გიორგი ვაშაძე – ქართველ ხალხს, ვინც ქუჩაში გამოვიდა და კიდევ გამოვა, 100%-იანი მხარდაჭერა ექნება, როგორც ბრიუსელიდან ასევე ვაშინგტონიდან

„სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება” არ შეასრულებს ქართველი ხალხის ნებას, ევროპისგან მკაცრი პასუხი ექნება.

მისივე თქმით, ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხარდაჭერა უკვე ნათელია რუსთაველზე გამოსული ხალხის მიმართ, რომელიც ევროპულ მომავალს ითხოვს.

„დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს, ვინც ქუჩაში გამოვიდა და გამოვა კიდევ, 100%-იანი მხარდაჭერა ექნება, როგორც ბრიუსელიდან, ასევე ვაშინგტონიდან. დღეს საქართველოში ევროპის და ამერიკის, ცივილიზებული სამყაროსთვის პარტნიორი არის ქართველი ხალხი, შესაბამისად, სანქციებიდან დაწყებული კიდევ უფრო მძაფრი მოქმედებებით დამთავრებული, ყველაფერი იქნება მოქმედებაში მოყვანილი, თუ „ქართული ოცნება” ამ ერთკვირიან ვადას არ გამოიყენებს.

ღიად და მკაფიოდ ვამბობ, პირველი გამოყენებული იქნება სანქციები, მაგრამ არა მხოლოდ სანქციები, კიდევ ბევრი რამ, რისი საჯაროდ თქმის უფლებაც არ მაქვს, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებიც ასე ვთქვათ „ქართულ ოცნებაში” არიან, ასევე იმ კომპანიების, ბიზნესწრეების, მოსამართლეების, თუ კონკრეტული სამართალდამცავი მაღალჩინოსნების მიმართ, ვინც მათ ეხმარებიან ამ ანტი-ქართული, ანტი-სახელმწიფოებრივი შეთქმულების რეალიზებაში. ყველა იქნება სათითაოდ იდენტიფიცირებული და თითოეული მათგანი როგორც საქართველოს შიგნით, ასევე გარეთ, პასუხისმგებლობაში მიეცემა.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, საქართველოს მოქალაქეების აქტიურობის მხარდამხარ და პირდაპირ პროპორციული იქნება მოქმედებები ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. ამიტომაც, 3 ივლისს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. ის დიდი, მშვიდობიანი ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც რუსთაველზე დაიწყო, გამარჯვებამდე უნდა მივიდეს. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას საქართველოსთვის, უბრალოდ, ამის უნდა გვჯეროდეს. უნდა ვირწმუნოთ საკუთარი ძალების და თავის. მჯერა ქართველი ერის, ძალიან დიდი არჩევანის ევროპული მიმართულებით და მჯერა, ამ შანსს არ გავუშვებთ”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *