საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა “ქართული ოცნების” ანტიდასავლური და უფრო კონკრეტულად, ანტიამერიკული პროპაგანდა – სტრატეგია აღმაშენებელი

“სტრატეგია აღმაშენებელი” – “ქართული ოცნების” მხრიდან აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ოცნების ეს ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადებები საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა. “სტრატეგია აღმაშენებელი” ხელისუფლების წარმომადგენლებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდებს

“საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა “ქართული ოცნების” ანტიდასავლური და უფრო კონკრეტულად, ანტიამერიკული პროპაგანდა.

ამის ნათელი დასტურია პირდაპირი თავდასხმები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის მისამართით. 

“ქართული ოცნების” პროპაგანდისტების ეს  განცხადებები,  ფორმალურად სხვადასხვა ადამიანების სახელით და გვარით ვრცელდება მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამას აქვს ერთი სახელი და გვარი და მისი ავტორია ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც  სანახევროდ დასავლური სანქციების პირობებში იმყოფება და საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე ცდილობს საკუთარი პრობლემების მოგვარებას. 

მოვუწოდებთ ივანიშვილს და “ქართული ოცნების” ლიდერებს, დროზე მოეგონ გონს და შეწყვიტონ საქართველოს დამაზიანებელი ქმედებები, საქართველოს ეროვნული ინტერესის ღალატი. 

ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი ანტიდასავლური, ანტიამერიკული კამპანიიის მიზნების და ამოცანის შესახებ ბოლო დღეებში ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს არ ხდება შემთხვევით და მას ორგანიზებულად და მიზანმიმართულად ახორციელებენ საქართველოში მოვლენილი ფსბ-ს კურატორები ქართველი მესენჯერების (ინფორმაციის გამავრცელებლების) საშუალებით და არსებითი მნიშვნელობა  არ აქვს  კონკრეტულ წერილებს “ქართული ოცნების” რომელი ლიდერის სახელი და გვარი მიეწერება, ამის დასტურია თუნდაც ბოლოს, ყაველაშვილის სახელით ამერიკის ელჩის მიმართ ცილისმწამებლური   განცხადება, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყაველაშვილი დამოუკიდებლად ამ განცხადების ერთ აბზაცსაც ვერ დაწერს. 

ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი” კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს მოქლაქეებს, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შანსთან ერთად, ძალიან დიდია რისკი, რომ ეს შესაძლებლობა “ქართულმა ოცნებამ” და ივანიშვილმა  დააკარგინოს საქართველოს და მის მოქალაქეებს. 

არ ავყვეთ დეზინფორმაციას რადგან უნდა ვიცოდეთ, რომ სინამდვილეში  საქართველოს სახელმწიფოს, მის თავისუფლებას აშშ-ს მსგავსი მეგობარი და მხარდამჭერი სახელმწიფო არ ჰყავს. 

ღმერთმა დალოცოს საქართველო! 

ღმერთმა დალოცოს ამერიკა!” – სტრატეგია აღმაშენებელი

გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ის არის ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში “სტრატეგია აღმაშენებელი” არც ერთ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებს – პარლამენტის თავმჯდომარე არის ჩვეულებრივი ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი, რომელსაც არანაირი სიტყვა არ ეთქმის, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროცესის იმიტაციის შესაძლებლობას არ შექმნიან. ვაშაძის განცხადებით, მარიონეტულ პროცესებში მონაწილეობა მიუღებელია და ერთადერთ გამონაკლისს დაუშვებენ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, რომლის მოწვევას ხელს მოაწერენ.

” სამოქალაქო სექტორის თხოვნით, ჩვენ ერთადერთ გამონაკლისს დავუშვებთ, რომ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, თუ იქნება, ამას დავეთანხმებით, თუმცა, წინასწარ ვამბობთ, რომ ამას “ქართული ოცნება” არ გააკეთებს და მკაფიო ამაზე მათი პოზიცია. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მას საქართველო მიიღებს ერთ შემთხვევაში, თუ ФСБ- ის დაწერილი მესიჯებით მოლაპარაკე რეჟიმს მმართველობას ჩამოვაშორებთ. სწორედ აქეთ მიმავალი გზა იყო ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის შეთავაზება, რაც აქციის მონაწილეებმა გააკეთეს, თუმცა, ამაზე ჯერჯერობით “ქართული ოცნების” პოზიცია ვიცით და საკადრის პასუხს მიიღებენ,”- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ФСБ-ში დაწერილ მესიჯებს ახმოვანებს.

“გუშინ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე თქვა -“თეორიულად დავუშვათ, რომ საქართველოში ომი იწყება, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი”. ეს არის ФСБ-ში დაწერილი მესიჯი და ამას არ ვამბობ მე, ამას ამბობს ამერიკის ელჩი და შესაბამისად, ცალსახად ცხადყოფს ვისთან გვაქვს რეალურად საქმე. რაც შეეხება ბრძოლის სამომავლო გზას, მე მესმის, რომ გარკვეული იმედგაცრუება არის ადამიანებში, ვინც 3 ივლისის აქციაზე იყო მოსული. ეს ხალხი იყო მოსული, რომ დაწყებულიყო ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშორების პროცესი ხელისუფლებიდან, მაგრამ ვთხოვ ყველას, იმედს ნუ გაიტეხთ, ჩვენი რწმენა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ვართ გაცილებით მეტნი ამ ქვეყანაში, ვიდრე ФСБ – ის მესიჯებით მოლაპარაკე ადამიანები, არის გარანტია იმის, რომ გავიმარჯვებთ”- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას სურს საზოგადოებაში ომის შიში შემოიტანოს. ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში ომი არ იქნება და ამის გარანტია იქნება სწორედ კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ხელისუფლების ცვლილება სჭირდება.

” სტრატეგია აღმაშენებელი” ინტენსიურად ვმუშაობთ სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან საერთო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც მომავალში ნამდვილად გაგაცნობთ და ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, დეკემბერში კანდიდატის სტატუსს საქართველო მიიღებს და ამის გარანტია არის მოსახლეობის ის 90 პროცენტი, რომელიც გულწრფელად იბრძვის ევროპული პერსპექტივისთვის,”- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი არის “მშვიდობიანი და ზემწვავე პროტესტი”, რომელიც მსოფლიოს უნდა დაანახონ და “სტრატეგია აღმაშენებელი” მზად არის, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

წყარო: interpressnews.ge

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1 წელი გავიდა ხელისუფლების მიერ წაქეზებული და ორგანიზებული ძალადობიდან – იმის მაგივრად, რომ ამ ჯგუფების მიმართ სათანადო პროცედურები მიმდინარეობდეს, ისინი მოძლიერდნენ, შექმნეს პარტია, გახსნეს ოფისები

გვინდა მივმართოთ საქართველოს მოქალაქეებს, სიძულვილს, აგრესიას, ძალადობას არაფერი აქვს საერთო ქრისტესთან, არც ქრისტიანობასთან და არც ღირსებისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვასთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილები.

„1 წელი გავიდა 5 ივლისის, ხელისუფლების მიერ წაქეზებული და ორგანიზებული, ძალადობიდან. ამ დღეს სიძულვილით მოტივირებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება, შევარდნენ ოფისებში, პირდაპირი ნადირობა გამოაცხადეს თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელ მედიის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, რამაც შემდგომში „ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეიწირა.

გვინდა მივმართოთ საქართველოს მოქალაქეებს, სიძულვილს, აგრესიას, ძალადობას არაფერი აქვს საერთო ქრისტესთან, არც ქრისტიანობასთან და არც ღირსებისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვასთან.

ეს ჯგუფები ფინანსდება ჩვენი მტრის, რუსეთის მიერ და წარმოადგენენ რუსული ჰიბრიდული ომის აგენტებს საქართველოში.

სამწუხაროა, რომ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილები. იმის მაგივრად, რომ ამ ჯგუფების მიმართ სათანადო პროცედურები მიმდინარეობდეს, ისინი მოძლიერდნენ, შექმნეს პარტია, გახსნეს ოფისები და ფინანსური რესურსების მობილიზებაც კი შეძლეს.

სწორედ ამიტომ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და ჩვენ რაც გვევალება არის ის, რომ ასეთი ხელისუფლება რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას.

ერთად დავიბრუნოთ საქართველო, დავასრულოთ სიძულვილი და გავხდეთ პოლიტიკურად და სამართლებრივად ევროპული, ქრისტიანული ოჯახის ნაწილი.

საქართველო გაიმარჯვებს!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მიემართებიან

“სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მიემართებიან.

პარტიის წევრებმა საქართველოსა და ევროკავშირის დიდი ზომის დროშები გაშალეს. პარტიის ლიდერებთან ერთად მსვლელობას პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

როგორც ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ მსვლელობის დაწყებამდე განაცხადა, ოლიგარქიული რეჟიმი მაშინვე ჩამოიშლება, როგორც კი ხალხის ძალას დაინახავს.

“ახალი მონაცემები შემიძლია გითხრათ – საქართველოში 90% მხარს უჭერს ევროპულ გზას, 10% სამწუხაროდ, მხარს უჭერს რუსულ მიმართულებას. სწორედ ამ 10%-შია ჯერ კიდევ “ქართული ოცნება”. მოსახლეობის იმ 90%-ის ეროვნულ ძალას ვერაფერი დაამარცხებს. რწმენის გატეხვის მცდელობის ნაცვლად, რასაც ისინი ჩვენში ვერ შეძლებენ, დათანხმდნენ ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საჯარო მოხელეებზე „ტოტალური შეტევა“ ხორციელდება და დღევანდელ აქციაზე მისვლის შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის წინ მმართველი გუნდი საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახორციელებს.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საჯარო მოხელეებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან და სუს-ის თანამშრომლებს უგზავნიან.

გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავს შემთხვევებში პირადად დაუკავშირდნენ, რათა შესაბამისი დახმარება გაეწიოთ.

,,დღეს 3 ივნისია და ყველანი მივდივართ აქციებზე, მაგრამ მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო ტოტალური შეტევა საჯარო მოხელეებზე. იმ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა უწყებებში. მეგობრებო, ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, ,,ქართულ ოცნებას” თქვენი რწმენის გატეხვა უნდა. იცოდეთ, რომ თქვენ იქნებით გარანტირებული არამხოლოდ იმით, რომ სამსახურს შეინარჩუნებთ, არამედ თქვენი ხელფასი გაორმაგდება როგორც კი ევროკავშირს დავუახლოვდებით. პირადად დამიკავშირდით და აბსოლუტურად ყველას დაგეხმარებით როგორც სამართლებრივად, ასევე ყველა მექანიზმით, ვერავინ ვერ დაგჩაგრავთ, რადგან ჩვენ ვართ თქვენს გვერდით.

თუ მიხვალ აქციაზე გაგათავისუფლებთ სამსახურიდან, პრობლემები შეგექმნება ამ ტიპის გზავნილებია, უგზავნიან სუს-ის თანამშრომლებს, როგორც ჩანს, ძალიან შეეშინდა ქართულ ოცნებას”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ

გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებსა და კუბილიუსს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის მხრიდან 12-პუნქტის შესრულების მოთხოვნას შეეხო.

„შევხვდით საქართველოს დიდ მეგობარს, ანდრიუს კუბილიუსს. ხანგრძლივი და სიღრმისეული საუბარი გამოგვივიდა საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით. განვიხილეთ ის 12 პუნქტი, რომლის შესრულებაც ჩვენმა ქვეყანამ წლის ბოლომდე უნდა მოასწროს. როგორც ყოველთვის, ის კვლავ ერთგულად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანას.

დღეს მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ევროკავშირის მოთხოვნებზე, რომელიც წინაპირობად გვაქვს საქართველოს – დეოლიგარქიზაცია, დეკლანიზაცია და დეპოლარიზაცია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე – ქართველ ხალხს, ვინც ქუჩაში გამოვიდა და კიდევ გამოვა, 100%-იანი მხარდაჭერა ექნება, როგორც ბრიუსელიდან ასევე ვაშინგტონიდან

„სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება” არ შეასრულებს ქართველი ხალხის ნებას, ევროპისგან მკაცრი პასუხი ექნება.

მისივე თქმით, ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხარდაჭერა უკვე ნათელია რუსთაველზე გამოსული ხალხის მიმართ, რომელიც ევროპულ მომავალს ითხოვს.

„დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს, ვინც ქუჩაში გამოვიდა და გამოვა კიდევ, 100%-იანი მხარდაჭერა ექნება, როგორც ბრიუსელიდან, ასევე ვაშინგტონიდან. დღეს საქართველოში ევროპის და ამერიკის, ცივილიზებული სამყაროსთვის პარტნიორი არის ქართველი ხალხი, შესაბამისად, სანქციებიდან დაწყებული კიდევ უფრო მძაფრი მოქმედებებით დამთავრებული, ყველაფერი იქნება მოქმედებაში მოყვანილი, თუ „ქართული ოცნება” ამ ერთკვირიან ვადას არ გამოიყენებს.

ღიად და მკაფიოდ ვამბობ, პირველი გამოყენებული იქნება სანქციები, მაგრამ არა მხოლოდ სანქციები, კიდევ ბევრი რამ, რისი საჯაროდ თქმის უფლებაც არ მაქვს, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებიც ასე ვთქვათ „ქართულ ოცნებაში” არიან, ასევე იმ კომპანიების, ბიზნესწრეების, მოსამართლეების, თუ კონკრეტული სამართალდამცავი მაღალჩინოსნების მიმართ, ვინც მათ ეხმარებიან ამ ანტი-ქართული, ანტი-სახელმწიფოებრივი შეთქმულების რეალიზებაში. ყველა იქნება სათითაოდ იდენტიფიცირებული და თითოეული მათგანი როგორც საქართველოს შიგნით, ასევე გარეთ, პასუხისმგებლობაში მიეცემა.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, საქართველოს მოქალაქეების აქტიურობის მხარდამხარ და პირდაპირ პროპორციული იქნება მოქმედებები ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. ამიტომაც, 3 ივლისს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. ის დიდი, მშვიდობიანი ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც რუსთაველზე დაიწყო, გამარჯვებამდე უნდა მივიდეს. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას საქართველოსთვის, უბრალოდ, ამის უნდა გვჯეროდეს. უნდა ვირწმუნოთ საკუთარი ძალების და თავის. მჯერა ქართველი ერის, ძალიან დიდი არჩევანის ევროპული მიმართულებით და მჯერა, ამ შანსს არ გავუშვებთ”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ევროკავშირის საგარეო უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი იყო.

როგორც პარტიის ლიდერები აღნიშნავენ, ევროპელი კოლეგების მხრიდან მხარდაჭერა დიდია და საქართველომ ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პუნქტიანი რეკომენდაცია წლის ბოლომდე აუცილებლად უნდა შეასრულოს.

“შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის მხრიდან გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობა იყო, რომელიც საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილი შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც მუდმივად ღია ვერ იქნება და სანამ არსებობს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და რომ ამ პერიოდში უნდა მოხდეს ყველა პირობის შესრულება. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველ ხალხს ექნება სრული მხარდაჭერა, რომლებიც მომართული არიან წლის ბოლომდე ამ რეკომენდაციების შესრულებაზე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნებისთვის” ერთადერთი გამოსავალია, დათანხმდეს საზოგადოების მოთხოვნას, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის და 12 – პუნქტიანი სამოქმედო გეგმის რეალიზებასთან დაკავშირებით

„სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” ერთადერთი გამოსავალი არის, დათანხმდეს საზოგადოების მოთხოვნას და მთავრობა გადადგეს.

გიორგი ვაშაძე, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება, აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება” არ დაემორჩილება საზოგადოების მოთხოვნას, მათი ყოველი დღე დამძიმდება.

„ქართული ოცნებისთვის” ერთადერთი გამოსავალი არის, დათანხმდეს საზოგადოების მოთხოვნას ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნასა და 12 – პუნქტიანი სამოქმედო გეგმის რეალიზებასთან დაკავშირებით. მთავრობა უნდა გადადგეს! ჩვენ ოპოზიცია ამას დავთანხმდით ჯერი „ქართულ ოცნებაზეა”. თუ ჩვენ ვამბობთ, რა გამოსავალი აქვს „ქართულ ოცნებას”? – მხოლოდ ეს, რადგან ყოველი შემდგომი დღე მათ დაუმძიმდებათ. მე როდესაც 2-3 თვის წინ ვამბობდი, რომ რადიკალურად შეიცვლებოდა ვითარება „ქართულმა ოცნებამ” ყურად არ იღო, თქვეს, რომ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან ვაკეთებდით ზედაპირულ განცხადებებს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩვენ ვთქვით მაგრამ მივაღწიეთ იმას, რომ ევროპული პერსპექტივა საქართველოს არ აქვს დახურული. არცერთ შემთხვევაში არ ჩავაბარებთ საქართველოს ეროვნულ პერსპექტივას „ქართულ ოცნებას”.

პირდაპირ ვამბობ, პირველი – ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეებმა, სამოქალაქო სექტორმა დააყენა, სრული მხარდაჭერა აქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და შემიძლია პირდაპირ ბრიუსელიდან დაგიდასტუროთ ეს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რა უნდა მოიმოქმედოს „ქართულმა ოცნებამ”?!, ყველას ესმის, რომ 3 ივლისამდე, არის ვადა „ქართული ოცნებისთვის”, რომ ნაბიჯები გადადგას დეპოლარიზებისთვის. დღეს საქართველოს საელჩოშიც მქონდა შეხვედრა და ღიად ვთქვი, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ღიად უნდა ისაუბროს ამ პრობლემებზე, რის წინაშედაც „ქართულმა ოცნებამ” დააყენა ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ ბრიუსელში Friedrich Naumann Foundation-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ. პირველი შეხვედრა, რომელიც მათ დღეს გამართეს Friedrich Naumann Foundation-ის წარმომადგენლებთან შედგა. 

როგორც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს მკაფიო და ცალსახაა ევროპელი კოლეგების მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი.

პარტიის წარმომადგენლები რამდენიმე დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ასევე ევროპარლამენტარებთან გამართავენ.

“ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შევხვდით Friedrich Naumann Foundation -ის წარმომადგენლებს, რომლებთანაც ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და გასატარებელ რეფორმებზე. ჩვენი მკაფიო მიზანია, დეკემბერში საქართველო გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ამისთვის, გავაკეთებთ ყველაფერს!

ცალსახად შეიძლება ითქვას, ჩვენი ევროპელი კოლეგები ქართველ ხალხის გვერდით დგანან!”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.