თავდაცვა, სტრატეგია აღმაშენებელი



ეროვნული უსაფრთხოება 

და ტერიტორიული მთლიანობა

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობის შექმნა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნეა არა მხოლოდ მთავრობა, არამედ მთლიანად საზოგადოება. ამიტომ, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა ეფუძნებოდეს ერთიან სამთავრობო მიდგომას და ხორციელდებოდეს კერძო და არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეების ჩართულობით.

დროულად განვაახლებთ ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებს: საფრთხეების შეფასების დოკუმენტს, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას, თავდაცვის ეროვნული სტრატეგიას.

აღნიშნული დოკუმენტების განახლება, ისევე როგორც ინსტიტუციური და სამართლებრივი ცვლილებები, განხორციელდება ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესის შედეგად.

დღეს ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს კრიზისის დეფინიციას და განმარტებას, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახის კრიზისის პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილებების შემუშავება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება. შესაბამისად, კრიზისების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა როგორც სამართლებრივ, ისე ინსტიტუციურ დონეზე და მისი კოორდინაცია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა.

ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა იყოს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ადეკვატური და ითვალისწინებდეს დასავლეთის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას. კანონმდებლობაში 2018 წლიდან შეტანილი ცვლილებებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, ამოქმედდება ერთდროულად ორი სათათბირო საბჭო: ერთი პრემიერთან და მეორე პრეზიდენტთან, რაც არ ეფუძნება არც დასავლეთის საუკეთესო პრაქტიკას და არც თანამედროვე სახის უსაფრთხოების გამოწვევებს შეესაბამება. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას, როგორც მშვიდობიანობის, ისე საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს, უნდა გეგმავდეს და კოორდინაციას უწევდეს ერთი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩავრთავთ კერძო და სამოქალაქო სექტორს. ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმისას დავიცავთ დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს.

ინიცირებას მოვახდენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის, რაც გულისხმობს ამ სამსახურის მიზანთან შეუსაბამო ანტიკორუფციული საქმიანობის სამსახურის მისი უწყებრივი სტრუქტურიდან გატანას, უწყების დეპოლიტიზაციას, პარალელური საგამოძიებო სისტემებისა და არასასურველი კონკურენციისა თუ უფლებამოსილებების გადამეტების კანონით რეგულირებას.

     შესაბამისად:

  • დროულად განვაახლებთ ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებს.
  • აღნიშნული დოკუმენტების განახლება, ისევე როგორც ინსტიტუციური და სამართლებრივი ცვლილებები, განხორციელდება ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესის შედეგად.
  • შევქმნით კრიზისების მართვის ეფექტიან სისტემას ინსტიტუციურ და სამართლებრივ დონეზე.
  • მოვახდენთ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირებას და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩავრთავთ კერძო და სამოქალაქო სექტორს.
  • ვუზრუნველყოფთ უსაფრთხოების სექტორში დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს.
  • მოვახდენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმას.

 

ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი

საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ამ მიზნის უზრუნველყოფისთვის:

  • შევიმუშავებთ დეოკუპაციის გრძელვადიანი პოლიტიკის შესაბამის  სტრატეგიას.
  • შევიმუშავებთ რუსეთის ჰიბრიდული ომის ტაქტიკაზე საპასუხო ქმედით სტრატეგიას, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით დავიწყებთ ეროვნული მედეგობის ამაღლებისკენ კონკრეტული ზომების გატარებას.
  • გავაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას.
  • ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გავზრდით ჟენევის ფორმატის ეფექტიანობას.
  • ხელს შევუწყობთ ნდობის აღდგენას და სახალხო დიპლომატიას.
  • გავაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას, რათა საქართველო მიმზიდველი გახდეს მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის.
  • უპირობოდ შევთავაზებთ წარმატებულ კონკრეტულ პროექტებს ოკუპირებულ რეგიონებს.

 

მცოცავი ოკუპაცია

რუსული აგრესიული პოლიტიკის შედეგად მკვეთრად გაიზარდა „მცოცავი ოკუპაცია“, უკანონო ბორდერიზაცია და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, მათ შორის  გატაცების, უკანონო პატიმრობისა, წამების და მკვლელობის ფაქტები.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მხრიდან ეს ყოველივე შეფასდა როგორც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, დღემდე არ შექმნილა შესაბამისი ანტიანექსიური/ანტისაოკუპაციო სტრატეგია, არ ამოქმედებულა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, არასასურველ დონეზეა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გააქტიურება.

მცოცავი ოკუპაციისგან ქვეყნის უკეთ დასაცავად შემდეგი ნაბიჯების ინიცირებას ვგეგმავთ:

  • დავიწყებთ ანტისაოკუპაციო/ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავებას, სადაც მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ფართე საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას და ამ გზით შევქმნით ზოგად კონსენსუსს მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო ნაბიჯების შესახებ.
  • გავააქტიურებთ საერთაშორისო ძალისხმევას ყველა ოფიციალური თუ არაოფიციალური ფორმატების გამოყენებით.
  • ავამუშავებთ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას.
  • საოკუპაციო გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გაზრდისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ მათი შეზღუდული უფლებების აღდგენის მიზნით შევიმუშავებთ ინიციატივას, რათა გაიზარდოს შსს-ს მანდატი და ეფექტიანობა, რაც გულისხმობს ოკუპაციის ხაზის მონიტორინგის გახშირებას, სათვალთვალო კამერების დამონტაჟებასა და სხვა ინიციატივებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება ანტისაოკუპაციო სტრატეგიასთან.
  • იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მედეგობა, შევიმუშავებთ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობაზე ორიენტირებულ და გამიზნულ საგანგებო პოლიტიკას – სპეციალური სოციალური პროექტების, სპეციალური ფონდის და/ან „ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების განვითარების კანონის“ შექმნის სახით (ან შესაბამისი ცვლილებებით კანონში „ოკუპაციის შესახებ“) – რომელიც მიმართული იქნება ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.
  • ანტიანექსიური/ანტისაოკუპაციო სტრატეგიის შესაბამისად შევიმუშავებთ სტრატეგიულ კომუნიკაციას ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
  • გავააქტიურებთ ძალისხმევას ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის სრული ამოქმედებისთვის.

 

ეროვნული თავდაცვა

 

იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს სრულფასოვნად თავდაცვის ორგანიზაცია, მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს ადეკვატური და დროში გაწერილი ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტები, რომელიც მიღებულია ეროვნული თანხმობის საფუძველზე და უზრუნველყოფილია მათი განხორციელების განგრძობითობა.

2018 წლიდან გასაახლებელია საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უნდა შექმნილიყო სახელმწიფო თავდაცვის სფეროში მთავარი ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტი: ეროვნული თავდაცვის სტრატეგია და თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტი-საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა. ამ დოკუმენტიდან უნდა გამომდინარეობდეს თავდაცვის ბიუჯეტის დაგეგმვაც გრძელვადიანი პერსპექტივით.

მიუხედავად იმისა, რომ ტოტალური თავდაცვის პრინციპი 2006 წლიდან არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში და სამხედრო სარეზერვო სამსახური ამ პრინციპს ეფუძნება, დღემდე არ არსებობს დამტკიცებული ტოტალური თავდაცვის კონცეფცია.  ზემოხსენებული დოკუმენტებისა და ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შემდეგ აუცილებლად მიგვაჩნია სამხედრო სავალდებულო სამსახურის, ისევე როგორც რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის რეფორმირება.

მას შემდეგ, რაც ადეკვატურად შეფასდება სამხედრო საფრთხეებთან მიმართებით ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები და საჭიროებები, გამოიკვეთება შესაბამისი მიზნები და ამოცანები ეროვნულ დონეზე, შემდგომი ნაბიჯად მოვახდენთ თავდაცვის სფეროში შესაბამისი სამართლებრივი სახის ცვლილებების ინიცირებას. ისევე როგორც ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების თავდაცვითი მიზნებისთვის მომზადება, თანამედროვე სამხედრო შეიარაღებისა და საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა, სამხედრო განათლების ეფექტიანი სისტემა.

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად, ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად უმნიშვნელოვანესია თავდაცვის სფეროში მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების გამოყენებით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან თავდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებს, ისევე როგორც  სხვა პარტნიორ ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებას.

თავდაცვის ორგანიზაციის პროცესში განვახორციელებთ დემოკრატიული კონტროლს და ვუზრუნველყოფთ საჯაროობას, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ქართული დემოკრატიისთვის, ისე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესის შეუქცევადობისთვის.

 

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის პრიორიტეტულია:

  • თავდაცვის მიზნების და ამოცანების შესრულებისთვის ოპტიმალური საბრძოლო შესაძლებლობების მქონე თავდაცვის ძალები.
  • ბრძოლისუნარიანობის სწრაფი ამაღლება თავდაცვის ბიუჯეტის საგრძნობი გაზრდით, თანამედროვე აღჭურვილობის და ახალი ტექნოლოგიების შეძენის გზით და საბრძოლო მომზადების/სწავლებების დონის ამაღლებით.
  • ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების ადეკვატური თავდაცვის ძალების დაკომპლექტების ოპტიმალური სისტემის დანერგვა.
  • თავდაცვის კრიტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარება.
  • ტოტალური თავდაცვის პრინციპების სწრაფი გატარება, ე.ი. ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და საკომუნიკაციო სისტემის დაცულობის გაზრდა, მატერიალური და სხვა მარაგების შექმნა, საზოგადოების თავდაცვის მიზნებისთვის აქტიური მომზადება.
  • მოსახლეობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და საჭირო რაოდენობის სარეზერვო ქვედანაყოფების ოპტიმალური აღჭურვა-მომზადება.
  • ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარება, საქართველო-ნატოს სამხედრო ინფასტრუქტურის გაფართოება. მათი ქვედანაყოფების და საქართველოს თავდაცვის ძალების ერთობლივი სამხედრო  სწავლებების ინტენსიფიკაცია.
  • თავდაცვის სფეროში მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების გამოყენებით. მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან თავდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტების, ისევე როგორც სხვა პარტნიორ ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცება.
  • სამხედრო მოსამსახურეთა განათლების, კარიერისა და ადეკვატური სოციალური პირობების უზრუნველყოფა.
  • სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა,  საზოგადოებრივი ჩართულობის ზრდა.