გიორგი ვაშაძე – ღარიბაშვილს არ უხსენებია მისი და „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა, რომ ქვეყანა რეფორმების ჩემპიონობიდან რეგიონის მაჩანჩალა სახელმწიფოდ იქცა

ირაკლი ღარიბაშვილს არ უხსენებია მისი და „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა, რომ ქვეყანა რეფორმების ჩემპიონობიდან რეგიონის მაჩანჩალა სახელმწიფოდ იქცა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძე განაცხადა, რითაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

გიორგი ვაშაძემ ირაკლი ღარიბაშვილს, ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, გადადგომისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას და ეროვნული თანხმობის პროცესს ხელს შეუწყობს.

“კარგი იქნება ღარიბაშვილმა ციფრებით ჟონგლიორობას თავი დაანებოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იმ ეროვნული ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ჰქვია. რაც შეეხება ციფრებს – მას არ უხსენებია მისი და „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა, რომ ქვეყანა რეფორმების ჩემპიონობიდან რეგიონის მაჩანჩალა სახელმწიფოდ იქცა. სწორედ ამიტომ, ხალხი ახლა მისგან ელოდება არა პოზიტიური სტატისტიკური მონაცემებით მანიპულაციასა და კეკლუცს, არამედ გადადგომას, როგორც იმ მთავრობის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ვერ უზრუნველყო და რომელიც აქციაზე შეკრებილი ასი ათასზე მეტი ადამიანის მოთხოვნაა.

ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენ როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, აიღოთ პასუხისმგებლობა, გადადგეთ და ეროვნული თანხმობის პროცესს, დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას ხელი შეუწყოთ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში გაემგზავრნენ, სადაც ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს გამართავენ

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში გაემგზავრნენ. პოლიტიკოსები ევროკავშირის დედაქალაქში მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციის გზას შეეხება

“ევროკავშირის დედაქალაქის, ბრიუსელის გზას შევუდექით. მაღალი რანგის უმნიშვნელოვანესი ვიზიტია. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზას არ ასცდეს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე – დადგება დრო, როცა კობახიძესაც, ღარიბაშვილსაც ბევრი ბოდიშის მოხდა მოუწევს – ტყუილებს ფარდა აეხადა და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება” აკეთებდა ყველაფერს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო

დადგება დრო, როცა კობახიძესაც, ღარიბაშვილსაც ძალიან ბევრი ბოდიშის მოხდა მოუწევს – ტყუილებს ფარდა აეხადა და აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნება” აკეთებდა ყველაფერს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ ცრუ ბრალდებებზე ბოდიშის მოხდა, მათ შორის, ოპონენტებისთვისაც მოუწევთ.

„მათ მოუწევს ბოდიშის მოხდა ევროპელი პარტნიორებისთვის მართლაც ცილისმწამებლური თავდასხმების გამო, მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა იმ ბევრი ტყუილის გამო, რაც აკადრეს საზოგადოებას, მოუწევთ ბოდიშის მოხდა ჩვენთან პოლიტიკურ ოპონენტებთან იმ ბევრ ტყუილზე, რომელსაც გვაბრალებდნენ და რომელსაც ფარდა აეხადა და აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნება” აკეთებდა ყველაფერს, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებდით რომ მიგვეღო სტატუსი. ამის დადასტურებაა “ალდეს” რეზოლუცია ჩვენს მიერ ინიცირებული,”- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას “ქართული ოცნება” არ აპირებს, ხოლო რა გეგმა აქვს ოპოზიციას, ამას ხალხი 24 ივნისს აქციაზე მოისმენს.

ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ “სანქცირება ივანიშვილის გარდა შეეხება კიდევ ბევრ სხვა პირს”.

„ვის და როგორ, ამაზე მუშაობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არ გამოვრიცხავ მოსამართლეებთან და სხვა პირებთან მიმართებით ამას”, – განაცხადა ვაშაძემ.

პაატა მანჯგალაძე – ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე კვირის წინ თავს იწონებდა, რომ იორდანეში განიბანა და დეტოქსის მისაღებად იყო წასული წმინდა მთაზე, თუმცა, მაინც ვერაფერი შეიგნო, ეს ნიშნავს, რომ მისგან არაფერი დადგება

ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე კვირის წინ თავს იწონებდა, რომ იორდანეში განიბანა და დეტოქსის მისაღებად იყო წასული წმინდა მთაზე, თუმცა, მაინც ვერაფერი შეიგნო, ეს ნიშნავს, რომ მისგან არაფერი დადგება, – ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან პრემიერ- მინისტრის გუშინდელ გამოსვლას პარლამენტში.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პოლარიზაციის გაღრმავებას ცდილობს, რაც გუშინაც გამოჩნდა.

„ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ღარიბაშვილი გუშინ. ის არ არის საქართველოს პრემიერ- მინისტრი, ის არის პირადად ივანიშვილის პრემიერ – მინისტრი. “ქართულ ოცნებას” არ სჭირდება ევროპაში ინტეგრაცია, მათი მთავარი საზრუნავი არის ბიძინა ივანიშვილი. ღარიბაშვილი თავს იწონებდა რამდენიმე კვირის წინ, რომ იორდანეში განიბანა და დეტოქსის მისაღებად იყო წასული წმინდა მთაზე, თუმცა, მაინც ვერაფერი შეიგნო და ასეთად დარჩა, ეს ნიშნავს, რომ მისგან არაფერი დადგება, არაფერი ეშველება. ვიდრე მისნაირი პრემიერ – მინისტრები ეყოლება ქვეყანას, არაფერი გვეშველება.

თუ ვინმე ზრდის პოლარიზებას, ზრდის „ქართული ოცნება” იმით, რომ ქვეყანა ააცილეს ევროპულ კურსს. ნორმალურ მთავრობაში ნებისმიერი ხელისუფლება გადადგებოდა, მაგრამ ღარიბაშვილი ვერ გადადგება, რადგან არ ეკუთვნის საკუთარ თავს და მსახურია ივანიშვილის კარზე,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი ვაშაძე უმრავლესობას – სიმართლე არის ის, რომ ევროკავშირი არ გინდათ – საქართველოს წინააღმდეგ ეს შეთქმულება ვერ შესრულდება, კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება არ გამოუვა.

ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრს მიმართა, ბოლო თვეების განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები დაასახელა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ სურს.

ოპოზიციონერი დეპუტატის ამ გამოსვლას სხდომათა დარბაზში ხმაური და „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან რეპლიკები მოჰყვა.

„დღეს აქ დაგიდეთ ის 13 პუნქტი, რომელსაც ევროკავშირი თქვენ გისახავთ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არცერთი სიტყვა არ გითქვამთ. რაც ყველაზე სამწუხაროა, სიმართლე არის ის, რომ ევროკავშირი არ გინდათ. სიმართლე არის ის, რომ ამ თვეების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეთ, რომ ევროკავშირს უარი ეთქვა; სიმართლე არის ის, რომ ევროპელ პარტნიორებს ესხმოდით თავს, რათა მათ უარი ეთქვათ საქართველოსთვის ევროინტეგრაციაზე; მიზანმიმართულად ისეთ კანონებს იხილავდით პარლამენტში დაჩქარებული წესით, რომ ევროკავშირს უარი ეთქვა; აკავებდით ადამიანებს იმისთვის, რომ ევროკავშირს უარი ეთქვა საქართველოსთვის და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი გეოგრაფიას დააბრალეთ.

ბატონო ირაკლი და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებო – ეს გეგმა, ეს შეთქმულება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ვერ შესრულდება, კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ. იმის გარანტი, რომ ეს შეთქმულება ვერ შესრულდება, არის ის 100 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შეიკრიბა, ასევე ის ათასობით ადამიანი, რომელიც 24 ივნისს გამოვა ქუჩაში და გაგცემთ პასუხს – გაგცემთ პასუხს იმ ღვარძლსა და სიძულვილის ენაზე, რაც დღეს პარლამენტში იყო“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პაატა მანჯგალაძე პრემიერს – ბატონო ირაკლი, ვერ ჩააბარეთ ტესტი – პირველივე ნაღმზე აფეთქდით

ბატონო ირაკლი, გისმენდით 2 საათი და მართლა ვერ გავიგეთ, რისი თქმა გინდოდათ, საბოლოო ჯამში – ვერ ჩააბარეთ ბატონო ირაკლი ტესტი, ვერც კეთილსინდისიერების, ვერც გონებაგამჭრიახი პოლიტიკოსის, რადგან პირველსავე ნაღმზე აფეთქდით, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, პრემიერი სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს „კბილებით იცავდა“.

„ბატონო ირაკლი, ჩვენ გისმენდით 2 საათი და მართლა ვერ გავიგეთ, რისი თქმა გინდოდათ საბოლოო ჯამში, არა იმიტომ, რომ ყურადღებით არ გისმენდით, არამედ ეტყობა სერიოზული პრობლემაა. მე დაგისვით კითხვა, ვისი პრემიერ-მინისტრი ხართ ივანიშვილის თუ საქართველოს და თქვენ ვერ ჩააბარეთ ელემენტარული ტესტი. 100 ათასი ადამიანი, რომელიც იყო გამოსული ევროპის იდეის მოთხოვნით და თქვენმა წარმომადგენელმა, გამგებელმა “ჩიტი” უწოდა ამ ხალხს, ბოდიში არ მოუხდია არავის ამის გამო, მაგრამ როცა ვაშაძემ ივანიშვილი ახსენა, როგორც ოლიგარქი, კბილებით იცავდით ივანიშვილს. ძალიან მარტივი ტესტია, ვერ ჩააბარეთ ბატონო ირაკლი ტესტი, ვერც კეთილსინდისიერების ვერც გონებაგამჭრიახი პოლიტიკოსის იმიტომ, რომ პირველსავე ნაღმზე აფეთქდით“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია პრემიერს – გეკითხებით, რა გზავნილებით მიდიხართ NATO-ს სამიტზე, როდესაც ამბობთ, რომ NATO-ს წევრები ვერ გავხდებით სანამ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში

გეკითხებით, რა გზავნილებით მიდიხართ NATO-ს სამიტზე, როდესაც ამბობთ, რომ NATO-ს წევრები ვერ გავხდებით სანამ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ასევე, მან პრემიერს კითხვით მიმართა, თუ რა გეგმა აქვს რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, რომელიც არცერთი წუთით არ გაჩერებულა და კიდევ უფრო ძლიერდება.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ თითქმის ერთი ასაკის ვართ, მე დღევანდელმა თქვენმა გამოსვლამ, როდესაც თქვენ საუბრობდით, რომ უკეთესები ვართ არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაზე, არამედ ევროპულ ქვეყნებზეც, ხრუშოვის 57 წელს გამოსვლის ლოზუნგი გამახსენა, როდესაც ის ამბობდა „დავეწიოთ და გავასწროთ ჩამორჩენილ კაპიტალისტურ ქვეყნებს”. სწორედ ამ საბჭოური ლოზუნგის სტილში გქონდათ თქვენ დღევანდელი გამოსვლა, იმ პროგრამაში, რომელთან დაკავშირებითაც თქვენ დღეს სიტყვა არ გიხსენებიათ. უკვე რიგით მეორე საანგარიშო წელია გვპირდებით, რომ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობას დაიწყებთ და კარგად იცით, რომ რუსული დეზინფორმაცია საფრთხედ არის შეფასებული, თუმცა აბსოლუტურად რუსული დეზინფორმაციის სტილში გქონდათ გუშინ ყატარში გაკეთებული განცხადება: „ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრები”. ამის შემდეგ თქვენ აპელირებას აცხადებთ, რომ ეს არის NATO-ს პოზიცია, შესაბამისად, მე გეკითხებით, როდესაც კონსტიტუციაში თქვენმა გუნდმა ჩაწერა, რომ NATO და ევროკავშირი არის ქვეყნის არჩევანი, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ იმისთვის, რომ NATO-ს და ევროკავშირის წევრები გავხდეთ, არის თუ არა თქვენი განცხადება იმ კურსის მაჩვენებელი, რომელიც NATO-ზე უარს ნიშნავს, ისევე როგორც ევროკავშირთან მიმართებაში?! გეკითხებით, რა გზავნილებით მიდიხართ NATO-ს სამიტზე, როდესაც ამბობთ, რომ NATO-ს წევრები ვერ გავხდებით სანამ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში?! ასევე გეკითხებით, თუ რა გეგმა გაქვთ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, რომელიც არცერთი წუთით არ გაჩერებულა და კიდევ უფრო ძლიერდება?! ამ გზავნილებით აპირებთ იმ წინა პირობების შესრულებას, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა?! თუ აპირებთ, რომ ტყუილი გამარჯვებებით კვებოთ ხალხი და ქვეყანა წაიყვანოთ უფრო ღრმად რუსეთისკენ?!” – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გიორგი ვაშაძე – მინდა დავასახელო ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია – ეს არის ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ერთხელ ივანიშვილი!

მინდა დავასახელო ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია და ამ პრობლემის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ერთხელ ივანიშვილი! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვაშაძემ საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს შანსი, დათმოს მიტაცებული ძალაუფლება და ამის შესახებ მთელ მსოფლიოს უთხრას.

„მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ დეკემბრამდე გვაქვს შესასრულებელი, არის დეოლიგარქიზაცია. შესაბამისად, მინდა დავასახელო ის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია და ამ პრობლემის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ერთხელ ივანიშვილი! აბსოლუტურად მშვიდად და წყნარად მინდა ამ ტრიბუნიდან მას მივმართო – ბატონო ბიძინა, თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი მიტაცებული ძალაუფლება დაუბრუნოთ ხალხს, დაუბრუნოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ იყვნენ შეკრებილები რუსთაველზე; დაუბრუნოთ იმ ათიათასობით ქართველს, რომელიც ემიგრაციაშია წასული უმძიმესი გაჭირვებიდან გამომდინარე. თქვენ კიდევ გაქვთ შანსი აბსოლუტურად მშვიდად და წყნარად გაერიდოთ ძალაუფლებას და უთხრათ მთელ მსოფლიოს რომ თქვენ მზად ხართ დათმოთ მიტაცებული ძალაუფლება. ამის გარეშე არაფერი გამოვა. თუ ასე არ მოხდა, სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ ხალხს დავუბრუნოთ ძალაუფლება და ამ ბრძოლის გეგმას 24-ში სხვა თანამოაზრეებთან ერთად გავაცნობთ საზოგადოებას. ჯერი თქვენზეა, მივმართავ ბატონ ივანიშვილს, ახლა თქვენ უნდა გასცეთ პასუხი იმ ასობით ათას გულანთებულ პატრიოტს – უბრუნებთ თუ არა ძალაუფლებას?!“ – განაცხადა ვაშაძემ.

პაატა მანჯგალაძე პრემიერს – 2013 წელს რასაც ლაპარაკობდით, იმავეს ლაპარაკობთ – არაფერი გითქვამთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს, იმ ასი ათას გულანთებულ პატრიოტზე, ვისაც თქვენმა წარმომადგენელმა „ჩიტი“ დაუძახა

ბატონო ირაკლი, თქვენ ვერ ატყობთ, რომ ვერ ვითარდებით? 2013 წელს რასაც ლაპარაკობდით, 9 წელი გავიდა მას შემდეგ, იმავეს ლაპარაკობთ და არაფერი გითქვამთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც ჩვენს მოსახლეობას ნამდვილად აწუხებს, არაფერი გითქვამთ ევროინტეგრაციაზე, იმ ასი ათას გულანთებულ პატრიოტზე, ვისაც თქვენმა წარმომადგენელმა „ჩიტი“ დაუძახა, – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

მისივე თქმით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო.

„ბატონო ირაკლი, თქვენი გამოსვლა ძალიან მძიმე მოსასმენი იყო არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას ქადაგებდით, არამედ ეს არ იყო იმ პირობებში, რა პირობებშიც ახლა ევროპასთან დაკავშირებით ვართ, ქვეყანაზე მოფიქრალი პრემიერ-მინისტრის გამოსვლა კი არა, ეს იყო ერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის, ან თუნდაც ერთი პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა. ამ მძიმე გამოსვლის შემდეგ ვინც ტაში დაგიკრათ, ვინც შეგაქოთ, თქვენ ღალატზე საუბრობდით, მტრობაზე, აი, ისინი არიან პირველი თქვენი მტერი, ვინც ეს შეგიქოთ და მოგიწონათ.

ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იცის გონიერმა ადამიანმა, რომ ადამიანი არის მოაზროვნე არსება, ღმერთის ქმნილება, მაგრამ ის კარგავს აზროვნების უნარს, შემოქმედებით უნარს, ვერ ვითარდება, თუ მას თვითკმაყოფილება შეეპარება. ჩვენ რასაც ვისმენდით ახლა, თქვენს გამოსვლაში არანაირი თვითკრიტიკა არ ყოფილა. ბატონო ირაკლი, თქვენ ვერ ატყობთ, რომ ვერ ვითარდებით? აი ნახეთ, მართლა გეუბნებით, 2013 წელს რასაც ლაპარაკობდით, 9 წელი გავიდა მას შემდეგ, იმავეს ლაპარაკობთ და არაფერი არ გითქვამთ იმ პრობლემების, იმ სატკივრის გადაჭრაზე და მოგვარებაზე, რაც ჩვენს მოსახლეობას ნამდვილად აწუხებს, არაფერი გითქვამთ ევროინტეგრაციაზე, არაფერი გითქვამთ იმ ასი ათას გულანთებულ პატრიოტზე, ვისაც თქვენმა წარმომადგენელმა „ჩიტი“ დაუძახა. ამაზეც მაინტერესებს თქვენი პოზიცია, რას ფიქრობთ, რას ეუბნებით ამ ასი ათას ადამიანს, ვინც ევროპასთან ინტეგრაციის მხარდასაჭერად გამოვიდა?“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია პრემიერის განცხადებაზე – ასეთი ტიპის განცხადებები არის ღია რუსული პროპაგანდა და მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

ასეთი ტიპის განცხადებები არის ღია რუსული პროპაგანდა და მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, – ასე შეაფასა პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თქმით, საქართველომ ტერიტორიული პრობლემები უნდა გადაწყვიტოს და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი.

თეონა აქუბარდია დაინტერესდა, თუ რა გზავნილს აგზავნის ამ განცხადებით პრემიერი, “ეს არის საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური კურსი, კონსტიტუციიდან გადახვევა თუ რასთან გვაქვს საქმე?!”

„მაინტერესებს, რა გზავნილს უგზავნის პრემიერი და მთავრობა მათ შორის იმ ოჯახებს, რომლებმაც ავღანეთში ნატო-ს ეგიდით სამშვიდობო მისიებში თავიანთი ოჯახის წევრი დაკარგეს, 32 მოქალაქეზე არის საუბარი. მაინტერესებს რა გზავნილს უგზავნის პრემიერი აგვისტოს ომის მონაწილეებს. ყველას კარგად გახსოვთ, რომ აგვისტოს ომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან დასახელებული იყო ნატოში საქართველოს გაწევრიანების წინსვლა“,-განაცხადა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ის, რაც ქვეყანაში ახლა ხდება, შეუსრულებელი რეფორმების ბრალია, რომელზეც პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

„მაინტერესებს, რა გზავნილით მიდის პრემიერი ნატოს სამიტზე და საერთოდ, მიდის თუ არა. რამდენად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ თავდაცვის სფეროში მხარდაჭერა გაძლიერდეს ნატოს წევრების მხრიდან და რა ინდიკაცია არსებობს საერთოდ იმისა, რომ ჩვენ ობიექტურად და რეალურად გვსურს ნატოს წევრობა ამ ყველაფრის შემდეგ. მაშინ, როდესაც აცხადებთ, რომ კანდიდატის სტატუსი თითქოს არაფერია და ჩვენ MAP-ზე უკეთესი მივიღეთ, ეს არის ღია ტყუილი და თქვენ ხალხს ატყუებთ. როდესაც დეპოლარიზაციაზე საუბრობთ, აუცილებელია, როგორც დეპოლარიზაცია, ასევე 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც თქვენ დახიეთ და გადააგდეთ. რის შედეგებიც საქართველომ დღეს იწვნია, ეს არ იყო გეოგრაფიის ბრალი, როგორც ამას თქვენი ნაწილი აცხადებს, ეს იყო შეუსრულებელი რეფორმების ბრალი, რომლის პასუხისმგებლობა თითოეულ თქვენგანს გეკისრებათ“,-მიმართა აქუბარდიამ უმრავლესობას.