პაატა მანჯგალაძე – ხელისუფლების ტაქტიკაა ოპოზიცია არეულობის მომხრეებად წარმოაჩინოს, თუმცა, ეს სტრატეგია არ გავა – „ქართულ ოცნებას” ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ახლა მათი სახლში წასვლის დროა

ხელისუფლების ტაქტიკაა ოპოზიცია აქციებით არეულობის მომხრეებად წარმოაჩინოს, თუმცა, ეს სტრატეგია არ გავა – “ქართულ ოცნებას” ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ახლა მათი სახლში წასვლის დროა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროტესტი დემოკრატიის ნაწილია და ამის დემონიზება “ქართული ოცნების” მხრიდან სწორი არ არის.

“ნებისმიერი პროტესტი ხალხის უკმაყოფილებას უკავშირდება, რადგან ქვეყანაში არ გვაქვს სასამართლო და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე არსებობს ეჭვი, მე ლეგიტიმური მგონია ხალხის ნებისმიერი პროტესტი, რომელიც მშვიდობიანია და პროტესტების დემონიზება არ უნდა მოვახდინოთ. მე მესმის ხელისუფლების ტაქტიკა, ისინი ცდილობენ მშვიდობის მხარეს გამოჩნდნენ, რადგან ხალხს უფრო მშვიდობა უნდა, ვიდრე არეულობა და უნდათ ოპოზიცია არეულობის მომხრეებად წარმოაჩინონ აქციებით. ეს სტრატეგია არ გავა, “ქართულ ოცნებას” ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ახლა მათი სახლში წასვლის დროა,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია – ქვეყანაში კოვიდის მართვა ეფექტიანი რომ არ არის, ამას ის მოქალაქეები გრძნობენ, რომელთაც უწევთ ახლობელი გამონახონ, რათა მათთვის ადგილი იყოს საავადმყოფოში

ქვეყანაში კოვიდის მართვა ეფექტიანი რომ არ არის, ამას ის მოქალაქეები გრძნობენ, რომლებსაც უწევთ ახლობელი გამონახონ იმისთვის, რომ დარეკონ საავადმყოფოში, რადგან მათთვის ადგილი იყოს , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება გართულებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ვერ მართავს.

„მქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები მომმართავდნენ, რადგან სასწრაფოს ბრიგადას არ შეეძლო მათი დარეკვის გარეშე გადაყვანა. სიკვდილიანობის მაჩვენებლით საკმაოდ სავალალო შედეგები გვაქვს, ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა ამ კუთხით, არაერთი კითხვა და გამოძიება ყოფილა ამ თანხების ეფექტურობასთან დაკავშირებით.

ალბათ, ყველას გახსოვთ რობოტი „პეპერსი“, თუ იცით სად არის ეს რობოტი დღეს?! ის არის “city mall”-ის შესასვლელთან, როდესაც „პეპერსის“ გაპიარების მცდელობა იყო, მხოლოდ ამით დასრულდა. 2020 წელს 500 000 ლარი გადავიხადეთ პროგრამაში, რომელმაც საბოლოოდ შედეგი ვერ გამოიღო.

მგონი, ყველამ ვიცით პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის საქმიანობის იმ ექსპერტების შეფასებები, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ითხოვდნენ, რომ ისეთი პროგრამა ყოფილიყო კოვიდპასპორტებზე, როგორზეც დღეს არის საუბარი. ახლა საუბარია იმ კოვიდ პასპორტებზე, რომელიც შეიძლება სამუდამო იყოს და არაფერი, რომ არ შეიძლება იყოს სამუდამო, მაშინ როდესაც კოვიდზეა საუბარი, მგონი ვთანხმდებით, ესეც ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც პარლამენტში უნდა გვემსჯელა.

საერთოდ რისთვის გვაქვს პარლამენტი?! რისთვის არის საპარლამენტო წყობა ამ ქვეყანაში, თუ ყველაფერს ვანდობთ მთავრობას?! ჩვენ არც კი ვსაუბრობთ, რამდენად ეფექტიანი იყო ეს ყველაფერი. რატომ არ შეიძლება მეტი ინკლუზიური პროცესი იყოს, მათ შორის მსჯელობასთან დაკავშირებით?! ექსპერტები, რომლებიც თვეების მანძილზე საუბრობდნენ პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებზე, ვხედავთ, რომ მოგვიანებით აკეთებს ამას ხელისუფლება. დაგვიანებას აქვს თავისი ფასი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეზე გადის“, – განაცხადა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის იდეას ტესტებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე მთავრობა დასცინოდა, შემდგომ კი, ეს პანდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთი ეფექტური გზა აღმოჩნდა.

„შეგახსენებთ ინიციატივებს, რომელიც “სტრატეგია აღმაშენებელს” ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში ჰქონდა, როდესაც მთავრობა დასცინოდა ტესტებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე გიორგი ვაშაძეს, შემდგომ აღმოჩნდა, რომ ტესტები იყო პანდემიასთან ბრძოლის გზა. ვაქცინაციაზეც დღეს გვეუბნებიან, რომ ჩავარდნაა კამპანიასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ პარლამენტში. არიან სპეციალისტები, რომლებიც შეგვიძლია შემოვიყვანოთ ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ პარლამენტმა დაიტოვოს ის უფლებამოსილება, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ახლა იმყოფებიან კლინიკაში და ებრძვიან ამ უმძიმეს დაავადებას, შევინარჩუნოთ სიცოცხლე, რომლის დაკარგვის უფლებაც ქვეყანას არ აქვს”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პაატა მანჯგალაძე – ვუსმენ „ქართული ოცნების” განცხადებებს და გაკვირვებული ვარ, ამ ახალგაზრდა ადამიანებმა, რომლებსაც წესით საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ, სად ისწავლეს „კაგებეს” შენიღბვის მეთოდები

ორი დღეა ვუსმენ „ქართული ოცნების” განცხადებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კანონპროექტთან დაკავშირებით და გაკვირვებული ვარ ამ ახალგაზრდა ადამიანებმა, რომლებსაც წესით საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ, სად ისწავლეს “კაგებეს” შენიღბვის მეთოდები, თითქოს საუკეთესო იდეა შემოგვთავაზეს, როცა ამ იდეის მთავარი სულისკვეთება არის დასჯა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, რომელმაც გაბედა განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზანი სახელმწიფო უწყების და კონკრეტულად ლონდა თოლორაიას დასჯაა.

“არანაირი კეთილი იდეა, თითქოს ეს ნაკარნახევი იყოს ევროპული პრაქტიკით პერსონალური მონაცემების და გამოძიების გაყოფით, ამ ცვლილებების უკან არ დგას, მაშინ ეს უნდა გაკეთებული სხვანაირად. უნდა ეთქვათ, რომ ვიწყებთ კონსულტაციებს, გადავდივართ ევროპულ სტანდარტზე, ევროპულ პრაქტიკაზე და არც არავინ იქნებოდა წინააღმდეგი. ამიტომ აკეთებენ ფარულად და სწრაფად, რომ მიზანი არის სახელმწიფო უწყების და კონკრეტულად ლონდა თოლორაიას დასჯა იყოს სამაგალითო და პრევენციული სხვებისთვის”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას – რატომ იღებთ ამ კანონს?! რაღაცის გეშინიათ?! გამოდის, რომ ლონდამ შეგაშინათ

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველი პარტიის წევრებს კითხვით მიმართა.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ეს კიდევ ერთი ფარსია, რომელსაც “ქართული ოცნება” აწყობს

“ბევრი კითხვაა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ეს კიდევ ერთი ფარსია, რომელსაც “ქართული ოცნება” აწყობს. ძლივს ამ ქვეყანაში შეიქმნა დამოუკიდებელი ინსტიტუციის ჩანასახი და ფაქტია, რომ თქვენ ამის მოშთობა გინდათ, ამიტომ მე კითხვა მაქვს, რა არის ამის რეალური მიზეზი?! რატომ იღებთ ამ კანონს?! რაღაცის გეშინიათ?! გამოდის, რომ ლონდამ შეგაშინათ! გეშინიათ და ამიტომ იღებთ ამ კანონებს?! თქვენი აზრით თქვენი თანაგუნდელები, რატომ არ არიან?! სრცხვენიათ ამ კანონპროექტის განხილვაზე მონაწილეობა?! სულ 4-5 კაცი იყავით დარბაზში, პირველი შემთხვევაა, რომ ოპოზიცია უმრავლესობაში იმყოფებოდა აქ, რა მოხდა შეეშინდათ?! არ უნდათ მონაწილეობის მიღება?! სრცხვენიათ, რომ ასეთ საძაგელ კანონს იღებთ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე?!  უკან მოიხედეთ, აბსოლუტურად ცარიელია ტრიბუნები, ეს მიუთითებს რამდენად მძიმე ვითარებაა”, – გიორგი ვაშაძე