხრ. N2).

2019 წლის მონაცემებით სოფლის 1 539.1 ათასი მაცხოვრებლებიდან  55.7 ათასი ადამიანი უმუშევარია, ხოლო  647.9 ათასი ადამიანი თვითდასაქმებული. მათი საშუალო თვიური შემოსავალი 69.1 ლარს შეადგენს. ეს თანხა მიზერულია და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს სამჯერ ჩამოუვარდება. ჯამში სოფლად მცხოვრები 703.6 ათასი ადამიანი მუდმივად სამუშაოს ძიებაშია. მეორე მაჩვენებელი, რომელიც ასევე თავისუფლად დაიმედების საფუძველს არ გვაძლევს არის ის, რომ 2018 წლის მონაცემებით სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გაყიდვით მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი შინამეურნეობაზე ასევე დაბალია და 57.4 ლარს შეადგენს (ცხრ. N3). შედეგად ვღებულობთ, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ღარიბდება. სოფელი იცლება და სამუშაოს ძიებაში ყოველწლიურად საშუალოდ 12-15 ათასი ადამიანი ტოვებს მას (ცხრ. N4).

ცხრილი N1. მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა (%)

 

2015

2016

2017

2018

სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, ნადირობა და თევზჭერა

9.1

9.0

8.0

7.7

მრეწველობა

16.8

16.4

16.7

17.0

მშენებლობა

7.9

8.5

9.8

9.3

ვაჭრობა

16.7

17.0

17.1

17.0

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

10.5

9.9

10.1

10.2

სხვა

39.0

39.3

38.2

38.8

 

ცხრილი N2. საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები (ათასი ჰა.)

 

2015

2016

2017

2018

ნათესი ფართობი, სულ

263.7

240.0

220.3

207.1

საშემოდგომო კულტურები

56.2

60.5

53.6

54.5

საგაზაფხულო კულტურები

207.5

179.5

166.6

152.7

ცხრილი N3. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი

 

2015

2016

2017

2018

ერთ შინა მეურნეობაზე (ლარი)

68.5

63.0

48.8

57.4

 

ცხრილი N4. სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა წლის დასაწყისისთვის

წელი

სოფლის მოსახლეობა

(ათასი კაცი)

სოფლის მოსახლეობის წილი ქვეყნის მოსახლეობაში (%)

2015

1 586.3

42.6

2016

1 577.1

42.3

2017

1 564.5

42.0

2018

1 554.8

41.7

2019

1 539.1

41.3

 

 

 

  • რა არის პრობლემის გამომწვევი მიზეზები

საქართველოში მოხმარებული სურსათის 80% იმპორტირებულია. რაც იმაზე მიუთითებს, რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე შიდა ბაზრის მოთხოვნის მცირედ ნაწილსაც კი ვერ ვაკმაყოფილებთ, აღარ არის საუბარი სურსათის ექსპორტით გატანაზე. ჩვენს მიერ ყოველდღიურად მოხმარებული ხორბლის – 83%, ბაღჩეული კულტურების – 41%, ხორცის – 58,6%  ქვეყნის საზღვრებს გარედან შემოდის. ასევე იმპორტით შემოდის ისეთი საკვები პროდუქტები, როგორიცაა: კარტოფილი, შაქარი, ბრინჯი, თევზი, კარაქი, კვერცხი, მცენარეული ზეთი, ხილი და სხვა სურსათი (ცხრ. N5).  

რით აიხსნება ქართული აგრარული სექტორის დაბალი მწარმოებლურობა? გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად ძველი აგრარული სისტემა, რომელიც კოლმეურნეობებზე იყო დაფუძნებული მოიშალა. კოლმეურნეობების დაშლის შედეგად წარმოიშვა დიდი რაოდენობით მცირე მიწიანი საოჯახო მეურნეობები, რომლებიც მოკლებული იყვნენ ყოველგვარ სასოფლო სამეურნეო ტექნიკას. ხელის შრომით შექმნილი მსგავსი ნატურალური მეურნეობები გათვლას აკეთებდნენ  საკუთარი ოჯახის საჭიროებებზე და არა ბაზრის მოთხოვნებზე. ქართველი გლეხის მთავარი ამოცანა საკუთარი ოჯახის გამოკვება იყო. ამიტომ სეზონზე მიღებული მოსავალის მხოლოდ მცირედი ნაწილი ხვდებოდა ბაზარზე. მსგავსი მიდგომის შედეგად საოჯახო მეურნეობები უფრო მსხვილ საწარმოებად გაერთიანების ტენდენციას დიდი განვითარება არ მოჰყოლია. ქართული აგრარული სექტორის დაბალი მწარმოებლურობა აიხსნება მისი დაბალი კომერციალიზაციით.

საოჯახო მეურნეობები რიგი ფაქტორების ზეგავლენის გამო ვერ ქმნიან აგრარულ სექტორში სინერგიის ეფექტს. კერძოდ:

  • თავისი ბუნებიდან გამომდინარე საოჯახო მეურნეობების მხრიდან ვერ ხერხდება აგროსექტორში სამუშაოების სპეციალიზაცია. გლეხი ერთდროულად ეწევა მეცხოველეობასაც, მევენახეობასაც, მეხილეობასაც, ასევე ერთწლიანი კულტურების მოვლა-პატრონობასაც. აღნიშნული სამუშაოების წარმოება აგროვადების გათვალისწინებით ხშირ შემთხვევაში არ მოდის ერთმანეთთან თანხვედრაში. შედეგად საქმე გვაქვს დროითი და შრომითი რესურსების არასწორ და ნაკლებადეფექტურ გამოყენებასთან. საოჯახო (გლეხური) მეურნეობები ვერ ქმნიან ეგრეთწოდებული მასშტაბის ეფექტს, რაც შემდგომ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფასშიც აისახება, რომელიც იმპორტირებული ანალოგებისაგან საკმაოდ ძვირია და ამის გამო არაკონკურენტუნარიანი.
  • მცირე წარმადობის პირობებში საოჯახო მეურნეობებისათვის პრობლემას წარმოადგენს საკუთარი პროდუქციის რეალიზება. არ არსებობს ერთიანი ლოგისტიკური ჯაჭვი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს მწარმოებელს, გადამამუშავებელს და მომხმარებელს. რაც ქმნის აგრარული პროდუქციის ბაზარზე დეფიციტს, რომელიც იმპორტირებული პროდუქციით ივსება. ამის გამო საოჯახო მეურნეობების შემოსავლები მცირდება, ხოლო მათი დაინტერესება აწარმოონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია სულ უფრო მცირდება.
  • საოჯახო მეურნეობებისთვის სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო აგროტექნიკა არ არის ხელმისაწვდომი მისი მაღალი ფასის გამო, ხოლო ნაქირავები ტექნიკით სარგებლობა არარენტაბელურია.
  • სოფლად კვალიფიციური სპეციალისტების (აგრონომები, ტექნოლოგები, მექანიზატორები, მარკეტოლოგები, ფინანსისტები და სხვა) დეფიციტია და მათი ხელმისაწვდომობა საოჯახო მეურნეობებისთვის მცირეა.
  • საოჯახო მეურნეობების დიდი ნაწილს მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები არ აქვთ რეგისტრირებული. რის გამოც სახელმწიფო პროგრამებში მათი ჩართულობა ნაკლებია რაც მათი მხრიდან სახელმწიფო სერვისების მიღების შესაძლობას ამცირებს.
  • არ არსებობს მოქნილი და ეფექტური აგროდაზღვევის სისტემა, რომელიც აგროსექტორში დასაქმებულ სუბიექტებს დააზღვევს მოუსავლიანი წლისაგან ან სტიქიური უბედურებებისგან.

ყოველივე ზემოთქმულს ემატება ის ფაქტორიც, რომ სოფელი ინფრასტრუქტურულად უფრო ნაკლებად არის განვითარებული ვიდრე ქალაქი. ხშირ შემთხვევაში რაიონული მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში მოსახლეობას პროფესიული სამედიცინო, საბანკო, მომსახურების მიღების საშუალება არ გააჩნიათ. არ არის მოწესრიგებული სოფლამდე მისასვლელი გზები,  სასმელი წყლითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემები. დაბალია საშუალო სკოლებში სწავლების დონე. ფუფუნებას წარმოადგენს ინტერნეტთან წვდომა, ზოგიერთ დასახლებულ პუნქტებში სატელევიზიო არხებით სარგებლობაც კი.

 ცხრილი N5. იმპორტირებული სურსათის ოდენობა

(2018-2019/1წწ.)

NN

საქონლის დასახელება

2018

2019

1 კვარტალი

1

მთლიანი იმპორტი (მილიონი აშშ. დოლარი)

9.123

1995.7

2

სურსათის იმპორტი (მილიონი აშშ დოლარი)

980.3

214.8

3

სურსათის წილი მთლიან იმპორტში (%)

43.1

10.8

4

ა) რაოდენობრივ გამოსახულებაში (ათასი ტონა)

5

ხორბალი

574.9

102.3

6

პურის ფქვილი

14.6

4.3

7

კარტოფილი

18.2

2.4

8

ბრინჯი

11.9

4.5

9

შაქარი

162.8

10.2

10

ხორცი (ფრინველის გარდა)

19.9

4.2

11

ფრინველის ხორცი

49.8

12.6

12

თევზი (დაკონსირვებულის ჩათვლით)

17.1

5.1

13

შეუსქელებელი რძე, კეფირი, იოგურტი

10.5

2.7

14

შესქელებული რძე, რძის ფხვნილი

36

3.0

15

კარაქი

4.6

1.3

16

კვერცხი (მილიონი ცალი)

11.3

3.0

17

მცენარეული ზეთი

46.9

10.0

18

მარგანინი

20.8

4.8

19

ბოსტნეული

108.3

29.2

20

ხილი

82.4

19.2

 

  1. საერთაშორისო გამოცდილება

ნიდერლანდების სამეფო

ნიდერლანდები არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სოფლის მეურნეობის ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც აქვს ძლიერი გადამამუშავებელი ინდუსტრია. ჰოლანდიელებმა წლების განმავლობაში ააგეს წარმატებული სოფლის მეურნეობის ბიზნესის სტრატეგია, პრინციპით: „მინიმალური რესურსი, მაქსიმალური მოგება“. დღეს ქვეყანა, რომელიც ფართობიდან გამომდინარე, მსოფლიოში 131-ე ადგილს იკავებს, გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სასოფლო-სამეურნეო ხაბი.

ნიდერლანდების სამეფო ევროპაში პატარა ქვეყანაა. მისი კლიმატი არ არის იდეალური სოფლის მეურნეობისთვის და ნიადაგები არ არის ყველაზე ნაყოფიერი. მიუხედავად ამისა, ბოლო 50 წლის განმავლობაში ქვეყანამ შესძლო მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილის დაკავება.

 სოფლის მეურნეობის ყველა დარგი წარმატებით ვითარდება, სარძევე მეცხოველეობიდან დაწყებული ბოსტნეულის  სასათბურე მეურნეობებით დამთავრებული. ნიდერლანდების სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მონაცემების თანახმად, სოფლის მეურნეობის ექსპორტი 2011 წლიდან 2016 წლამდე  3.6 მილიარდი ევროთი ანუ 85 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

ნიდერლანდების წარმატების მიზეზი აგრარულ სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების გამომუშავებაშია, რაშიც იგი ლიდერია და მის ექსპორტირებასაც დიდი წარმატებით ახდენს. მსოფლიოს მასშტაბით ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებსა და ინოვაცებზე მოთხოვნა  იზრდება. ესენია ენერგოდამზოგველი სათბურები, ზუსტი მეურნეობის სისტემები (GPS-ის და უპილოტო საჰაერო ხომალდების გამოყენების საშუალებით) და ტექნოლოგიები, რომლებიც ზრდიან მოსავლიანობის მედეგობას კლიმატის ცვლილებისა და დაავადების ზემოქმედებაზე. სოფლის მეურნეობის სფეროში ინტელექტუალური საკუთრების ექსპორტიდან 2016 წელს შემოსავალმა ქვეყანას 9 მილიარდი ევრო მოუტანა.

 

 

 

ტრადიციული ჰოლანდიური აგროსექტორი საოჯახო ტიპის ფერმერულ მეურნეობებზე ბაზირებს. აქცენტი კეთდება არა მარტო ნედლეულის წარმოებაზე არამედ მის გადამუშავებაზეც. სტატისტიკურად ფერმერული მეურნეობების დიდი ნაწილი დამატებითი ღირებულების შესაქმნელად ადგილზე ეწევიან ნედლეულის გადამუშავება/შეფუთვას.

 ნიდერლანდების აგრობიზნესი არის კლასტერული ტიპის თანამშრომლობა ინდუსტრიის ყველა მოთამაშეს შორის: ფერმერებსა და მწარმოებლებს, კვების მრეწველობის კომპანიებს, აგროტექნიკის მწარმოებლებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებსა და სახელმწიფოს შორის. სამკუთხედმა “წარმოება – სახელმწიფო – მეცნიერება“ – ქვეყანას მსოფლიო ბაზარზე უდიდესი კონკურენტული უპირატესობა მისცა.

კოოპერაცია ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია ჰოლანდიელი ფერმერებისთვის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მსოფლიო ბაზარზე. მიუხედავათ წლების განმავლობაში მრავალი გამოწვევისა ამ ასოციაციებმა შეძლეს წარმატებით ადაპტირება პოლიტიკის, ბაზრისა და ტექნოლოგიების ცვლილების პირობებში. ქვეყანის სასოფლო სამეურნეო ბაზარზე მათი წილი 70%-ს შეადგენს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან სამთავრობო პოლიტიკა ფერმერთა ასოციაციებზე ყოველთვის მოქნილი და ეფექტური იყო.

ისრაელი

ისრაელის გეოგრაფიული მდებარეობა ბუნებრივად არ არის ხელსაყრელი სოფლის მეურნეობისთვის. მისი ტერიტორიის (20770კმ2) მხოლოდ 20%-ია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ვარგისი. მშრალი კლიმატი და წყლის რესურსების ნაკლებობა ხელს არ უშლის ქვეყანას აგროპროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი იყოს.

1948 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დამუშავებადი მიწის საერთო ფართობი 1,650 კვ.კმ-დან 4,300 კვ.კმ-მდე,  სასოფლო-სამეურნეო თემების რაოდენობა 400-დან 725-მდე, ხოლო მორწყული მეურნეობის ფართობი 30,000 ჰა-დან 190,000 ჰა-მდე გაიზარდა. სასოფლო-სამეურნეო წარმოება 16-ჯერ გაფართოვდა, სამჯერ სწრაფად, ვიდრე გაიზარდა მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სექტორში დასაქმებულთა წილი შეადგენდა მთელი სამუშაო ძალის მხოლოდ 3.7%-ს, ისრაელმა დააკმაყოფილა საკუთარი მოთხოვნის 95%.

გაუსარწყავების პრობლემა ქვეყანამ წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამოყენებით გადაწყვიტა. კომპიუტერული პროგრამა ნიადაგში წყლისა და მინერალების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას სენსორების დახმარებით ღებულობს  და მცენარეს საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად მიაწვდის მათ. შედეგად იზოგება დრო, ენერგია და მცირე სამუშაო ძალის პირობებში იზრდება წარმადობა. ასე მაგალითად,  ისრაელის შემთხვევაში ფერმერები იყენებენ 12%-ით ნაკლებ წყალს 26%-ით მეტი მოსავლის მისაღებად.

 

 

ისრაელის სოფლის მეურნეობის უმეტესი ნაწილი ემყარება კოოპერატივის პრინციპებს, რომლებიც განვითარდა მეოცე საუკუნის დასაწყისში. სასოფლო დასახლებების ორი უნიკალური ფორმა: პირველი, kibbutz-ი, კოლექტიური საზოგადოება, რომელშიც საწარმოო საშუალებები კომუნალურ საკუთრებაშია და თითოეული წევრის მუშაობას სარგებელი მოაქვს ყველასთვის. ხოლო, მეორე, Moshav-ი – სამეურნეო სოფელი, სადაც თითოეული ოჯახი ინახავს საკუთარ თავს და მუშაობს საკუთარ მიწაზე, მაგრამ შეძენა და მარკეტინგი ხდება კოოპერაციულად. ამ მიდგომებმა  განახორციელეს არა მხოლოდ პიონერების ოცნება, რომ ჰქონოდათ ცალკეული მცირე საზოგადოებები დაფუძნებული სოციალური თანასწორობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებზე, არამედ ასევე გახდეს შესაძლებელი სამეურნეო პროდუქციის გამოშვების მაქსიმიზაცია. ეს ყველაფერი კი გულისხმობს,  მაქსიმალურად დიდ შემოსავალს თანაბრი განაწილების პირობებში.

ფერმებს არ შეუძლიათ ექსპორტზე გასვლა თუ ისინი მუდმივად არ შეესაბამებიან მიზნობრივ ქვეყნებში რთულ და ხშირად ცვლად სახელმწიფო რეგულაციების ნორმებს ისეთი მიმართულებებით როგორიცაა წყალი, პესტიციდები, სასუქი, მცენარეთა დაცვა და სხვა. ამიტომ არსებობს AKOLogic-ის მიერ cloud-ზე დაფუძნებული ფერმების უნიკალური სამენეჯმენტო სისტემა (from kibbutz-based Agricultural Knowledge On-Line (AKOL)), რომელიც აძლევს ფერმერებს საშუალებას მუდმივად ჰქონდეთ წვდომა და განახლება ინფორმაციაზე რეგულაციების შესახებ. თუ კი კლიენტს სურს გაყიდოს მაგალითად ვალმარტში, AKOLogic-ი ავტომატურად წარმოადგენს აშშ-სთვის საჭირო საექსპორტო გეგმას. სისტემა ასევე ეხმარება ფერმერებს განკარგონ რესურსები, ადმინისტრაციული პროცესები და ყოველდღიური სამოქმედო გეგმები კალენდარებით, ჩექლისტებით, მოხსენებებით, რუქებისა და ციფრული დოკუმენტების შენახვის საშუალებით. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შეუძლიათ პლატფორმის გამოყენება რათა დაეხმარონ წევრ მეწარმეებს.

 

 

ამის გარდა სახელმწიფო სტიმულირებას ახდენს მსხვილი ექსპორტიორი კომპანიების საქმიანობის, რომლებიც კლასტერის პრინციპით მუშაობენ. როგორ მუშაობს ეს სისტემა. მაგალითად, ყვავილების მცირე მეურნეობას, რომლის დღიური წარმადობა ძალიან მცირეა, დაახლოებით 50 თაიგული, ყოველდღიურად აკითხავს ექსპორტიორი კომპანიის სამაცივრე ავტომობილი პროდუქციის დისტრიბუციისთვის. მსგავსი მეთოდით აღნიშნული კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებს პროდუქციას საჰაერო ტრანსპორტით მისი ამსტერდამში მსოფლიოში ყველაზე დიდ ყვავილების ბაზარზე რეალიზაციის მიზნით. ამ სქემის გამოყენებით მცირე საწარმოების მფლობელ ფერმერებსაც კი ეძლევათ საშუალება გავიდნენ მსოფლიო დიდ აგრარულ ბაზრებზე.

ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების ნახევარზე მეტი სხვადასხვა სპეციალობის პროფესიონალი მკვლევარები არიან. მათი ფუნქცია სოფლის მეურნეობის დარგში სხვადასხვა ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებაზე დაკვირვება და სამამულო წარმოებაში დასანერგად მათი შესწავლაა. ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პოლიტიკა სახელმწიფოს ფერმერებთან ურთიერთთანამშრომლობის პრინციპზე არის დაფუძნებული. მეტიც სამინისტროს წარმომადგენლები არ ელოდებიან ფერმერი როდის მიმართავს მათ. ისინი თავად ჩადიან ადგილზე და აქტიურ გაცნობით კამპანიას აწარმოებენ თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში დასამკვიდრებლად. მიდის  მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში დაკვირვება კონკრეტულ გარემოში რამდენად ეფექტურია მათი გამოყენების შესაძლებლობა.   

ისრაელის მთავრობა ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო ხარჯების შემცირებას, სპეციალიზირებული მეურნეობის წახალისებით და ნაკლებმომგებიანი (ეფექტური) პროდუქტების შემცირებითა და ჩანაცვლებით. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზედამხედველობს ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორს, მათ შორის მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის სტანდარტების დაცვას, სოფლის მეურნეობის დაგეგმვას, კვლევებსა და მარკეტინგს.

ამერიკის შეერთებული შტატები

როგორც აგროსექტორში მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს წარმატებული ბიზნეს მოდელის შექმნა შეუძლებელია რისკების მართვის გარეშე. სოფლის მეურნეობის წარმადობა ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია გარე კლიმატურ პირობებზე. გვალვიანმა სეზონმა და სეტყვამ შესაძლებელია მოსავლის დიდი ნაწილი გააფუჭოს. შედეგად ფერმერი ფინანსურ პრობლემებს განიცდის, რაც უარყოფითად მოქმედებს მისი საქმიანობის განვითარებაზე. ამიტომ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი აგროექსპორტიორი სახელმწიფოებშიც კი სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტური მუშაობა წარმოუდგენელია დაზღვევის სისტემის ფუნქციონირების გარეშე.

შეგვიძლია გამოვყოთ სოფლის მეურნეობის დაზღვევის ყველაზე გავრცელებული სახეები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არის გავრცელებული:

ცალკეული რისკების დაზღვევა (single-risk insurance);

კომბინირებული დაზღვევა (combined (peril) insurance);

მოსავლის მულტირისკული დაზღვევა (multi-peril crop insurance);

შემოსავლების დაზღვევა (revenue insurance) და მოგების დაზღვევა (income insurance);

ინდექსირებული დაზღვევა;

პირუტყვის დაზღვევა.

დაზღვევის სახეობებს შორის აშშში ყველაზე გავრცელებული ფორმებია ცალკეული რისკების, მოგებისა და ინდექსირებული დაზღვევა (რეგიონების მიხედვით).

მოგების დაზღვევის პროგრამების მთავარი მახასიათებელი აშშ-ში ის არის, რომ ისინი უზრუნველყოფენ დაზღვევის დაფარვას არამარტო მოუსავლიანობით გამოწვეული დანაკარგების, არამედ ფასების დაცემის შემთხვევაშიც. მაგალითად, მთლიანი შემოსავლის დაზღვევის პროგრამა (AGR) საშუალებას აძლევს ფერმერებს დააზღვიოს ეკონომიკური საქმიანობიდან დაბალი შემოსავლის მიღების (გაკოტრების) რისკი. ფიუჩერსული გარიგების პრინციპით სახელმწიფო სეზონის დასაწყისში ურიგდება ფერმერებს მისთვის პრიორიტეტული პროდუქციის წარმოების შემთხვევაში მის შესყიდვაზე მინიმალურ ფასში. წარუმატებელი სეზონის შემთხვევაში, თუ ფერმერული მეურნეობებისთვის საბაზრო ფასი გაკოტრების ტოლფასია სახელმწიფო ყიდულობს მოსავალს წინასწარ დათქმულ ფასში, რომელიც თვითღირებულების ფარგლებში მერყეობს.

რეგიონალური შემოსავლის ინდექსის (GRP) დაზღვევის მიზანია ფერმერების დაცვა მოუსავლიანობით მიღებული ზარალისგან. დაზღვევა ანაზღაურებადია იმ შემთხვევაში, თუ მოსავლიანობის მაჩვენებელი დაბალი იყო საშუალო ინდექსზე, რომელიც მოსავლიანობის მინიმალური მაჩვენებელია კონკრეტული რეგიონისთვის. ეს მინიმუმი შეიძლება იყოს რეგიონში საშუალო მოსავლიანობის 10%-30%.

აშშ-ში სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა 50%-ზე მეტი და სასოფლო-სამეურნეო მიწის დაახლოებით 70% დაზღვეულია. აშშ სოფლის მეურნეობის დაზღვევის სისტემა სახელმწიფოსა და კერძო დაზღვევის კომპანიების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზეა აგებული. ყველა სადაზღვევო პროგრამა შემუშავებულია და რეგულირდება სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს დაქვემდებარებული რისკების მართვის სააგენტოს (RMA) მიერ.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დაზღვევის ბაზარზე სადაზღვევო პრემიების დიდი ნაწილი ოციოდე კერძო სადაზღვევო კომპანიაზე მოდის. ისინი სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებულ სადაზღვევო პროგრამებში მოხვედრამდე შერჩევასა და აკრედიტაციას გადიან. სადაზღვევო ხელშეკრულებების პირობებსა და დაზღვევის ტარიფების ოდენობას მათთვის მოსავლის დაზღვევის ფედერალური კორპორაცია (FCIC) ამტკიცებს, რომელიც თავის მხრივ მოქმედებს RMA მეთვალყურეობის ქვეშ. იგი ასევე ზედამხედველობს მზღვეველთა საქმიანობას და თვალყურს ადევნებს მათთვის ბიუჯეტიდან სუბსიდიების გადახდის პროცესს. ფერმერის მხრიდან სადაზღვევო პროგრამაში მონაწილეობის მიღებაზე უარი, ავტომატურად ართმევს მას სტიქიური უბედურებებისა და გაუთავლისწინებელი ზიანის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო მხარდაჭერის გამოყენების უფლებას.

აგრორისკებს სადაზღვევო კომპანიები გადაზღვევის მიზნით საერთაშორისო ბაზარებზე აზღვევენ. დაზღვეული რისკების ძირითადი ნაწილის დაფარვა მოდის გვალვაზე (53%), წყალდიდობაზე (23%) და ყინვაზე (6%).

 

  1. სოფლის მეურნეობის განვითარების ქართული მოდელი

ჩვენ გავითვალისწინეთ განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, ასევე ქართული აგრარული სექტორის თავისებურებები და გთავაზობთ სოფლის მეურნეობის განვითარების ქართულ მოდელს, რომლის ცენტრალური ფიგურა ფერმერი იქნება. ჩვენს მოდელში ფერმერული მეურნეობა არამარტო აგრონედლეულის მწარმოებელი, არამედ მისი ადგილზე გადამამუშავებელიც უნდა იყოს. აგროსექტორი უნდა იმართებოდეს პრინციპით: „ნაკლები დანახარჯები, მაქსიმალური მოგება“. აგროკლასტერები, „ფერმერის სახლები”, სოფლის მეურნეობის კვლევის ცენტრი, ეფექტური სახელმწიფო და კერძო დაზღვევის სისტემები მას უნდა ეხმარებოდნენ ფუნქციონირებაში. უზრუნველყოფდნენ მას ტექნოლოგიური ცოდნით, თანამედროვე აგროტექნიკით, გასაღების ბაზრებით, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეებით, რისკებისგან მაქსიმალურად დაზღვეული გარემოს  შექმნით და ა.შ.

 

 

 

  1. ქართულ აგრარულ სექტორში თანამედროვე გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები
  2. რა ვაწარმოოთ, როგორ ვაწარმოოთ და სად გავყიდოთ?

მსოფლიოს დიდი კონსორციუმები ასეულობით მილიონ აშშ. დოლარს ხარჯავენ ბაზრის მარკეტინგულ კვლევაში. ასევე დიდი დრო და ენერგია იხარჯება მათი მხრიდან რესურსების გამოყენების მენეჯმენტსა და ბიზნესს პროცესების დაგეგმარებაში. ქართული ფერმერული მეურნეობები შეიძლება ითქვას ჩანასახის ეტაპზე იმყოფებიან. მათ არ გააჩნიათ იმის ფინანსური საშუალება, რომ მარკეტოლოგის ძვირადღირებული კონსულტაციები მიიღონ. არ აქვთ ასევე იმის ცოდნა, რომ სწორად დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა, რომელიც მოგებაზე გაიყვანს მათ და სხვა.

ფერმერის კითხვაზე: რა ვაწარმოო, როგორ ვაწარმოო და სად გავყიდო? – სახელმწიფო ვალდებულია მას სრულყოფილი კონსულტაცია გაუწიოს. დაეხმაროს ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაში, უზრუნველყოს გასაღების ბაზრებითა და სანდო პარტნიორებით; დაეხმაროს ერთიანი ლოგისტიკური ჯაჭვის აწყობაში. ამისათვის საჭიროა შეიქმნას „მარკეტინგის ცენტრი“.

მარკეტინგის ცენტრი სისტემატურად ჩაატარებს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ბაზრის მარკეტინგულ კვლევას არამარტო ქვეყნის, არამედ რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბით.

 იგი შეისწავლის საქართველოს აგრარული პოტენციალს, კონკურენტებს და პოტენციური გასაღების ბაზრებს; განსაზღვრავს კონკრეტულ პროდუქციაზე საბაზრო მოთხოვნის მოცულობას; გათვლის საბაზრო რისკებსა და დეტალური ანალიზის საფუძველზე გამოყოფს პრიორიტეტულ სასოფლო სამეურნეო დარგებს, მოახდენს კონკურენტული აგროპროდუქციის იდენტიფიცირებას. ასევე სახელმწიფო პროგრამების დახმარებით ხელს შეუწყობს მათ განვითარებასა და მწარმოებლურობის ზრდას.

 

 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო აგრარულმა ბაზარმა მიმართულება და პრიორიტეტები შეიცვალა, რასაც სამომხმარებლო გემოვნება და მოთხოვნები განაპირობებს. მომხმარებელს სურს შეიძინოს „ექსკლუზიური“ პროდუქტი, რომელიც ანალოგიებისგან თავისი გემოვნებრივი, ბიოლოგიური ღირებულებით და თუნდაც სამკურნალო თვისებებით განსხვავდება. მომხმარებელს თავის გასტრონომიულ მოთხოვნილებებში აღარ აკმაყოფილებს „უსახური“ პროდუქტი, რომელიც გენმოდიფიცირებული ტექნოლოგიით „იშტამპება“.

ამ მხრივ ქართულ აგრარულ სექტორს დიდი პოტენციალი გააჩნია. ქართული ყურძნის, ხორბლის, ბოსტნეული კულტურების, სოკოს, ცხვრის, ღორის, საქონლის, ფუტკრის, აბრეშუმის პარკის, ყველის, ღვინის, სუნელების,  სამკურნალო ბალახეულობების, ხილის, კაკლის, ტყის კენკროვანი ნაყოფის სხვადასხვა ჯიშები და სახეობები მსოფლიოში უნიკალურია და მდიდარია თავისი საკვები ღირებულებებით და სამკურნალო თვისებებით.

იმისათვის, რომ ქართული აგრარული პროდუქციის ბრენდები მსოფლიოში კარგად გაიცნონ საჭიროა აქტიური მარკეტინგული კამპანიის ჩატარება, სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე და კონფერენციებზე ქართული პროდუქტის პრეზენტირება და სხვა.  

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება (DCFTA) და ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA) საშუალებას აძლევს ქართულ პროდუქციას გავიდეს არამარტო ევროპის არამედ აზიის დიდ აგრობაზრებზე. ამის გარდა საქართველოს სავაჭრო ხელშეკრულებები დადებული აქვს ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და თურქეთი.

 კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება, რომლის განვითარებაც შესაძლებელია საქართველოში ეს არის სათესლე და სანერგე მეურნეობებია. თუ ექსპორტირებულ ქართულ აგროპროდუქზე გავზრდით მოთხოვნას პერსპექტივაში არსებობს პოტენციალი, რომ მზა პროდუქციის პარალელურად ექსპორტით გავიტანოთ ქართული ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების სათესლე მასალა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჰოლანდიის მდიდარი გამოცდილება გავიზიაროთ ამ სფეროში.

სოფლის მეურნეობის მარკეტინგის ცენტრის მონაწილეობითა და საზღვარგარეთის ანალოგიურ კვლევით ინსტიტუტებთან (Food and Agriculture Organization of the United Nations, Wageningen Universiteit en Researchcentrum (ნიდერლანდები), U.S. DEPARTMENT OF AGRICULTURE (აშშ) და სხვა) თანამშრომლობითა და დახმარებით საჭიროა ქართულ აგროსექტორში დავამკვიდროდ და აქტიურად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები.

შედეგად შეიქმნება ერთიანი ლოგისტიკური ჯაჭვი, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონი იქნება ჩართული იმ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოებით, რომელიც მათთვის პრიორიტეტულია, და რომელიც  დააკავშირებს ფერმერულ მეურნეობების გასაღების ბაზრებთან.

 

  1. მაღალი რისკები და ფიქსირებული ფასი

იმისათვის, რომ საოჯახო მეურნეობებს სტიმული მივცეთ ჩამოყალიბდნენ ფერმერულ მეურნეობებად და აქტიურად ჩაერთნონ აგროსექტორში ბიზნესის საწარმოებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება დარგში ეფექტური და მოქნილი დაზღვევის სისტემის არსებობას. სოფლის მეურნეობის დარგი მაღალი რისკის შემცველია, რადგან ხშირ შემთხვევაში ერთის მხრივ დამოკიდებულია გარემო-კლიმატურ პირობების ცვალედობაზე, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენს შემთხვევაში გასაღების ბაზრების არ არსებობა მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. აღნიშნული ამცირებს აგროპროდუქციის წარმადობას და შესაბამისად უარყოფითად მოქმედებენ აგრობიზნესის შემოსავლებზე. მაღალი რისკების პირობებში აწარმოო ბიზნესი აგროსექტორში მოქმედი და დამწყები ფერმერებისთვის ნაკლებად სასურველია. როგორც საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა განვითარებულ ქვეყნებში ფერმერების სტიმულირებისათვის მოგებისა და სხვადასხვა გარემო-კლიმატური მოვლენებისგან მოსავლის დაზღვევის მრავალწლიანი პრაქტიკა არსებობს.

საქართველოს ესაჭიროება სოფლის მეურნეობის დაზღვევის საკუთარი ეფექტური სისტემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისებურებებსა და სპეციფიკაზე იქნება მორგებული. სოფლის მეურნეობის დაზღვევის ქართულ მოდელში მთავარი როლი დასაწყისისთვის სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. როგორც წესი კარგად განვითარებული სასოფლო სამეურნეო დაზღვევის სისტემები გააჩნიათ იმ ქვეყნებს სადაც ფუნქციონირებს შესაბამისი სამთავრობო უწყებები და ორგანიზაციები.

დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა მინიმუმ უნდა მოიცავდეს:

  • სოფლის მეურნეობის დარგში რისკების მართვის სტრატეგიის შემუშავებას;
  • აგრომწარმოებლებისთვის მასზე მორგებული ეფექტური სადაზღვევო პროგრამის შემუშავებასა და შეთავაზებას;
  • ფერმერებისთვის აგროდაზღვევისთვის ბიუჯეტიდან სუსიდიების გამოყოფასა და მათზე კონტროლს;
  • ახალი ტენდენციებისა და რისკების გამოვლენის მიზნით სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე სამეცნიერო კვლევით ჯგუფებთან აქტიურ მუშაობას, სადაზღვევო ბაზრის კვლევას, სტატისტიკური მასალის შეგროვებას;
  • ფერმერებისათვის და დაინტერესესებული რისკ ჯგუფებისთვის საგანმანათლებლო, ინფორმაციული ხასიათის ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებას.

დაზღვევის პროგრამა სხვა სახელმწიფო პროექტებთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს და ხელს უნდა უწყობდეს სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში. თუ ფერმერი უარს იტყვის სხვა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობაზე იგი ავტომატურად უნდა ეთიშებოდეს დაზღვევის სახელმწიფო სისტემასაც.

ეფექტური იქნება, თუ აგროდაზღევის ქართულ მოდელში აშშ-ს და კანადის მდიდარი გამოცდილებას გავიზიარებთ. სოფლის მეურნეობის მარკეტინგული ცენტრის მიერ იდენტიფიცირებულ კონკურენტულ აგროპროდუქციაზე სახელმწიფოს მხრიდან უნდა დაწესდეს „ფიქსირებული ფასი“.

ფიქსირებული ფასი პროდუქციის თვითღირებულებაზე მცირედით მეტი და საბაზრო ფასზე ნაკლები იქნება.

იგი შინაარსობრივად საერთაშორისო საბირჟო ოპერაციებში კარგად აპრობირებული ფიუჩერსული გარიგების მსგავსი შეთანხმება იქნება სახელმწიფოსა და ფერმერულ მეურნეობებს შორის. წლის დასაწყისში ფერმერული მეურნეობა საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე მოთხოვნის გათვალისწინებით სახელმწიფოს მხრიდან ფიქსირებულ ფასში მიიღებს მის მიერ ნაწარმოები კონკრეტული პროდუქციის შესყიდვის ვალდებულებას. ფიუჩერსული გარიგებისგან ფიქსირებული ფასით მოგების დაზღვევას ის განსხვავება აქვს, რომ სეზონის ბოლოს ფერმერს არ ექმნება არანაირი ვალდებულება საკუთარი მოსავალის გაყიდვასთან დაკავშირებით. მას შეუძლია პროდუქცია გაიტანოს ბაზარზე და მაქსიმალურ ფასში გაყიდოს ან თუ ამას ვერ ახერხებს მიჰყიდოს სახელმწიფოს მინიმალურ ფასში, რათა არ ნახოს წაგება.

ფიქსირებული ფასი ანუ „მოგების დაზღვევა“ შეამცირებს გაკოტრების რისკებს და შეუქმნის ფერმერულ მეურნეობებს სტიმულს აწარმოონ პროდუქცია. თავის მხრივ, ფერმერული მეურნეობების საქმიანობის გამოცოცხლება ხელს შეუწყობს საჩითილე, სამაცივრე/სასაწყობო მეურნეობების, გადამამუშავებელი წარმოებების დაინტერესებას და განვითარებას. ასევე ფინანსური სექტორისთვის (ბანკები) აგროსესხის გაცემა დაბალი რისკის გამო მომგებიანი იქნება უკვე დაბალ პროცენტში. ანუ ბაზარზე მოთხოვნა ქმნის მიწოდებას. შეიკვრება ერთიანი ჯაჭვი, რომელშიც მონაწილე სუბიექტებს შორის ურთიერთდაინტერესება და ურთიერთანამშრომლობა ერთიორად გაიზრდება, რაც დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს. სახელმწიფო დაზღვევის სისტემის პარალელურად კერძო სადაზღვევო სისტემაც უნდა ვითარდებოდეს, როგორც ეს შერეული დაზღვევის სისტემის ქვეყნების პრაქტიკაშია მიღებული. განსაკუთრებით რისკების მართვის იმ სფეროში, რომელიც დიდ სადაზღვევო პრემიებთან არ არის დაკავშირებული და კერძო კომპანიებისთვის მომგებიანი იქნება. ეტაპობრივად, დარგის განვითარების ტემპების მიხედვით დაზღვევის შერეულ სისტემაში სახელმწიფოს ნაცვლად მთავარი ფუნქცია აგროსექტორის დაზღვევაში კერძო კომპანიებს დაეკისრებათ. დაზღვევის სისტემის უსაფრთხოების მიზნით რისკების გადაზღვევა აუცილებლია საერთაშორისო ბაზრებზეც მოხდეს. პარალელურად ფიუჩერსული გარიგებების ტიპის სავაჭრო ურთიერთობების ქვეყანაში დამკვიდრება ნოყიერ ნიადაგს შეუქმნის სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ბირჟის შექმნას და მის განვითარებას, სადაც დიდი რაოდენობით აგროპროდუქციის შესყიდვის შესაძლებლობა ექნებათ ისეთ კომპანიებს, რომლებიც ექსპორტზე იმუშავებენ ან ადგილობრივ ბაზარზე ქსელურ სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენენ.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული სოფლის მეურნეობის დაზღვევის სისტემა საშუალებას მისცემს ფერმერებს თავი დაიზღვიონ გაკოტრებისგან და მყარი საფუძველი შეიქმნან პერსპექტიული განვითარებისთვის.

 

  1. მცირემიწიანობა და „მიწის ბანკი“

დღეისათვის ქართული აგრარული სექტორის მთავარ გამოწვევად მაინც საოჯახო მეურნეობების მცირემიწიანობა რჩება. მსოფლიო გამოცდილებამაც გვაჩვენა, რომ აუცილებელია ფერმერული მეურნეობის ფარგლებში მიწების კონსოლიდაცია მოხდეს, რათა დარგის კომერციალიზაციას და მასშტაბირებას ხელი შევუწყოთ. მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია რეალური ბერკეტები, საფუძველი ჩაუყაროს და სტიმულირება მისცეს განვითარების პროცესს. ამისთვის საჭიროა მიწის რეგისტრაციის ეფექტური სისტემის არსებობა. ყველა ქვეყნისთვის მიწის ადმინისტრირების ეფექტური პოლიტიკის წარმართვა მიწათმესაკუთრეობისა და ინვესტიციებთან დაკავშირებული კერძო და სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სახელმწიფომ ინიცირება უნდა გაუკეთოს პროექტის – „მიწის ბანკის“ ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო აღრიცხავს და განაგებს სასოფლო სამეურნეო სავარგულებს. ეხმარება მათ ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ საკუთარი მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებული უფასოდ გადაიფორმონ ისინი (აზომვისა და რეგისტრაციის მოსაკრებელისგან განთავისუფლება). პარალელურად შესწავლილი იქნება ნიადაგი, მისი შემადგენლობა და თვისებები (აგრარული პოტენციალი).

 

 

 

სასოფლო სამეურნეო მიწის სავარგულების გამსხვილების მიზნით სახელმწიფო ჩართული იქნება მიწის ყიდვა-გაყიდვის პროცესში. მცირე მიწის  მფლობელებისგან ვისაც მისი გაყიდვის სურვილი ექნება სახელმწიფო გამოისყიდის საბაზრო ფასად და მათი კონსოლიდაციის შემდეგ გადასცემს ყიდვის მსურველს. მყიდველი თუ იმავე თემის წარმომადგენელი იქნება, სადაც მიწა მდებარეობს შეიძენს თვითღირებულების ფასში (რა ფასიც სახელმწიფომ გადაიხადა), ხოლო ინვესტორი შეიძენს ფასნამატით. შეღავათით ისარგებლებს ის მყიდველი, რომელიც სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებულ აგროპროდუქციას აწარმოებს. შესაძლებელი იქნება მათთვის მიწის 5 წლიანი განვადებით გაყიდვა ან იჯარით გადაცემა.

მიწის ბანკის ფარგლებში შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელიც დაინტერესებულ პირებს მიაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ, მათ შორის მათი მდებარეობის, სტატუსის (ყიდვა, გაყიდვა, იპოთეკა, იჯარა), ნიადაგის აგებულების თავისებურებებისა (მინოროლოგიური და ქიმიური შემადგენლობა, ქანის სიმკვრივე, სიფხვიერე და სხვა) და ნაყოფიერების, ირიგაციული სისტემის არსებობის შესახებ ინფორმაციას.  

„მიწის ბანკი“ მიწების კონსოლიდაციას და დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების ფართობების შემცირებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროექტი დააჩქარებს მიწების გადაცემას იმ სუბიექტებზე, რომლებიც ექსპლუატაციას გაუწევენ მას მაქსიმალური სარგებლობის მიღების მიზნით.

  1. მოშლილი ინფრასტრუქტურა და გაუსარწყავი სავარგულები

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც სახელმწიფოს ჩარევის გარეშე კერძო სექტორი დამოუკიდებლად ვერ გადაჭრის მოშლილი და დანგრეული აგროინფრასტრუქტურაა. მაგალითად, 300 ათას ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები ირიგაციული და სადრენაჟო სისტემების გარეშეა დარჩენილი. კოლმეურნეობის დროინდელი სისტემები ამორტიზირებულია, ხოლო ის რაც დღეს ფუნქციონირებს სრულყოფილად ვერ აკმაყოფილებს დარგს. მიუხედავათ იმისა, რომ საქართველოში 26060 მდინარეა, მტკნარი წყლის რესურსები ეგრეთწოდებული „მიგდებით“ რწყისთვის მაინც არ არის საკმარისი. გამოსავალი სასოფლო სამეურნეო სავარგულების წვეთოვან გასარწყავებაშია და სოფლების სარწყავი სისტემით დაქსელვაშია ისრაელის გამოცდილების გათვალისწინებით. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ „ეი ეს თელასის“ მაგალითი და ირიგაციის სისტემაში შემოვიყვანოთ კერძო პროვაიდერი კომპანია, რომელიც ინვესტიციებს ჩადებს სარწყავი სისტემების გამართვაში იმ პირობით, რომ მისი მართვას გადავცემთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რის გასვლის შემდეგაც სისტემას სახელმწიფო დაიბრუნებს.

 

  • სოფლის მეურნეობის ლოგისტიკური ჯაჭვის აწყობა ნიდერლანდების გამოცდილების გათვალისწინებით

საქართველოს სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი ვერ იმუშავებს, თუ მასში დასაქმებული სუბიექტების ეფექტური და ოპერატიული კომუნიკაცია ვერ შედგა. სოფლის მეურნეობის ლოგისტიკური ჯაჭვი უნდა შესდგებოდეს ისეთი აუცილებელი და ძირითადი რგოლებისაგან როგორიცაა: ფერმერული, საჩითილე, სასაწყობო/სამაცივრე მურნეობებისგან, გადამამუშავებელი წარმოებისგან, აგროტექნიკის პარკებისგან, თანამედროვე ტექნოლოგიებში ცოდნისა და გამოცდილებისგან, სახელმწიფო სერვისებისგან (დიაგრამაN1). მათი საერთო მიზნებიდან გამომდინარე და იმისათვის, რომ ეფექტიანობა გაიზარდოს, სასურველია ისინი რამოდენიმეს აგროკლასტერში გავაერთიანოთ.

დიაგრამა N1

 

 

მიზანი 1. ინვესტირება ფერმერული მეურნეობის განვითარებაში

ფერმერული მეურნეობების განვითარება მცირემიწიანობის პრობლემის აღმოფხვრას ხელს შეუწყობს. შეიცვლება დამოკიდებულება საქმისადმი. ფერმერის მთავარი ამოცანა მაქსიმალური მოგების მიღება იქნება, რაც მაღალი ფასის მისაღებად საჭირო დროს საჭირო ბაზარზე პროდუქციის გატანას ითვალისწინებს. მოხდება სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით შრომის სპეციალიზაცია. შესაბამისად ფერმერს მოუწევს აგროსამუშაოების მოცემულ ერთ კონკრეტულ ვადებში შესრულება და შრომის დანაწილებით მიღებული შედეგი უფრო ხელშესახები იქნება. ფერმერის მიერ მოგებით მიღებული შემოსავალი არამარტო მეურნეობის შემდგომ განვითარებას არამედ ოჯახის სხვა საჭიროებებსაც მოხმარდება.

იმისათვის, რომ ფერმერული მეურნეობა უფრო მომგებიანი გავხადოთ, ხოლო აგროსექტორში მასშტაბის ეფექტს მივაღწიოთ, მცირე მიწიანი გლეხების/ფერმერების გაერთიანებაა საჭირო აგროკოოპერატივებში (7-10 ჰა მიწა). საწყის ეტაპზე ფერმერული გაერთიანებები საჩითილე მასალას, სასაწყობო და სამაცივრე სივრცეებს მათი რეგიონალური კლასტერებიდან მიიღებენ. მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გადამუშავება და გასაღებაც აგროკლასტერებში მოხდება. ფერმერული სახლები დაეხმარებიან მათ მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობაში, ცოდნისა და საჭირო აგროტექნიკის, უფასო კონსულტაციების მიღებაში და სხვა.

შემდეგ ეტაპზე ბუნებრივი პროცესით მოხდება ბიზნესის გაერთიანება და გამსხვილება. კოოპერატივში შემავალი სუბიექტებისგან მივიღებთ საშუალო ზომის აგროფირმებს. რომელთაც ადგილზე ექნებათ საკუთარი საჩითილე სათბურები, მეურნეობისთვის საჭირო სასაწყობო და სამაცივრე სივრცეები, აგროტექნიკა, გადამუშავების მცირე საწარმოები. მსგავსი აგროფირმები მსხვილ აგროკლასტერებში გაერთიანდებიან, რომელიც მათ პროდუქციის ბრენდირებასა და გასაღებაში დაეხმარებათ.

ფერმერული მეურნეობების წარმატებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო იმას, რომ ფერმერმა მაგალითისთვის, ბახჩეული კულტურების ან ხილის სახით მხოლოდ ნედლეული აწარმოოს გადამამუშავებელი მრეწველობისთვის, არამედ ადგილზე გადაამუშავოს იგი და სამომხმარებლო ბაზარს მიაწოდოს უკვე მზა და ნატურალური პროდუქცია. მაგალითად აგროფირმა, რომელიც მეცხოველეობის ფერმერმას ფლობს საკუთრებაში ხარჯებს შეამცირებს თუ ფერმისთვის საჭირო საკვებს საკუთარ მიწაზე მოიყვანს, ხოლო მოგებას გაზრდის, თუ ხორცს საკუთარ მინისაკონსერვო ქარხანაში გადაამუშავებს და საკუთარი ან აგროკლასტერის საფირმო ნიშნით გაყიდის.

 

 

კლასტერების დახმარებით სოფლის მეურნეობის დარგში მივაღწევთ დანახარჯების მინიმიზაციას და მოგების მაქსიმიზაციას, რაც ფერმერის ნაწარმოებ პროდუქციას გახდის ხელმისაწვდომს და კონკურენტუნარიანს ბაზარზე.

სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა სხვადასხვა აგროპროგრამების დახმარებით სტიმული მისცეს რაც შეიძლება მეტი ასეთი ფერმერული მეურნეობებისა და კლასტერების შექმნას, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგებად სპეციალიზაციასა და სხვადასხვა დარგის ფერმერების ერთმანეთთან საქმიან სიახლოვესა და კლასტერებად გაერთიანებას.

მიზანი 2. აგროკლასტერები საქართველოს ყველა რეგიონში

სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა და მარკეტინგის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს თვითოეულ რეგიონში მოეწყობა აგროინდუსტრიული პარკები, რომელიც გაერთიანებს საჩითილე/სანერგე და სასათბურე მეურნეობებს, პროდუქციის მიღებისა და დამუშავების პუნქტებს, სასაწყობო და სამაცივრე სივრცეებს. ადგილზე განხორციელდება მიღებული პროდუქტის ხარისხზე კონტროლი.

 

 

პრინციპით „მაქსიმალური მოგება მინიმალური დანახარჯებით“ აგროინდუსტრიული პარკების განთავსება მოხდება ტერიტორიულად იმ ადგილებში სადაც ადგილობრივი ადამიანური, ბუნებრივი და ენერგეტიკული რესურსები მაქსიმალურად იქნება ათვისებული. ასევე გასათვალისწინებელია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არსებობა და აგროპროდუქციის თვითღირებულებაში მისი წილის მინიმიზირება.

 

 

რეგიონებისთვის „შედარებითი უპირატესობის“ პრინციპით უნდა განისაზღვროს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რომელი სახეობების წარმოება მათთვის ეკონომიკურად მომგებიანი. გათვალისწინებული უნდა იქნას ნიადაგის თვისებები, ხელისშემწყობი ჰავა, მელიორაციული სისტემების არსებობა და მისი შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივები.

არამარტო ფერმერული მეურნეობების სპეციალიზაცია უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კუთხით არამედ საქართველოს რეგიონებისაც.

მაგალითად საქართველოს ის კუთხეები სადაც მევენახეობის განვითარებისათვის ხელისშემწყობი პირობები არსებობს ან შესაძლებლო არის მოვაშენოთ ყურძნის უნიკალური ჯიშები, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ძვირად ფასობს უნდა სპეციალიზირდებოდნენ სოფლის მეურნეობის ამ სფეროში. ის რეგიონები, რომლებიც ერთწლიანი კულტურების წარმოება არ არის მომგებიანი ვეგეტაციური პერიოდის სიმცირის გამო შესაძლებელია მეცხოველეობის განვითარება და ა.შ. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საჭიროა ჩატარდეს დეტალური სრულყოფილი მარკეტინგული კვლევა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ყველა ფაქტორის შესწავლის საფუძველზე გამომვავლინოთ საქართველოს ყველა რეგიონისთვის სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული დარგები და მათი განვითარების შესაძლებლობები. აგროკლასტერების შექმნა და მათი სფეციფიკა თანხვედრაში უნდა მოდიოდეს რეგიონის საწარმოო შესაძლებლობებთან.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აგროკლასტერებისათვის მიწის უფასოდ გამოყოფა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის,  კომუნიკაციების (გაზის, წყლის, დენის, ინტერნეტის) ადილამდე მიყვანა, ინვესტორის მოძიება და მოზიდვა, საინვესტიციო პორტფელის თანადაფინანსება.

მიზანი 3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 100 „ფერმერის სახლი

 „ფერმერის სახლი“ თავისი კონცეფციით ითვალისწინებს ფერმერებისთვის საჭირო სერვისების ერთ სივრცეში მიღებას. აგროსერვისები ითვალისწინებს ფერმერული მეურნეობებისთვის:

  • სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობაზე, პირობებზე, უპირატესობებზე ინფორმაციის მიწოდებასა და მასში ფერმერების ჩართულობას;
  • მიწის ბანკში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
  • სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და ცოდნის გაზიარებას;
  • ერთიანი ინფორმაციული ბაზის არსებობას ფერმერული, საჩითილე მეურნეობების, აგროინდუსტრიული პარკების მდებარეობისა და პროდუქციის შესახებ და დაინტერესებული პირებისთვის მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
  • აგრონომისა და ვეტექიმის უფასო მომსახურებას;
  • ხელმისაწვდომი თანამედროვე ტექნოპარკის არსებობას;
  • სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული და კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხისა და დაზღვევის პროდუქტის მიღებას ერთ სივრცეში.

შეიქმნება ერთიანი ვირტუალური სივრცე, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციაზე წვდომის გარდა ფერმერებს საშუალებას მისცემს კონტაქტი დაამყარონ პოტენციურ მომხმარებლებთან და ინვესტორთან, მონაწილეობა მიიღონ ელექტრონულ აუქციონებში.

 

 

 

 

  • სახელმწიფოს როლი სოფლის მეურნეობების განვითარებაში
  1. კონკურენტული პროდუქტი და გარანტირებული ფასი
  • სოფლის მეურნეობის მარკეტინგის ცენტრის შექმნა;
  • კონკურენტული პროდუქტის დადგენა და მათი წარმოების ხელსეწყობა;
  • კონკურენტულ პროდუქტზე გარანტირებული ფასი ამერიკული მოდელის მიხედვით – „მოგების დაზღვევა“.
  1. მიწის ბანკის ევროპული მოდელი
  • მიწის რეგისტრაციის ხარჯების სრულად ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან;
  • მიწის სასამართლო იუსტიციის სახლში, გამარტივებული რეგისტრაციისთვის;
  • ფრაგმენტირებული მიწის სბაზრო ფასში შესყიდვა და გამსხვილება მიწის ბანკის მხრიდან;
  • შეძენილი და გამსხვილებული მიწის თვითღირებულებით ფერმერისთვის გადაცემა.
  1. ინფრასტრუქტურა – „მინდვრიდან მომხმარებლამდე“
  • მელიორაციის სისტემის გამართვა – „აი ეს თელასის“ მოდელი;
  • ერთიანი ლოგისტიკური ჯაჭვის აწყობა ისრაელისა და ნიდერლანდების გამოცდილების გათვალისწინებით;
  • მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საქართველოს ბაზარზე შემოყვანა (გადამამუშავებელი წარმოება);
  • ფერმერისთვის სახელმწიფოს სერვისების ერთ სივრცეში მიწოდება.

შედეგები ციფრებში:

  • ჯამური ინვესტიცია 3 მლრდ. ლარი.
  • ქვეყანა დამატებით 2.5-3 %-ით გაიზრდება ეკონომიკურად
  • შეიქმნება დამატებით 60 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი (მულტიპლიკატორის ეფექტის გათვალისწინებით)
  • ყოველწლიურად ქართული ოჯახები დამატებით მიიღებენ 300-400 მლნ. ლარის შემოსავალს მათ შორის პულტიპლიკატორის ეფექტის გათვალისწინებით.
  • ლარის კურსი ჩამოცდება 2.00 -იან ნიშნულს დოლართან მიმართებაში.

 

 

 გამოყენებული წყაროები:

  1. www.geostat.ge
  2.  https://mepa.gov.ge
  3. http://www.fao.org
  4. https://mof.ge
Shopping Basket