სერგო ჩიხლაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება”, „დროა“, „ლელო“ და  სხვა პროდასავლური პარტიები იქნებიან ისინი, რომლებიც მდინარაძეს, კობახიძეს და სხვებს გაისტუმრებენ ოპოზიციაში – პირობას ვაძლევ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ შესაძლოა მოხდეს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, საუბარი არ არის, გაერთიანებაზე და არც კოალიციის შექმნაზე.

მისივე თქმით, საუბარია ქმედებების კოორდინაციაზე სხვადასხვა პროევროპულ პარტიებს შორის.

როგორც ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული.

მისი თქმით, ხელისუფლება არ შეიცვლება თუ არ იქნება სხვა სახის წნეხი.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპროტესტო აქციებს შეუერთდება თუ იქნებ კარგად გაწერილი გეგმა.

გიორგი ვაშაძის განცხადება დაანონსება არ ყოფილა. პირდაპირ ითქვა, რომ არ არის ლაპარაკი ერთ გაერთიანებაზე, არ არის ლაპარაკი კოალიციაზე, მითუმეტეს, კოალიცია დგება ან წინა საარჩევნოდ ან გამარჯვების შემდეგ გამარჯვებულ ძალებს შორის, ამიტომ ამაზე საუბარი არ არის. საუბარია ქმედებების კოორდინაციაზე სხვადასხვა პროევროპულ პარტიებს შორის. ყველამ, ვინც პროდასავლურ ძალებად მოვიაზრებთ თავს, გადავწყვიტეთ, რომ აქტიური ქმედებების დროა, იგივე ხალხთან კომუნიკაცია, მოსახლეობასთან შეხვედრა. ჩავთვალეთ, რომ რასაც აქამდე ვაკეთებდით არ არის საკმარისი. საუბარია იმაზე, რომ თუ გვინდა ევროპის საკითხების წინ წამოწევა, პრორუსულობის საფრთხე ადამიანებს უკეთ დავანახოთ, ამასთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა პარტიები წავიდეთ და ერთად ვესაუბროთ საზოგადოებას.

ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული. ხელისუფლება არ შეიცვლება თუ არ იქნება სხვა სახის წნეხი, იგივე ქუჩის საპროტესტო აქციების, თუ არ იქნება წნეხი დასავლეთიდან და ბევრი სხვა მიმართულებები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ზოგჯერ კოორდინირებულად, ზოგჯერ პარტიულად. ეს არის პარალელური პროცესი, მე დასავლელ პარტნიორებთანაც მექნება კომუნიკაცია და პარლამენტშიც თუ კიდევ ერთხელ მოხდება „ქართული ოცნების“ მხილება, ამაშიც მივიღებ მონაწილეობას და, შესაბამისად, ქუჩის საპროტესტო აქციებშიც მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად გაწერილი უნდა იყოს. შეიძლება, რაღაც ეტაპზე დადგეს საკითხი, რომ არანაირი აზრი არ ჰქონდეს მანდატის ფლობას“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ არ არსებობს “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “დროა” და “გირჩი”, არსებობს ერთი პარტია “ნაცმოძრაობა“, ამასთან დაკავშირებით ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ეს ის პარტიები იქნებიან, რომლებიც მამუკა მდინარაძეს, ირაკლი კობახიძეს და სხვებს „ოპოზიციაში გაისტუმრებენ“.

„პირველად არ ხდება ოპოზიციური პარტიების დაკნინება. განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ეტყობა დისკომფორტი შევუქმენით მამუკა მდინარაძეს, ირაკლი კობახიძეს, რომ ხშირად გვახსენებენ. ერთ რამეს ვეტყვი ბატონ მდინარაძეს, რომ პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის, „დროა“, „ლელო“ და სხვა პროდასავლური პარტიები იქნებიან ის პარტიები, რომელიც მამუკა მდინარაძეს, ირაკლი კობახიძეს და სხვებს გაისტუმრებენ ოპოზიციაში, ამის პირობას ვაძლევ ბატონ მდინარაძეს“,- განაცხადა ჩიხლაძემ გადაცემაში.

გიორგი ვაშაძე – საქართველოს სჭირდება სამი რამ, რასაც პრო-რუსული „ქართული ოცნება“ არ აკეთებს – „ჰაიმარსები“, „პატრიოტები“ და „აბრამსის“ ტანკები, ასეთ შემთხვევაში რუსეთი ვერასდროს გაბედავს აგრესიას საქართველოზე

საქართველოს სჭირდება სამი რამ, რასაც პრო-რუსული „ქართული ოცნება“ არ აკეთებს – „ჰაიმარსები“, „პატრიოტები“ და „აბრამსის“ ტანკები, ასეთ შემთხვევაში რუსეთი ვერასდროს გაბედავს აგრესიას საქართველოზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე განცხადებით, თავს ვალდებულად თვლის, რომ უცხოელ კოლეგასთან აღნიშნული საკითხი განიხილოს, რადგან „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს.

„ჩვენ გვჭირდება „ჰაიმარსები“, „პატრიოტები“ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის და „აბრამსის“ ტანკები და ვერც კი გაბედავს ვერანაირი აგრესიის დაწყებას რუსეთი. ამას უნდა აკეთებდეს დღეს ხელისუფლება, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ადამიანი ჩამოდის. სამწუხაროდ, სადაც „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ნატო-ს წარმომადგენლებთან დავაყენო ეს საკითხი”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

პაატა მანჯგალაძე – კობახიძეს და ღარიბაშვილს რომ რეაქცია არ აქვთ იმაზე, რაც ლარსზე ხდება და არც იმაზე, საქართველოს მოქალაქეები რომ გარბიან, მიუთითებს, ვის ინტერესებს გამოხატავს ეს ხალხი – საქართველოს თუ რუსეთის?!

კობახიძეს და ღარიბაშვილს რომ რეაქცია არ აქვთ იმაზე, რაც ლარსზე ხდება და არც იმაზე, საქართველოს ათასობით მოქალაქე რომ ქვეყნიდან გარბის, მიუთითებს, თუ ვის ინტერესებს გამოხატავს ეს ხალხი – საქართველოს თუ რუსეთის?! ამ კითხვას ყველამ უნდა უპასუხოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს იმედი, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევით რაიმე არსებითად შეიცვლება, მაგრამ საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიონ და მოქალაქეებს გააგებინონ, რას აპირებენ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, საზღვარი უნდა ჩაიკეტოს, მხოლოდ ქართველები და ისინი, ვისაც საქართველოში ნათესავები ჰყავთ, უნდა შემოვუშვათ, ასევე ჰუმანიტარული მიზნებით უნდა ხდებოდეს შემოშვება, სხვებთან დაკავშირებით როგორც არის პრაქტიკა ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთში არის საუკეთესო პრაქტიკა და ეს უნდა გამოვიყენოთ საქართველოში. უსაფრთხოების საბჭო რა თქმა უნდა, უნდა შეიკრიბოს, რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და 4 წლის განმავლობაში პრეზიდენტი ერთხელ არ არის ნამყოფი ამ საბჭოზე. იმას არ ვამბობ, რომ თუ იქ სალომე ზურაბიშვილი მივა, ან ღარიბაშვილი და გომელაური რომ ერთად დასხდებიან, ამით რამე არსებითად შეიცვლება, მაგრამ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა დაისვას და საზოგადოებას უნდა გააგებინონ, რას აპირებენ. ის, რომ რაც ლარსის საზღვარზე ხდება, ამაზე რეაქცია არ აქვს კობახიძეს და ღარიბაშვილს და არც იმაზე აქვთ რეაქცია, საქართველოდან რომ საქართველოს ათასობით მოქალაქე გარბის, იმაზე მიუთითებს, თუ ვის ინტერესებს გამოხატავს ეს ხალხი – საქართველოს თუ რუსეთის?! ესაა ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც ყველამ უნდა ვუპასუხოთ,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – ხელისუფლების მიერ იმიტირებულ დემოკრატიულ პროცესში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ იმიტირებულ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროპული რეკომენდაციის პრინციპებს.

რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევის საკითხს, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი მონაწილეობას არ ვიღებთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ამ საკითხზე გამართულ კონსულტაციებში, რადგან მათ მიერ ინიცირებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროპული რეკომენდაციის იმ პრინციპებს, რომლებიც მოითხოვდა, რომ ყოფილიყო უფრო მეტი ჩართულობა არასამთავრობო ორგანიზაციების, ყოფილიყო უფრო მეტი გამჭვირვალობა და ღიაობა რითიც მოხდებოდა სახალხო დამცველის ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებლობა.

“ქართულმა ოცნებამ” კი პირიქით, წამოიწყო პროცესი, რომელიც არ არის არც გამჭვირვალე და არც ინკლუზიური, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობას აძლევს განსაზღვროს იმ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მოახდენს კანდიდატების შეფასებას, რაც წარმოადგენს მიზანმიმართულს ხელის შეშლას და სამოქალაქო სექტორის მიერ წამოწყებული პროცესის დაზიანებას.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პროცესი არის ფსევდო ინკლუზიური, ფსევდო გამჭვირვალე, ფსევდო დემოკრატიული და ხელისუფლების მიერ იმიტირებულ დემოკრატიულ პროცესში „სტრატეგია აღმაშენებელი” მონაწილეობას ვერ მიიღებს რადგან „ოცნების“ მიერ წამოწყებული ეს პროცესი მიზნად ისახავს საკუთარი სასურველი კანდიდატის გაყვანას” , – აღნიშნულია განცხადებაში.

მათთვის საფრთხის შემცველია გიორგი ვაშაძის შეხვედრები ამერიკის ელჩთან, ამიტომ, “სტრატეგია აღმაშენებლის” ორგანიზაციაში, ნერგავენ ინფორმატორებს, ამ მიზნით იყენებენ და აფუჭებენ ახალგაზრდებს – სტრატეგია აღმაშენებელი

“სტრატეგია აღმაშენებელი” ტელეკომპანია პირველზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც აშშ-ს ელჩ კელი დეგნანზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან უკანონო მიყურადების საკითხზე იყო საუბარი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი “სუს”-ისთვის საფრთხის შემცველია გიორგი ვაშაძის შეხვედრები კელი დეგნანთან რის გამოც პარტიაში ინფორმატორები შეუშვეს.

“ჩვენ გუშინ ტვ პირველის სიუჟეტით ვნახეთ ფაქტები, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურად წოდებული სტრუქტურა, ე.წ. სუსი უთვალთვალებდა და უსმენდა საქართველოს მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს ელჩს, რაც არის არა მხოლოდ საერთაშორისო კონვენციების, არამედ მეგობარ სახელმწიფოთა ურთიერთობის ნორმების დარღვევა. 

ის, რომ შენ შენი მეგობარი ქვეყნის ელჩზე აწესებს ტოტალურ თვალთვალს, როგორც საფრთხის მატარებელ, არასაიმედო, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშ პერსონაზე,  არის წარმოუდგენელი მასშტაბის მტრული და არამეგობრული ქმედება “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან!

აუცილებელია, დასჯა ყველა იმ პირის, ვინც ბრძანება გასცა და ვინც აღასრულა დიპლომატებზე თვალთვალი. 

ამ სიუჟეტით ასევე ცნობილი ხდება, რომ ისინი ღიად და დაუფარავად უსმენენ პარლამენტის წევრებს, რადგან ჩვენ ვადასტურებთ მსგავსი შინაარსის საუბრის არსებობას. პარლამენტის წევრის მოსმენა, მიყურადება, თვალთვალი არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა. 

როგორც ჩანს, მათთვის საფრთხის შემცველია გიორგი ვაშაძის შეხვედრები ამერიკის ელჩთან, ამიტომ, “სტრატეგია აღმაშენებლის” ორგანიზაციაში, როგორც პროდასავლურ პარტიაში, ნერგავენ ინფორმატორებს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მიზნით იყენებენ და აფუჭებენ ახალგაზრდებს. 

მაშინ, როცა ხელისუფლება გადასულია რუსეთის მაამებლურ პოლიტიკაზე, არც კი ახსენებენ რუსეთს და პუტინს როგორც მტერს და თვალთვალს უწესებენ მეგობარი ქვეყნების ელჩებს, არის ხელისუფლების სრული ლუსტრაცია და სახელმწიფო სტრუქტურების დეგრადაციის დადასტურება, რომ ისინი ვერ არჩევენ მტერსა და მოყვარეს და არიან არა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები, არამედ ივანიშვილის კარის უსაფრთხოების სტრუქტურები.

მოვუწოდებ მოსახლეობას, არ ავყვეთ ხელისუფლების ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ, ანტიქართულ რიტორიკას და ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი ხელისუფლების დროულად, კონსტიტუციის დადგენილი წესით, მშვიდობიანად მოსაშორებლად!“ – ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – მოვუწოდებთ პრეზიდენტს, ცესკოს თავმჯდომარედ პარლამენტს ფორმალური პროცესით შერჩეული არცერთი კანდიდატი არ წარუდგინოს და მოხდეს კონსენსუსზე დაფუძნებული კონკურსანტების შეთავაზება

მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესით შერჩეული არცერთი კანდიდატი არ წარუდგინოს პარლამენტს და მოხდეს ახალი, სამართლიანი პირობებით არჩეული, კონსენსუსზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონკურსანტების შეთავაზება პარლამენტისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების ვაკანტურ პოზიციების შერჩევასთან დაკავშირებით აცხადებს.

პარტიის შეფასებით, პრეზიდენტის ფორმალისტური მიდგომა ამ პროცესის მიმართ არ ამცირებს და პირიქით, ზრდის მის პასუხისმგებლობას სამართლიანი არჩევნების და ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაცემისთვის.

„პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით აქვს ვალდებულება, რომ ფორმალურად კი არ მიუდგეს ცენტრალური კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის საკითხს, არამედ დამოუკიდებელი შესარჩევი კომისიით, 19 აპრილის შეთანხმების პირობების დაცვით, საერთო კონსენსუსით, შეარჩიოს ნამდვილად მიუკერძოებელი კანდიდატები, რომ გვყავდეს რეალურად თავისუფალი, დამოუკიდებელი ადმინისტრაცია და გაიზარდოს ნდობა არჩევნების მიმართ. პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ მისი ფორმალისტური მიდგომა ამ პროცესის მიმართ არ ამცირებს, პირიქით, ზრდის მის პასუხისმგებლობას სამართლიანი არჩევნების და ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაცემისთვის, რისთვისაც ხელსაყრელ პირობებს ნამდვილად არ ქმნის მმართველი პარტიის მიერ ერთპარტიულად დანიშნული ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის მესამეჯერ პარლამენტისთვის წარდგენა.

ამასთან, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის ფაილებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რა მასშტაბის, როგორი ტოტალური იყო და არის საარჩევნო მანიპულაცია და ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება. მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესით შერჩეული არცერთი კანდიდატი არ წარუდგინოს პარლამენტს და მოხდეს ახალი, სამართლიანი პირობებით არჩეული, კონსენსუსზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონკურსანტების შეთავაზება პარლამენტისთვის“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პაატა მანჯგალაძე – სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი აქციები უნდა დავიწყოთ – ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საგანგებოა საჭირო

სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი აქციები უნდა დავიწყოთ – ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საგანგებოა საჭირო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის თემის წამოწევა ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდის ნაწილია.

„მათი პროპაგანდის მიზანია ქვეყანას ჩამოაშორონ პარტნიორები, მარტო დატოვონ რუსეთის პირისპირ და მერე გვითხრან – რუსეთის გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს და დასავლეთმა მიგვატოვაო. ჩვენ ყველა რესურსი უნდა დავხარჯოთ, რომ ვამხილოთ „ქართული ოცნება“ და გადავიდეთ ქმედებებზე. ვითარება არის ძალიან საგანგაშო, საგანგებო და ნახევარზომებით ამას ვერ დავასრულებთ, ამიტომ ჩვენი ქმედებებიც უნდა იყოს საგანგებო, იმიტაცია კი არ უნდა შევქმნათ ევროპული პროცესის და დემოკრატიის, არამედ სექტემბრიდან დავიწყოთ ფართომასშტაბიანი აქციები, რომ ხალხმა ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა და დაიბრუნოს ძალაუფლება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საჭიროა საგანგებო.

ივანიშვილი დასავლეთს ევაჭრება, რომ თუ მილიარდებს არ დაუბრუნებს და სანქციებით დაემუქრება, გახდება პრორუსი და ფეხებზე დაიკიდებს ქვეყნის არჩევანს,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია – მაშინ, როცა კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩს არაფერს „გაუტარებს“, აფხაზეთის ანექსიის პროცესი გრძელდება – რუსეთს მიაქვს უნიკალური ბიჭვინთა და „ქართული ოცნება“ ამას მარტივად „ატარებს“

მაშინ, როცა ქვეყანაში ანტიდასავლური რიტორიკა ძლიერდება და „ქართული ოცნება“ თუ მისგან განდგომილი დეპუტატები აშშ-ს ელჩსა და დასავლეთზე შტურმს ახორციელებენ, ხოლო კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩს არაფერს „გაუტარებს“, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის პროცესი გრძელდება, რაზეც „ოცნება“ დუმს და მათივე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, მარტივად „ატარებს“ ყველაფერს,- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაგმოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის ფაქტი.

„2 დღეა აფხაზეთში მიმდინარეობს მძიმე პოლემიკა და პროტესტი იმ ე.წ. ხელშეკრულებაზე, რომელიც ბიჭვინთის რუსეთისთვის მფლობელობაში გადაცემას ითვალისწინებს. საუბარია ისტორიულ კომპლექსზე თავის სანაპირო ზოლით, საუბარია იმაზე, რომ რუსეთს მიაქვს უნიკალური ისტორიული ადგილი ბიჭვინთა და ეს რიგით მეორე ანექსიის შემდგარი ფაქტია. ამაზე სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან არც ერთი განცხადება არ მოგვისმენია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს. მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ მმართველ პოლიტიკურ ელიტას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს, როცა თავს ესხმით დასავლეთს, რომელიც ერთადერთი ფარია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, როცა აცხადებთ, რომ არ გაუტარებთ აშშ-ის ელჩს და ღიად ატარებთ ოკუპაციას და შემდგარ ანექსიას, ამაზე დუმილს ამჯობინებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ დიდი გული დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელზეც დგას ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და არ ეწინააღმდეგებით რუსეთის არამხოლოდ საოკუპაციო, არამედ ანექსიურ პროცესებს და იმ დასავლეთს, რომელსაც თავს ესხმით, არ მოუწოდებთ, ხმა აიმაღლოს იმ ანექსიურ პროცესებზე, რომელიც აფხაზეთში აქტიურად მიმდინარეობს. ეს დამოკიდებულება საქართველოს აყენებს საფრთხის წინაზე, რომ მარტო დარჩეს რუსეთთან.

მოვუწოდებ ხელისუფლებას გააკეთონ განცხადება ბიჭვინთის ანექსიის მორიგ ფაქტზე, დაგმონ ეს ფაქტი და მიმართონ პარტნიორებს, რომელსაც საუბედუროდ თავს ესხმიან, რათა ქვეყანას ჰქონდეს მხარდაჭერა, თავი დაანებონ პარტნიორებზე თავდასხმებს, რომელზეც დგას ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა,“ – განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი ვაშაძე – ევროპარლამენტარებმა გვითხრეს, რომ ყველა პროცესი უნდა გამოვიყენოთ, ჩვენ ვუთხარით, რომ პროცესში, სადაც წინაპირობებია წაყენებული „ქართული ოცნებისგან“, „სტრატეგია აღმაშენებელი” ვერ მიიღებს მონაწილეობას

ევროპარლამენტარებმა გვითხრეს, რომ ყველა პროცესი უნდა გამოვიყენოთ (რეკომენდაციების შესასრულებლად), ჩვენ ვუთხარით, რომ პროცესში, სადაც წინაპირობებია წაყენებული “ქართული ოცნების” მხრიდან, “სტრატეგია აღმაშენებელი” ვერ მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ რაც რიგგარეშე სესიაზე უარი მიიღო ოპოზიციამ, ალტერნატიული პროცესის დაწყებაა საჭირო, რომლის ფარგლებში კანონპროექტებს შეიმუშავებენ და ევროპელ კოლეგებს გააცნობენ.

“სრულად ფლობენ ინფორმაციას საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, ჩვენ გავაცანით ჩვენი სამოქმედო გეგმა. სამწუხაროდ, რიგგარეშე სესიაზე უარი თქვა “ქართულმა ოცნებამ,” ისიც ვთქვით, რომ თუ დღესვე დააორგანიზებენ სესიას თავის კომიტეტებით, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი” ნამდვილად ვერ მივიღებთ პროცესში მონაწილეობას, რომელსაც წაყენებული აქვს წინაპირობები “ქართული ოცნების” მხრიდან. წინაპირობაა, რომ კონსტიტუციას არ ეხება თურმე 12 პუნქტი, თურმე დეოლიგარქიზაციის კანონი არ ეხება ივანიშვილს, სასამართლოში კლანი არ არსებობს და ა.შ.

მე პირდაპირ ვუთხარი, სანამ პირდაპირ სახელს არ დავარქმევთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პრორუსული ძალა, მანამ ფონს ვერ გავალთ. ჩვენი გეგმაა, რომ მას შემდეგ, რაც უარი მივიღეთ რიგგარეშე სესიაზე, ჩვენ ყველა კანონს დავამუშავებთ, ევროპულ მხარეს ვთხოვეთ, რომ შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეაფასებს მათ შორის, ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტების შესაბამისობას 12 პუნქტთან. სამწუხაროდ, მოგვიწევს პარალელური პროცესის დაწყება.

მათი მხრიდან იყო საუბარი, რომ ყველა პროცესი უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ პროცესში, რომელიც გარანტირებული არ არის პარლამენტის რეგულაციებით, რაც არის რეგლამენტი და სადაც წინაპირობებია წაყენებული და რაზე იმუშავებენ და რაზე არა, “სტრატეგია აღმაშენებელი” ვერ მიიღებს მონაწილეობას, ჩემთვის არ არის ის პროცესი, რაც შედეგზე გაგვიყვანს”,- განაცხადა ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელი” –  ვგმობთ კარლ ჰარცელის მისამართით „ქართული ოცნების” დაუმსახურებელ თავდასხმას

„სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება.

ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გმობს და კარლ ჰარცელს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი” ვგმობთ ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაუმსახურებელ თავდასხმას. მადლობას ვუხდით ბატონ ჰარცელს 4-წლიანი გაწეული სამსახურისთვის და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას. ის არის საქართველოსა და ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი და გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვოთ წარმატებები. საქართველო არასდროს ივიწყებს ნამდვილ მეგობრებს!” – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.