8 აპრილს მპგ ,,გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ მორიგი ყრილობა გაიმართება

8 აპრილს 14:00 საათზე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში(მის: ქ.თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი 1) გაიმართება მპგ ,,გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ მორიგი ყრილობა.

ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია: წესდებაში ცვლილებები, გაერთიანების თავმჯდომარის არჩევა, სარევიზიო კომისიის და პოლიტიკური საბჭოს წევრების არჩევა.

გიორგი ვაშაძე – პარტნიორებისთვის ნათელია, სამწუხაროდ, სად დგას „ქართული ოცნება“ – ყოველ ჯერზე, როცა დავინახავთ, რომ ჩვენი შეკრება გადამწყვეტი და აუცილებელია, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ერთად უნდა დავდგეთ

ყოველ ჯერზე, როცა დავინახავთ, რომ ჩვენი შეკრება გადამწყვეტი და აუცილებელია, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ერთად უნდა დავდგეთ, რათა წლის ბოლოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „რუსული კანონის“ გაწვევამ და პროტესტმა კვლავ შანსი გააჩინა, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის მხრიდან საქართველომ დადებითი პასუხი მიიღოს.

„რუსული კანონის“ გაწვევამ და პროტესტმა კვლავ შანსი გააჩინა, რომ წლის ბოლოს დადებითი პასუხი მივიღოთ. „ქართული ოცნებას“ თავისი რომ გაეტანა, წლევანდელ წელს ევროკავშირის მხრიდან რაიმე ტიპის პოზიტიური მოლოდინი დასრულდებოდა. შესაბამისად, იმისათვის, რომ წლის ბოლოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მნიშვნელოვანია სამი კომპონენტი.

პირველი, ეს არის 12 პუნქტის და რეფორმების შესრულება. დეოლიგარქიზაციის და მართლმსაჯულების კანონის შესახებ, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას კვლავ ტყუილს ეუბნება, თითქოს ვინმეს ეს კანონები მოსწონს, მაგრამ ეს შესრულებულად არ ჩაითვლება. ეს პირდაპირ ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, ამ კანონებთან დაკავშირებით, ეს არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების ცალსახა პოზიცია.

მეორე, ჩვენს პარტნიორებზე თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ყველა ვინც საქართველოში ელჩი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ გადაიმტერა, ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები და პოლონეთი – ყველა მათგანი ყველა დისკუსიაში ჩვენი „პრომოუტერი“ და ელჩი იყო.

მესამე, უკრაინასთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს, ეს არის აუცილებელი ამოცანა, რაც ჩვენ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სწორედ მკაფიო მიზნის გარშემო უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანობა, რომ საქართველომ ევროპული პერსპექტივა არ დაკარგოს. როცა ჩვენ „ქართული ოცნების“ განცხადებებს ვხედავთ, პროტესტი აუცილებელია. ამის გარეშე არ გამოვა. ყოველ ჯერზე, როცა დავინახავთ, რომ ჩვენი შეკრება გადამწყვეტი და აუცილებელია, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ერთად უნდა დავდგეთ: საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია, ცნობილი ადამიანები და ა.შ. ყველა საქართველოს ისტორიული შესაძლებლობისთვის უნდა გაერთიანდეს. მთელი ევროპა გულშემატკივრობს ქართველ ხალხს, სამწუხაროდ, მათთვის ნათელია „ქართული ოცნება“ სად დგას“, – განაცხადა ვაშაძემ.

პაატა მანჯგალაძე – თუ საჭირო იქნება, უნდა გამოვიდეთ და როგორც ფიზიკურად დავიცავით ქვეყანა რუსული კანონისგან, ასევე უნდა მოვითხოვოთ 12 პუნქტის შესრულება – ეს არის გამოსავალი და არა ფასადივით ჯდომა სამუშაო ფორმატებში

უნდა გამოვიდეთ და როგორც ფიზიკურად დავიცავით ქვეყანა რუსული კანონისგან, ასევე უნდა მოვითხოვოთ 12 პუნქტის შესრულება ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მან ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების კონტექსტში სამუშაო ფორმატზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა „ფასადია“, „ქართული ოცნება“ უნდა აიძულონ, რომ 12 პუნქტი შესრულდეს და მათ შორის “უნდა იბრძოლონ ფიზიკურად”.

„მთავარია, არ ავყვეთ „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, თითქოს ოპოზიციას შეუძლია ხელი შეუშალოს რეკომენდაციების შესრულებას. 80 – კაციანი უმრავლესობა ჰყავთ პარლამენტში და ნებისმიერ კანონის მიღება შეუძლიათ. ოპოზიციისკენ ხელის გაშვერა ხალხის მოტყუებაა. პირიქით, ჩვენ ვეხმარებით.

ჩალის ფასი არ აქვს კანდიდატის სტატუსს. კანდიდატის სტატუსის გარეშე ევროკავშირის წევრობა არ ხდება. თუ ევროპა გვინდა, კანდიდატის სტატუსი და 12 პუნქტის შესრულება თანაბრად მნიშვნელოვანია, ამას „ქართული ოცნება“ უშლის ხელს.

სამუშაო ფორმატებში, სადაც არ ვმონაწილეობდით, ვამბობდით, რომ ფასადია სამუშაო ფორმატი. ეს გამოჩნდა კიდეც. მიიღეს დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე არ ვრცელდება, დაწერეს საარჩევნო რეფორმა, რომელიც ფსევდო რეფორმაა… რეალურად ფასადური იყო.

რეალურად რამ იმოქმედა და რამ შეაშინა? „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამბობდა, რომ ქუჩის პროტესტის გარეშე „ქართული ოცნება“ არაფერს დათმობდა. არ მესმის ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების ნიშნით მოგებით საუბარი: „სამუშაო ჯგუფები“. სამუშაო ჯგუფი კი არა, უნდა გამოვიდეთ და როგორც ფიზიკურად დავიცავით ქვეყანა რუსული კანონისგან, ასევე უნდა მოვითხოვოთ 12 პუნქტის შესრულება. ეს არის გამოსავალი და არა ფასადივით ჯდომა სამუშაო ფორმატებში. სამუშაო ფორმატში ჩართულები ვიყავით, კომიტეტებზე ვესწრებოდი. რომელიც მედიასთან არის დაკავშირებული, არჩევნებთან და კორუფციასთან არცერთი რეკომენდაცია არ შეასრულეს. თავს რატომ ვიტყუებთ?!

[ოპოზიციის] გაერთიანება არ გამოდის, კოორდინაციაა აუცილებელი საქართველოს თავისუფლებისთვის და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის.

უნდა ვიმუშაოთ, ქვეყნის შიგნით ხალხს კარგად უნდა ავუხსნათ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი, პარლამენტის შიგნით „ქართული ოცნება“ რამენაირად უნდა ვაიძულოთ, რომ ქვეყანა არ დატოვოს რუსულ ჭაობში, მათ შორის, ფიზიკურად ვიბრძოლოთ, თუ საჭირო იქნება. ეს არის ფორმულა“, – აღნიშნავს მანჯგალაძე.

გიორგი ვაშაძე – ევროპარლამენტარებთან ვმსჯელობთ, როგორ არ დაისაჯოს საქართველო და ქართველი ხალხი და რა ვუყოთ ხელისუფლებას – ვთანხმდებით, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი

ოთხი ოპოზიციური პარტიის – „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალური მოძრაობის“ „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლებმა სტრასბურგში, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ლიდერები აცხადებენ, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას ევროპარლამენტარების დიდი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების ნებას არ გამოხატავს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამოცანა არის საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამისთვის ოპოზიცია მზად არის ნებისმიერი პასუხისმგებლობა აიღოს.

“დილემა ასეთია – ხელისუფლება რუსეთისკენ მიმართული, ხალხი – ევროპისკენ. როგორ არ დაისაჯოს საქართველო და ხალხი და რა ვუყოთ ხელისუფლებას – ეს არის ის შინაარსი, რაზეც ვმსჯელობთ და აქ ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ, ოპოზიციამ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და საერთო წნეხი, რომელიც ჩვენ შევქმენით ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების მონაწილეობით, რამაც შეიძლება საბოლოო გამარჯვება მოიტანოს, რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები,“ – განაცხადა ვაშაძემ.

სერგო ჩიხლაძე – ევროპარლამენტარები ნათლად ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ევროპისკენ, ხოლო „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ – ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება

ევროპარლამენტარები ძალიან ნათლად ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, ხოლო „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ. ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ სტრასბურგში ევროპარლამენტართან და „ალდეს“ პრეზიდენტთან, ილჰან კიუჩუკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ანგარიშს უკვე აღარავინ უწევს და მხოლოდ ოპოზიციაა ის ძალა, რომელთანაც ევროპელ კოლეგებს საუბარი სურთ.

ამასთან, როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ „ალდე“ ევროპარლამენტარებისგან შემდგარ სპეციალურ მისიას დააინიცირებს, რომელიც საქართველოში ჩამოვა და პოლიტიკოსებს შეხვდება.

“ჩვენ ვმუშაობთ, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი! დღეს შეხვედრაზე „ალდეს“ პრეზიდენტმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერა. პირველი ის, რომ როგორც „ალდე“, ისე სხვა პოლიტიკური ოჯახები, ძალიან ნათლად ხედავენ, საქართველოს მოსახლეობა არის ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, ხოლო „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ. ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება!

მეორე – “ალდე” დააინიცირებს ევროპარლამენტარებისგან შემდგარ სპეციალურ მისიას, რომელიც ჩამოვა, მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის და პოლიტიკურ მოთამაშეებს შეხვდება, განსაკუთრებით ოპოზიციას.

მესამე – „ქართულ ოცნებას“ უკვე აღარავინ უწევს ანგარიშს და მხოლოდ ოპოზიციაა ის ძალა, რომელთანაც ჩვენს ევროპელ კოლეგებს საუბარი სურთ.

ოპოზიციამ ევროკავშირის ინტეგრაციასთან მიმართებით ინიციატივა ხელში უნდა აიღოს, სხვა ალტერნატივა არ არის, რადგან ყველა ხედავს, მათ შორის ევროპაში, რომ ხელისუფლება არის პრორუსული!“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე ბრიუსელში, შარლ მიშელის ოფისში შეხვედრა გამართეს

სამი ოპოზიციური პარტია სტრასბურგის შემდეგ შეხვედრებს ბრიუსელში განაგრძობს. „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა შეხვედრა უკვე გამართეს შარლ მიშელის ოფისთან. პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე იგეგმება ევროკავშირის საგარეო ჯგუფთან და 12 რეკომენდაციაზე მომუშავე ჯგუფებთან შეხვედრა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, დაგეგმილ შეხვედრებზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები იქნება.

„სამი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს, ეს არის შარლ მიშელის ოფისთან, ევროკავშირის საგარეო ჯგუფთან, რომელიც მუშაობს საქართველოს საკითხებზე და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის „დიჯინეარი“, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზე მუშაობს და ანგარიშებს ამზადებს 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი მიზანი ამ შეხვედრებზე არის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იყოს სიცხადე რეფორმების თვალსაზრისით, რომ ეს თაღლითობა, მოტყუება, რაც „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს, არ გაუვიდეს. ჩვენ ხომ ვხედავთ, როცა მკაფიოა, რა არის გასაკეთებელი, მათაც ხალხის ძალისხმევით უწევთ ამის გაკეთება. ამ მექანიზმის მოქოქვას ვცდილობთ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რუსული სცენარი საქართველოში არ განხორციელდეს, რისი გაკეთებაც „ქართულ ოცნებას“ უნდა“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე – ევროპარლამენტარების ძირითადი გზავნილია, რომ ფასადური რეფორმებით და ცვლილებებით ევროკავშირში ინტეგრაცია ვერ მოხდება

ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით ხაზი გაესვა რუსულ კანონთან დაკავშირებულ საკითხს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტში უნგრეთის, რუმინეთისა და დანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ევროპარლამენტარების ძირითადი გზავნილია, რომ ფასადური რეფორმებით და ფასადური ცვლილებებით ევროკავშირში ინტეგრაცია ვერ მოხდება.

“შევხვდით ევროპარლამენტის წევრებს, რენიუს პოლიტიკური ჯგუფიდან, რომლებიც წარმოადგენენ უნგრეთს, რუმინეთს და დანიას ევროპარლამენტში.

ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით ხაზი გაესვა რუსულ კანონთან დაკავშირებულ საკითხს და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს.

ევროპარლამენტარების ძირითადი გზავნილია, რომ ფასადური რეფორმებით და ფასადური ცვლილებებით ევროკავშირში ინტეგრაცია ვერ მოხდება, ამიტომ საჭიროა რეალური რეფორმები „ქართული ოცნების” მხრიდან!

მეორე, მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ ყველამ დაინახა, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და განსხვავებით ხელისუფლებისგან, მომართულია ევროპისკენ.

და კიდევ ერთი დასკვნა, „ქართული ოცნება” არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და არ არის მოტივირებული, წაიყვანოს ქვეყანა ევროპისკენ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის”, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერები ბრიუსელში გაემგზავრნენ

პარტია „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლებასა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები ერთობლივი ვიზიტით ევროპარლამენტში, სტრასბურგსა და ბრიუსელში ევროკომისიის სტრუქტურებში შეხვედრებს გამართავენ.

პარტიის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში უკვე გაემგზავრნენ.

ვიზიტის მიზანი იმ პრობლემების განხილვაა, რომელიც სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს.

“სტრატეგია აღმაშენებლის”, “გირჩი მეტი თავისუფლების” და “დროას” ერთობლივი განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის ინფორმაციით, ვითარება სწრაფად მძიმდება. სააკაშვილს აღენიშნება კახექსია, კუნთების განლევა, ცხელება და სხვა მრავალი მძიმე სიმპტომი. მიუხედავად რამდენიმე თვიანი გამოკვლევებისა და საუკეთესო სამედიცინო პერსონალის აქტიური ჩართულობისა, საქართველოში ვერ მოხერხდა ამ სიმპტომების გამომწვევი დაავადების იდენტიფიცირება და დიაგნოზის დასმა. ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, მესამე პრეზიდენტის არსებული მდგომარეობა ითვალისწინებს პირის სასჯელისაგან გათავისუფლებას. ამერიკელი ექსპერტის, დევიდ სმიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა მიხეილ სააკაშვილის მძიმე მეტალებითა და დარიშხანით მოწამვლის კვალი.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლება და მკურნალობის კურსის საზღვარგარეთ ჩატარებაა. ამგვარი გადაწყვეტილების დაყოვნებამ შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გამოიწვიოს ჯანმრთელობის გამოუსწორებელი ზიანი, ან სიცოცხლის მოსპობა.

ამ პრობლემის მოგვარება სცდება რომელიმე ცალკეული პოლიტიკური პარტიის შიდა დღის წესრიგს და წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ერთიანობისა და სტაბილურობის, საქართველოს ევროპული მომავლის საკითხს და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

8 დეკემბერს პოლიტიკური პარტიების „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“-ს ლიდერები გავმართავთ შეხვედრას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” მიხეილ სააკაშვილის საკითხისა და მის გარშემო საერთო სამოქმედო გეგმის განსახილველად.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ძალიან სამარცხვინოა, როდესაც უკრაინაში ერთ დღეში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ამ საკითხზე ხელისუფლება დუმს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ძალიან სამარცხვინოა, როდესაც უკრაინაში ერთ დღეში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ამ საკითხზე ხელისუფლება დუმს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში.

„ძალიან სამწუხაროა, რომ 5 გმირი დავკარგეთ ერთ დღეში. ძალიან დიდი დანაკარგი აქვს საქართველოს უკრაინის ომში, მაგრამ ეს ომი რომ ჩვენი ომია, სწორედ ამით დასტურდება იმიტომ, რომ ამ გმირების სახელი უკვალოდ არ ჩაივლის და აუცილებლად დადგება დრო, როცა ჩვენ ღირსეულ პატივს მივაგებთ მათ და მთელი სახელმწიფო იამაყებს ამ ადამიანების სახელებითა და გვარებით. პირველ რიგში, ოჯახის წევრებს მივმართავ, ამაყი უნდა იყოთ, რომ ასეთი გმირები გაუზარდეთ ჩვენს სამშობლოს. რაც შეეხება “ქართული ოცნების” პოზიციას, სამარცხვინო კი არა, ადამიანურადაც კი წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება დაკარგო ადამიანმა სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, პატრიოტიზმი, რომ სიტყვა არ დაძრა ამ საკითხზე. ვფიქრობ, აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქცია აქვს საქართველოში მთელ საზოგადოებას, როცა ხედავენ დუმილს პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ სიტყვასაც კი არ ამბობენ ამ თემასთან დაკავშირებით. დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიანებით ორი სიტყვა გაიმეტა ამ გმირებთან მიმართებით. ეს არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში”,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ 5 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.