გიორგი ვაშაძე – ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, „ქართული ოცნების“ არჩევანია – მოსკოვი

ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, “ქართული ოცნების” არჩევანი არის მოსკოვი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.

გიორგი ვაშაძის თქმით, მათი მთავარი მიზანია საქართველო არ ასცდეს ევროპისკენ გზას და კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ.

„ ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, სწორედ ამით განვსხვავდებით ჩვენ ,,ქართული ოცნებისგან”, ჩვენი არჩევანი არის ბრიუსელი, “ქართული ოცნების” არჩევანი არის მოსკოვი. რაც შეეხება ევროპელების გზავნილებს, ისინი სამწუხაროდ, ვერ ხედავენ პოლიტიკურ ნებას მმართველ ძალაში.

ხაზგასმით ვამბობ, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს უფრო რთული რეფორმები უფრო მოკლე ვადაში შეუსრულებია და ამ რაღაც გარჩევებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი.

ჩვენ შევხვდით საგარეო უწყებას, ბატონ რუფს, შევხვდით იმ ჯგუფს, რომელმაც 12 რეკომენდაცია მოამზადა, იმ ადამიანებს, რომლებიც კვლავ დიდი წუხილით ამბობენ, რომ 12 პუნქტის გაცემის შემდგომ გავიდა თვეები, მაგრამ შედეგი კვლავ არ ჩანს.

ეს შედეგი პირველ რიგში ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ უნდა აჩვენოს. ჩვენ, ოპოზიცია გუშინ შევედით და მხარიც კი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამით ვაჩვენეთ კონსტრუქციულობა”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *