გიორგი ვაშაძე – ევროპარლამენტარებმა გვითხრეს, რომ ყველა პროცესი უნდა გამოვიყენოთ, ჩვენ ვუთხარით, რომ პროცესში, სადაც წინაპირობებია წაყენებული „ქართული ოცნებისგან“, „სტრატეგია აღმაშენებელი” ვერ მიიღებს მონაწილეობას

ევროპარლამენტარებმა გვითხრეს, რომ ყველა პროცესი უნდა გამოვიყენოთ (რეკომენდაციების შესასრულებლად), ჩვენ ვუთხარით, რომ პროცესში, სადაც წინაპირობებია წაყენებული “ქართული ოცნების” მხრიდან, “სტრატეგია აღმაშენებელი” ვერ მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ რაც რიგგარეშე სესიაზე უარი მიიღო ოპოზიციამ, ალტერნატიული პროცესის დაწყებაა საჭირო, რომლის ფარგლებში კანონპროექტებს შეიმუშავებენ და ევროპელ კოლეგებს გააცნობენ.

“სრულად ფლობენ ინფორმაციას საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, ჩვენ გავაცანით ჩვენი სამოქმედო გეგმა. სამწუხაროდ, რიგგარეშე სესიაზე უარი თქვა “ქართულმა ოცნებამ,” ისიც ვთქვით, რომ თუ დღესვე დააორგანიზებენ სესიას თავის კომიტეტებით, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი” ნამდვილად ვერ მივიღებთ პროცესში მონაწილეობას, რომელსაც წაყენებული აქვს წინაპირობები “ქართული ოცნების” მხრიდან. წინაპირობაა, რომ კონსტიტუციას არ ეხება თურმე 12 პუნქტი, თურმე დეოლიგარქიზაციის კანონი არ ეხება ივანიშვილს, სასამართლოში კლანი არ არსებობს და ა.შ.

მე პირდაპირ ვუთხარი, სანამ პირდაპირ სახელს არ დავარქმევთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პრორუსული ძალა, მანამ ფონს ვერ გავალთ. ჩვენი გეგმაა, რომ მას შემდეგ, რაც უარი მივიღეთ რიგგარეშე სესიაზე, ჩვენ ყველა კანონს დავამუშავებთ, ევროპულ მხარეს ვთხოვეთ, რომ შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეაფასებს მათ შორის, ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტების შესაბამისობას 12 პუნქტთან. სამწუხაროდ, მოგვიწევს პარალელური პროცესის დაწყება.

მათი მხრიდან იყო საუბარი, რომ ყველა პროცესი უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ პროცესში, რომელიც გარანტირებული არ არის პარლამენტის რეგულაციებით, რაც არის რეგლამენტი და სადაც წინაპირობებია წაყენებული და რაზე იმუშავებენ და რაზე არა, “სტრატეგია აღმაშენებელი” ვერ მიიღებს მონაწილეობას, ჩემთვის არ არის ის პროცესი, რაც შედეგზე გაგვიყვანს”,- განაცხადა ვაშაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *