სერგო ჩიხლაძე – ოლიგარქი “დეოლიგარქიზაციას” ვერ მოახდენს, “ქართული ოცნება” ამ რეფორმებს არ და ვერ ჩაატარებს, რაც მთავარი ბარიერია სტატუსის მოპოვების გზაზე

ბრიუსელში მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები და ე.წ. ტრიოს ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას საქართველოდან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი სერგო ჩიხლაძეც ესწრებოდა.

ჩიხლაძემ ბრიუსელში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების სიარულეში მოყვანა შესაძლებელია, თუმცა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში შეუძლებელი.

“მთავარი ამოცანა დღეს იყო, რომ კიდევ ერთხელ გაგვეგებინებინა ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის, ჩემი გამოსვლაც ამაზე იყო ორიენტირებული, რომ ის 12 რეკომენდაცია რომელიც ევროკომისიამ ჩვენს ქვეყანას დაუწესა შესრულებადია წლის ბოლომდე, უბრალოდ აქ არის ერთი მთავარი ბარიერი, ოლიგარქი “დეოლიგარქიზაციას” ვერ მოახდენს, “ქართული ოცნება” ამ რეფორმებს არ და ვერ ჩაატარებს, შესაბამისად, პირველი ამოცანაა “დეოლიგარქიზაცია”, ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი ვაშაძე – ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია უნდა დაიწყოს – ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა

,,შინ ევროპისკენ” – ეს არის მთავარი სათქმელი, ამის ირგვლივ ყველა უნდა გავერთიანდეთ, რადგან ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია უნდა დაიწყოს – ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, უნდა დავიწყოთ მძლავრი აღმშენებლობის პროცესი, რასაც ფუნდამენტი ხალხმა საკუთარი აქტივობით უნდა ჩაუყაროს.

,,შინ ევროპისკენ” – ეს არის მთავარი სათქმელი, ამის ირგვლივ ყველა უნდა გავერთიანდეთ იმიტომ, რომ ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია უნდა დაიწყოს, ისე როგორც მიგვითითა ევროკავშირმა. აქ არის ქართველი ხალხის თავყრილობა, ევროპული მისწრაფების გამოსავლენად, რასაც მთელს მსოფლიოს ვაჩვენებთ. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა და დავიწყოთ მძლავრი აღმშენებლობის პროცესი, რასაც ფუნდამენტი ხალხმა უნდა ჩაუყაროს საკუთარი აქტივობით”, – განაცხადა ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ. პარტიის წევრებმა საქართველოსა და ევროკავშირის დიდი მასშტაბის დროშები გაშალეს. მსვლელობას პარტიის ლიდერებთან ერთად ახალგაზრდული ფრთისა და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

პაატა მანჯგალაძე – ნორმალურ ქვეყანაში ამხელა მარცხის შემდეგ პასუხისმგებლიანი მთავრობა გადადგებოდა, ღარიბაშვილის შემთხვევაში, მთავრობის გადადგომას არ ველოდები

ნორმალურ ქვეყანაში ამხელა მარცხის შემდეგ პასუხისმგებლიანი მთავრობა გადადგებოდა, არ ველოდები მთავრობის გადადგომას ღარიბაშვილის შემთხვევაში, რადგან ისინი არ წარმოადგენენ საკუთარ თავს, წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მთავარი კითხვები პრემიერ- მინისტრთან იმ წარუმატებლობის თაობაზე ექნებათ, რაც ქვეყანას ევროინტეგრაციის კუთხით აქვს უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

“რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მობრძანებას, პირველი საკითხი, რომელსაც დავსვამთ, არის ის, თუ რატომ ვერ შეძლო ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე იმ მიზნების მიღწევა, რაც შეძლო უკრაინამ და მოლდოვამ. საქართველოს ისტორიული ამოცანა იყო და ისტორიული შესაძლებლობა გვქონდა ევროინტეგრაციის, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ არათუ არაფერი გააკეთა ამისთვის, არამედ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ხელი შეუშალეს ამ გზაზე საქართველოს. ამიტომ იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ამ ჩავარდნაზე პრემიერ-მინისტრი და ზოგადად, მთავრობა და რას ფიქრობენ, რა შეიძლება გავაკეთოთ დარჩენილ დროში. მთავარი საკითხია როგორც ვაღწევთ დეოლიგარქიზაციას, რომელიც მთავარ პირობად დაგვიყენეს და როგორც ვაღწევთ დეპოლარიზაციას . ჩვენ მზად ვართ ორივე მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები. ველოდებით კონკრეტულ შეთავაზებებს პრემიერ- მინისტრისგან,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია – რუსული აგრესია და ქართული ხალხის ნება არის ის წინაპირობა, რის გამოც საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

რუსული აგრესია და ქართული ხალხის ნება არის ის წინაპირობა, რის გამოც საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა თეონა აქუბარდიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია დარჩენილ დროში ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ევროპელი პარტნიორები დარწმუნდნენ, რომ სტატუსის მინიჭებას საქარათველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ეს არის მნიშვნელოვანი დღე და დრო, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება, რაც უნდა იყოს იმ გზის გაგრძელება, რაც ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნებას ნიშნავს. მიმაჩნია, რომ რუსული აგრესია და ქართული ხალხის ნება არის ის წინაპირობა, რის გამოც საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მნიშვნელოვანია დარჩენილ დროში ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამ სტატუსის საქარათველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობაში. კანდიდატის სტატუსი იქნება დამატებითი ბიძგი და ზეწოლის მექანიზმი ხელისუფლებისთვის, რომ ყველა შეჩერებული რეფორმა და უკან გადადგმული ნაბიჯი შეცვალოს. ეს არის გრძელვადიანი პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების ცვლილება საბოლოო ჯამში მიიყვანს ქვეყანას იმ იდეამდე, რასაც ევროპა ჰქვია”,- განაცხადა აქუბარდიამ.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის გაფართოებისა და სამომავლო პერსპექტივებზე შეხვედრაში მონაწილეობს

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის გაფართოებისა და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე გამართულ „მრგვალი მაგიდის“ შეხვედრაში მონაწილეობს.

ევროპარლამენტში გამართულ „მრგვალ მაგიდას“ პარტიის სახელით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ესწრება.

ჩიხლაძის თქმით, საკითხები, რომელსაც „მრგვალ მაგიდასთან“ პარტიის სახელით დააყენებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესები, დეოლოგარქიზაცია და ევროკომისიის რეკომენდაციების აღსრულება იქნება, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუწესა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით ვესწრები ევროპარლამენტში გამართულ „მრგვალ მაგიდას“ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე. ამ შეხვედრის ორგანიზატორები არიან „Renew Europs”-ი მესამე უმსხვილესი ფრაქცია ევროპარლამენტში და მასში შემავალი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტია „Republic en Marche“-ი.

ჩემს მიერ დაყენებული იქნება 3 ძირითადი საკითხი, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით დავაყენებ. პირველი დემოკრატიის კუთხით, საქართველოში არსებული საფრთხეები. მეორე ევროკომისიის რეკომენდაციების აღსრულება, რომელიც საქართველოს დაუწესა ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად და მესამე ოლიგარქიული რეჟიმის ცვლილების აუცილებლობა.

ხაზგასმით ვიტყვი, რომ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება წლის ბოლომდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის, მაგრამ ამისთვის მთავარი შესასრულებელი პუნქტებია „დეოლიგარქიზაცია“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულება.

ჩვენს პარტნიორებს მოვუწოდებ, ერთის მხრივ გააგრძელონ საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, მეორეს მხრივ კი ძალიან მკაფიო, მწვავე გზავნილები გააგზავნონ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ, პირადი სანქციების ჩათლით. საზოგადოება და პოლიტიკური ძალები საქართველოში მზად არიან ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულებლად და ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ეს საკითხები იქნება ჩემს მიერ მრგვალ მაგიდასთან დაყენებული“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულმა დებატებმა აჩვენა, რომ ხელისუფლების კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, ისინი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ

„სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულმა დებატებმა ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლების კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, ისინი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ.

მათივე განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად კვლავ „ქართული ოცნება“ და მისი ხელისუფლების ქმედებები რჩება, რომელზეც „საქართველოს მეგობარმა ევროპარლამენტარებმა კრიტიკულად და სამართლიანად მიგვითითეს“.

„იმედი გვაქვს, ამ სამართლიან კრიტიკას „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტისა და დასავლელი პარტნიორების მიმართ ახალ ცილისმწამებლურ და ლანძღვა-გინების კამპანიას არ დაუპირისპირებს, მათ სამართლიან კრიტიკას მხედველობაში მიიღებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ იქნას გაშვებული.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში (ALDE-ს მხარდამჭერი რეზოლუცია) პოზიტიური შედეგები უკვე მოიტანა და მზად ვართ, იმ დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოსაფხვრელად კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, რაზეც ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიგვითითებენ, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემის დაუყოვნებლივი რეფორმა, დემოკრატიასთან და თავისუფალ მედიასთან დაკავშირებული პრობლემები, ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი და ყველა ის საკითხი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში შესული იყო და რომელთა შეუსრულებლობაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია.

მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, ყველანაირი საუბრის და მოწოდებების დრო დასრულებულია. თუ თქვენ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ნამდვილად გინდათ და გსურთ, პოლიტიკური მომავალი გქონდეთ, უნდა შეიგნოთ, რომ ახლა ქმედებების დროა და არა გაუთავებელი საუბრის, სხვების დადანაშაულების და ლანძღვა-გინების,” – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ირლანდიაში „ალდეს“ შეხვედრაზე გაემგზავრნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ირლანდიაში „ალდეს“ შეხვედრაზე გაემგზავრნენ. გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრას ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპარლამენტარები დაესწრებიან.

მისივე განცხადებით, ახლა მთავარია ყველამ დაუჭიროს მხარი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს, რადგან ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.

„მთავარი საკითხი არის, რომ „ქართული ოცნების” გადამკიდე ძალიან მძიმე მდგომარეობაა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხთან დაკავშირებით და ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო იმსახურებს, ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, რომ საქართველოსთან მიმართებით უფრო მეტი და მეტი მხარდაჭერა გამოიკვეთოს. დიახ, ახლა ის დროა, როდესაც ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს მხარდაჭერაში დავარწმუნოთ, რათა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ის, რაც ბოლო წლების მანძილზე ცუდი გაკეთდა გვერდზე უნდა გადავწიოთ და ვთქვათ მთავარი – ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. ამიტომ ჩვენ, მაშინ, როდესაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს, მაქსიმუმი უნდა შევძლოთ. ეს არის “სტრატეგია აღმაშენებლის” მიზანი. აუცილებლად მინდა, რომ კონკრეტული რეზოლუცია იყოს მიღებული, რომელიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს დაუჭერს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში, რადგან სწორედ მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ გამოიყენა თავისი ისტორიული შანსი და მოიპოვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რაც სამწუხაროდ, სამი წლის შემდეგ კვლავ რუსული ოკუპაციით დასრულდა. შესაბამისად, 26 მაისი არის იმის გახსენებაც, რომ თუ მუდმივად არ გავუფრთხილდებით, ყოველდღიურად არ ვიბრძოლებთ და საყოველთაო ეროვნულ ამოცანად არ გავიხდით თავისუფლებას, მას შეიძლება ნებისმიერ დროს დაემუქროს საფრთხე. დღესაც, 21-ე საუკუნის დასაწყისში, ჩვენ კვლავ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ საქართველო გახდეს იმ ევროპის სამართლებრივი და პოლიტიკური ნაწილი, რომლის ცივილიზაციური და კულტურული ნაწილი ყოველთვის ვიყავით და ვართ. ამ შანსის გამოუყენებლობა უდიდესი ბოროტება და დანაშაული იქნება ისტორიის წინაშე!სიმბოლურია, რომ დამოუკიდებლობის დღე ემთხვევა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეს. სწორედ მერაბი და ზვიადი არიან მაგალითები სამშობლოსთვის უანგარო თავდადებისა და თავგანწირვის! დიდება გმირებს! გამარჯვება საქართველოს! ?? გამარჯვება უკრაინას! ??

გიორგი ვაშაძე – არა არის დრო პათეთიკის და ურთიერთ შეგონების ახლა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დროა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ მერაბ კოსტავას სახელობის სახლმუზეუმი ოჯახთან ერთად მოინახულა. გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, რომელიც აუცილებლად გამოსაყენებელია. ვაშაძის აზრით საქართველომ უნდა გადადგას გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. როგორც ევროკავშირის ელჩმა თქვა, დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, ნაკლები პათეტიკა, ნაკლები მოწოდებები, ურთიერთ შეგონებები ერთმანეთისთვის და გაერთიანება საერთო სამოქმედო გეგმის, გადამწყვეტი ნაბიჯების გარშემო, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს არის ის შესაძლებლობა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. დღეს მოვისმინე განცხადებები პრეზიდენტისგან, პრემიერისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან, გულზე მჯიღს ყველანი ვირტყამთ, რომ გვიყვარს სამშობლო და ახლა სამშობლო გვიხმობს, რომ გდამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ და 15 ივნისამდე საქართველომ აჩვენოს ერთიანობა და გადადგას ნაბიჯები, რომელიც ჩვენს სამშობლოს ევროპულ მომავალს და კანდიდატის სტატუსის მოპოვებას შეაძლებინებს. მართლმსაჯულების რეფორმის კანონი რეგისტრირებულია, მივიღოთ პირველი მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ მეორე და მესამე მოსმენით, ასევე პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ნიკა გვარამია და იუსტიციის სამინისტროს და პრემიერს შეუძლია დაუშვას უცხოელი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან. ძალიან მარტივია ჩამონათვალი იმ ნაბიჯების, რომლითაც დაინახავს დასავლეთი გზავნილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“ – გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე – ხვალ სამსჯავროზე წარდგება „ქართული ოცნება“ და ვნახოთ, როგორ გასცემს პასუხს იმ კონკრეტულ კითხვებს, გეგმებს და საკითხებს, რომლებსაც დავსვამთ

ხვალ სამსჯავროზე წარდგება „ქართული ოცნება“ და ვნახოთ, როგორ გასცემს პასუხს იმ კონკრეტულ კითხვებს, გეგმებს და საკითხებს, რომლებსაც ჩვენ დავსვამთ მათთან მიმართებაში , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ქართული საზოგადოების მთავარი მიზნის მისაღწევად ყველამ ერთად უნდა გავაგონოთ ხმა ევროპას.

„პირველად, ხვალ, საპარლამენტო დებატები გაიმართება, რომელიც მიეძღვნება ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, სწორედ იმ საკითხებს, რომლებსაც უკვე ასე ღიად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“. ჩვენი ქართული საზოგადოების მთავარი მიზნის მისაღწევად ყველამ ერთად უნდა გავაგონოთ ხმა ევროპას, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ძალიან ბევრ ნაბიჯს დგამს ხელის შესაშლელად. სწორედ ამიტომ, ხვალ სამსჯავროზე წარდგება „ქართული ოცნება“ და ვნახოთ, როგორ გასცემს პასუხს იმ კონკრეტულ კითხვებს, გეგმებს და საკითხებს, რომლებსაც ჩვენ დავსვამთ მათთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივით და პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერით, პარლამენტში საპარლამენტო დებატები გაიმართება, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება.