გიორგი ვაშაძე – ხელისუფლება თავად ახდენს რადიკალიზაციას, საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები

საქართველოში რიგგარეშე არჩევნები იქნება – „ქართული ოცნება“ მეტი რადიკალიზაციისკენ მიდის, ის ჩვენ არ გვისმენს, ის არაფერს ასრულებს, მას სურს, რომ ყველა „ომის პარტიებად” მოგვნათლოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ რადიკალიზაციისკენ მიდის, რაც ამერიკელი და ევროპელი კოლეგებისთვის მიუღებელია.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას არ ასცდეს და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.

„საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები, რატომ?! ამას აქვს ორი ფაქტორი. პირველი: “ქართული ოცნება” მეტი რადიკალიზაციისკენ მიდის, ის ჩვენ არ გვისმენს, ის არაფერს ასრულებს, მას სურს რომ ყველა“ომის პარტიებად” მოგვნათლოს. სასაცილოა უბრალოდ მათი ეს არგუმენტაცია, ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

მეორე: ხელისუფლება თავად ახდენს რადიკალიზაციას, პოლარიზებას. ყველა შეთანხმების, თანხმობის წინადადებაზე უარს გვეუბნება. მოუსმინეთ ამერიკის ელჩს. ის ამბობს, რომ ერთად უნდა დავდგეთ. რას ვამბობთ ჩვენ – “სტრატეგია აღმაშენებელი”?! უნდა დავდგეთ ერთად. ეს არის ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მთავარი გზავნილი, რომელსაც “ქართული ოცნება” პასუხობს, რომ არა და არასდროს. ეს არის მათი პასუხი კობახიძის, მდინარაძის ყველასი აბსოლუტურად და ამაზე ისინი პასუხს მიიღებენ, რიგგარეშე არჩევნებს მიიღებენ. იმისთვის, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას არ ასცდეს, იმისთვის რომ ჩვენმა ქვეყანამ ნატო-შიინტეგრაცია დააჩქაროს, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

მე კიდევ ერთხელ შემრცხვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ხელისუფლებაა, რადგან ეს განცხადებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მხრიდან კეთდება, ანტიეროვნულია იმიტომ, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საშინელ ზიანს აყენებს. ყველა შეხვედრაზე რაც კი ვაშინგტონში მქონდა, ჯერ კითხვას მისვამენ: რა ხდება საქართველოში?! რა კავშირი აქვს საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან?! რატომ არის თქვენი ქვეყნის მიმართ ასეთი განცხადებები?! ეს ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის საშინელი დარტყმაა,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე – “ოცნება” საკუთარ ტყუილებში გაიხლართა და აღარ სურს არანაირი რეფორმის გატარება, რომელიც არის გზა ამერიკისკენ, ევროპისკენ და განვითარებისკენ

ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ფიქრობენ, რომ საქართველომ შეაჩერა დემოკრატიული განვითარების პროცესი. ისინი სვამენ კითხვას – რატომ ხდება ეს?! ზუსტად ეს არის ის მთავარი პრობლემა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა, – ასე აფასებს ვაშინგტონში მყოფი გიორგი ვაშაძე საქართველოს მდგომარეობას საერთაშორისო ასპარეზზე.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე აცხადებს, ხელისუფლებას არანაირი რეფორმის გატარება არ სურს.

“ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს აქვთ კითხვის ნიშნები, ისინი ფიქრობენ, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების პროცესი შეაჩერა. “ქართული ოცნება” საკუთარ ტყუილებში გაიხლართა და აღარ სურს არანაირი რეფორმის გატარება, რომელიც არის გზა ამერიკისკენ, ევროპისკენ და განვითარებისკენ. ისინი სვამენ კითხვას რატომ ხდება ეს?! ზუსტად ეს არის ის მთავარი პრობლემა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა.

აუცილებლად მინდა შევეხო 19 აპრილის შეთანხმებას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლითაც ჩვენ ვართ აქ ჩამოსული და ვიტყვი პირველად, რომ “ქართულ ოცნებას” ვაიძულებთ და მოუწევს მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, დაიწყოს მართლმსაჯულების რეფორმა და შეასრულოს სხვა საკითხები, რომელიც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში, რადგან ჩვენ ვიყავით ამ შეთანხმების ხელმომწერები.

დღეს ამერიკაში ჩვენი გზავნილი არის შემდეგი – ჩვენ ამ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ ამერიკულ და ევროპული გარანტიის ქვეშ, ჩვენ ნულოვანი ნდობა გვქონდა “ქართული ოცნების” მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არაერთხელ მოატყუეს ქართველი ხალხი და ჩამოყალიბდნენ “მატყუარა ოცნებების” პარტიად, დღეს ვითხოვთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან საგარანტიო მექანიზმების ამოქმედებას, რა შეიძლება იყოს ეს?! უახლოეს დღეებში ამას დაინახავთ საქართველოში, ეს იქნება კონკრეტული აქტები სენატში და კონგრესში, კონკრეტული ნაბიჯები და გზავნილები ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, რომ საქართველო მიიღებს მეტ მხარდაჭერას და დახმარებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების კუთხით შეასრულებს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ამერიკა არის ქართველი ხალხის გვერდით, “ქართულ ოცნებას” არცერთ შემთხვევაში არ მისცემს უფლებას, რომ ქართველი ხალხის ნება თავდაყირა დააყენოს, რომელიც ჩვენ გამოვხატეთ რეფერენდუმში ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და რომელიც დაფიქსირებული აქვს საქართველოს არა ერთხელ. მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც გამოვფხიზლდეთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ ვაშინგტონში NDI-ს სათავო ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები ვაშინგტონში NDI-ს სათავო ოფისში ევრაზიის რეგიონის დირექტორს ევა ბუზას და ევრაზია/კავკასიის რეგიონული პროგრამების ხელმძღვანელებს შეხვდა.

გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებსა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებს მოიცავდა.

„საუბარი გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოსთვის NDI-ს მიერ გაწეულ დახმარებაზე დემოკრატიული პროცესების განვითარების კუთხით. ასევე შეხვედრაზე საქართველოში პარტიების გაძლიერებასა და მათ მხარდაჭერაზე ვისაუბრეთ, კონკრეტულად პარტიების საჭიროებაზე და საკითხებზე, რომელშიც შეუძლია NDI-ს დახმარების გაწევა. შევეხეთ საქართველოს შიგნით დემოკრატიზაციის პროცესებს, რეფორმებს და მათი დაჩქარების შესაძლებლობები განვიხილეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე – კელი დეგნანზე „ოცნების“ პროპაგანდისტების თავდასხმა საგანგაშოა

„სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს მხარდაჭერას უცხადებს და „ოცნების“ პროპაგანდისტების „თავდასხმას საგანგაშოს“ უწოდებს.

როგორც ვაშაძემ გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) მიერ კელი დეგნანის მიმართ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, მისი პარტია ელჩის ერთიანობის პათოსს იზიარებს.

„საგანგაშოა “ქართული ოცნების” მთავარი მედია პროპაგანდისტების მხრიდან ამერიკის ელჩზე პროპაგანდისტული თავდასხმა ანტიდასავლური რიტორიკისთვის დამახასიათებელი ხერხების გამოყენებით. ელჩი დეგნანი გამორჩეულია საქართველოს და ქართველი ერის განსაკუთრებული თანადგომით. სრულად ვიზიარებთ ელჩის პათოსს ერთიანობასთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ეროვნული თანხმობა დეოკუპაციის, ევროინტეგრაციისა და რუსული აგრესიისაგან თავდაცვის საკითხეზე არის ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება და არა გაუთავებელი ტალახის სროლა, კინკლაობა და მოსახლეობის დაშინება რასაც “ქართული ოცნება” და მისი აგიტატორ პროპაგანდისტები გვთავაზობენ. სრული მხარდაჭერა და თანადგომა კელი დეგნანს!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ვაშინგტონში ჩრდილო-ატკანტიკურ საბჭოში ჯონ ჰერფსს და დენ ფრიდს შეხვდა

“სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ ვაშინგტონში, “ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოში” შეხვედრები გამართეს. ჯონ გერფსთან და დენ ფრიდთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. გიორგი ვაშაძის თქმით,  დღეს საქართველოს უდგას პერიოდი, როდესაც მან ნაყოფიერად უნდა იმიშავოს იმისთვის, რომ გაატაროს დემოკრატიული რეფორმები ქვეყნის შიგნით და წამოიწყოს თავისუფალი ვაჭრობა იმისთვის რომ არ ვიყოთ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული. ვაშაძის თქმით ასევე მნიშვნელოვანია ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება საქართველოში.

„ატლანტიკური საბჭო“ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფაქტობრივად განსაზღვრავს და  ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტებს ქმნის ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით. „ატლანტიკურ საბჭოში“  შევხვდით საქართველოს დიდ მეგობრებს, ჯონ ჰერფსს და დენ ფრიდს. ძალიან საინტერესო საუბარი იყო, ღიად შემიძლია ვთქვა პირველად ამ შეხვედრაზე გავიგე, რომ დღეს ამერიკაში უკრაინის დაჩქარებული წესით „ნატო“-ს წევრობის საკითხიც კი განიხილება. ბევრი ადამიანი ვინც ამის წინააღმდეგი იყო დღეს ამბობს, რომ უკრაინა ამას იმსახურებს. იმისთვის, რომ საქართველო მოექცეს იმ ქოლგის ქვეშ სადაც უკრაინა იმყოფება აუცილებელია:

პირველი – საქართველო აქტიური უნდა იყოს და გააჟღეროს, რომ ჩვენ ვართ იგივე წნეხის და აგრესიის მსხვერპლი, რაც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში.

მეორე – საქართველო უნდა იბრძვოდეს უკრაინის მხარდამხარ, მის გვერდით, უკრაინის დიპლომატიასთან ერთად უნდა ჩანდეს ქართული დიპლომატია, რომელიც მუშაობს აქ ვაშინგტონში და ასეთ შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია.

როგორც ჩანს სრულიად ახალი უსაფრთხოების სისტემა შეიქმნება ჩვენს რეგიონში, სავარაუდოდ უკრაინა ჩამოყალიბდება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გლობალურ მოთამაშედ და სამარცხვინოა ამ ფონზე ის დამოკიდებულება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს უკრაინის მთავრობასთან  და ზოგადად უკრაინასთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ამხელა რანგის მქონე ხალხი კითხვას გისვამს რას აკეთებს საქართველო?! რატომ აქვს ასეთი რიტორიკა?! რატომ არის მსგავსი ეჭვები საქართველოსთან მიმართებაში?! ეს ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება დაგვაყენოს სერიოზული პრობლემების წინაშე. ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ:

პირველი – ეს არის დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნა ქვეყნის შიგნით.

მეორე – თავისუფალი ვაჭრობა იმისთვის რომ არ ვიყოთ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული და მესამე – ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება.

ყველა ეს საკითხი შეგვიძლია დღეს დავაყენოთ და უფრო მეტიც, შეგვიძლია დავაყენოთ საქართველოს დაჩქარებული წესით „ნატო“-ს წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამერიკისგან საოცარი მხარდაჭერა და ინტერესია საქართველოსთან მიმართებაში“, – გიორგი ვაშაძე

ის ეჭვების პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს “ქართული ოცნება” საქართველოს ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს “ქართულ ოცნებას” ნულოვანი პოლიტიკური ნდობა აქვს – გიორგი ვაშაძე

დღეს საქართველო უნდა იყოს უკრაინის მხარდამხარ და ყველა შეხვედრაზე ამაზე გვაქვს საუბარი, რომ არა ეს გაუთავებელი თავდასხმები უკრაინის მთავრობაზე, არამედ უკრაინისგვერდით უნდა ვიდგეთ – ასე აფასებს არსებულ მდგომარეობას ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში მყოფი გიორგი ვაშაძე. “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის თქმით, ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან ისმის კითხვები საქართველოს ხელისიფლების პოზიციონირების შესახებ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რაც მისი აზრით ძალიან სერიოზული პრობლემაა 

“დღეს საქართველო უნდა იყოს უკრაინის მხარდამხარ და ყველა შეხვედრაზე ამაზე გვაქვს საუბარი, რომ არა ეს გაუთავებელი თავდასხმები უკრაინის მთავრობაზე, არამედ უკრაინისგვერდით უნდა ვიდგეთ. ჩვენი დიპლომატიური კორპუსი უნდა მუშაობდეს უკრაინის დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, რომ საქართველომაც მიიღოს ის მხარდაჭერები რასაც უკრაინა იღებს. ვაშინგტონში კითხვები ისმება თუ რატომ არ აკეთებს საქართველო დღეს ამ ყველაფერს?! როდესაც მსგავსი კითხვები ისმება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან, ეს უკვე ძალიან სერიოზული პრობლემაა. ისეჭვების პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს “ქართული ოცნება” საქართველოს ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს. ჩვენი ამერიკაში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ”ქართულ ოცნებას” სრულიად გამოცლილი აქვს ნდობის ფაქტორი, რომელიც ერთ-ერთი მთავარია პარტნიორი სახელმწიფოების, ექსპერტული თუ პოლიტიკური წრეების მხრიდან. “ქართულ ოცნებას” ნულოვანი პოლიტიკური ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდანაც. როდესაც საქართველოში დავბრუნდებით გვექნება ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან და საზოგადოებასთან სისტემური მუშაობა. ძალიან დიდი შანსები აქვს საქართველოს, რომ დაჩქარდეს როგორც ნატოში ასევე ევროკავშირში ინტეგრაცია. თავდაცვის უნარიანობის მიმართულებით მხარდაჭერა, ასევე მივიღოთ ჰაერსაწიმააღმდეგო სისტემები, რომელიც ნამდვილად იქნება შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისთვის. ასევე მნიშვნელოვანია დავიწყოთ მსჯელობა საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებაზე მაგრამ ყველაფერ ამას სჭირდება ვალდებულებების შესრულება. ვალდებულება საქართველოს აქვს ერთი, დემოკრატიული რეფორმები” – გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ სახელმწიფო დეპარტამენტში კარა მაგდონალდსთან და ერიკა ოლსონთან შეხვედრები გამართა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები – გიორგი ვაშაძე, სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში კარა მაგდონალდს და ერიკა ოლსონს შეხვდნენ. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის 19 აპრილის შეთანხმება და გეოპოლიტიკური ვითარება.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საქართველო ევროპულ ასპარეზზე თითქოს გამქრალია, რაც “ქართული ოცნების” პოზიციონირების ბრალეულობაა.

ვაშაძის თქმით, დღეს საქართველოს აქვს დიდი შანსი, რომ დაჩქარდეს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რასაც სჭირდება ვალდებულებების შესრულება რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

“შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში კარა მაგდონალდსთან და ერიკა ოლსონთან. ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი, ეს არის 19 აპრილის შეთანხმება, რაზეც მათ აქვთ კონკრეტული გზავნილები. შევთანხმდით, რომ “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეასრულოს, როგორც მართლმსაჯულების, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების და ხელისუფლების განაწილების კუთხით ის ვალდებულებები, რაც მათ აქვთ. თუ ასე არ მოხდება საქართველოს მხარდაჭერა სხვადასხვა სავალუტო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემცირდება.

წელს, “ქართული ოცნება” 1 მლრდ ლარს საგარეო ვალს იღებს, რასაც დაედება პირობები. ევროპას და ამერიკას ექნება წინაპირობები, აკეთებ საქმეს, გაძლევ თანხას, მეტი რეფორმა ნიშნავს მეტ მხარდაჭერას. გარდა ამისა, ასევე შევეხეთ გეოპოლიტიკურ საკითხებსაც, გაზის, ნავთობის და სხვადასხვა ტრანზიტის საკითხებს საქართველოს გავლით ევროპული მიმართულებით, იმიტომ, რომ საქართველო არის ერთადერთი ალტერნატივა ფაქტობრივად რუსული ტრანზიტის აზიიდან დასავლეთისკენ. ზუსტად ამაზე უნდა მუშაობდეს საქართველოს ხელისუფლება. აქ რეალურად საშინლად იგრძნობა სიტუაცია, თითქოს გამქრალია საქართველო და ეს განპირობებულია “ქართული ოცნების” პოზიციონირების გამო. დღეს საქართველო უნდა იყოს უკრაინის მხარდამხარ და ყველა შეხვედრაზე ამაზე გვაქვს საუბარი, რომ არა ეს გაუთავებელი თავდასხმები უკრაინის მთავრობაზე, არამედ უკრაინის გვერდით უნდა ვიდგეთ. ჩვენი დიპლომატიური კორპუსი უნდა მუშაობდეს უკრაინის დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, რომ საქართველომაც მიიღოს ის მხარდამჭერები, რასაც უკრაინა იღებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატორი შაჰინის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატორი შაჰინის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იყო საუბარი.

გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე ორი მნიშვნელოვანი თემა განიხილებოდა, 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რეფორმების განხორციელება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ეკონომიკური მიმართულებით დახმარების გაზრდა.

„შეხვედრა გვქონდა სენატორი შაჰინის ოფისის წევრებთან. სენატორი შაჰინი არის ძალიან აქტიური საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ კონკრეტულ საკითხზე: პირველი – იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ ამერიკას აუცილებლად საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების გატარება, ეს არის საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია წარმოდგენილი, რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან საკითხს – საქართველოს ახლა სჭირდება, როგორც თავდაცვის უნარიანობის ასევე ეკონომიკური კუთხით დახმარება. ჩვენ კვლავ დავაყენეთ საკითხი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე მეტი მხარდაჭერა ისევე როგორც უკრაინას საქართველოსაც, მაგრამ ამისთვის რა თქმა უნდა მთავრობის აქტიურობაა საჭირო“, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე კონგრესმენებს კეტრინ რაის და ადამ კინზინგერს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა, სერგო ჩიხლაძემ და გიორგი ვაშაძემ, ვაშინგტონში პირველი ოფიციალურ შეხვედრა კეტრინ რაისთან და ადამ კინზიგერთან გამართეს.

შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმება, რომელსაც ამერიკელი და ევროპული მხარეების წარმომადგენლების ჩართულობით ხელი მოეწერა. ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ყველაზე მეტად მხარდაჭერა ახლა სჭირდება.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები ვაშინგტონში შეხვედრებს მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში განაგრძობენ, სადაც კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

„დღეს შეხვედრები კეტრინ რაისთან და ადამ კინზიგერთან გვქონდა. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ: პირველი ის, რომ საქართველოს სჭირდება მეტი მხარდაჭერა და ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ შეცდომას უშვებს, როდესაც არ აყენებს საქართველოსთვის მეტი შეიარაღების მოწოდებას, მეტ ფინანსურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ჯერ კიდევ თბილისში, შეხვედრებზე თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით დავაყენეთ საკითხი და აღნიშნულ საკითხს გამოხმაურებებიც აქვს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური თანამშრომლობა. საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ, უნდა დავაყენოთ მათ შორის, ამერიკის სამხედრო ბაზის საქართველოში ყოფნის საკითხი. შეხვედრის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, 19 აპრილის შეთანხმება. კონგრესმენებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ხელისმომწერები ამერიკული და ევროპული გარანტიის ქვეშ. შესაბამისად, მათ ვთხოვეთ, რომ ამ გარანტიიდან გამომდინარე, აღსრულების მექანიზმები ამერიკის მხრიდან ამოქმედდეს. თუ „ქართული ოცნება“ არ ვაიძულეთ მართლმსაჯულების რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები და დემოკრატიული რეფორმები განახორციელონ, ჩვენ ვერც ევროკავშირს დავუახლოვდებით და ვერც ნატო-ში ინტეგრაციას დავიწყებთ. აუცილებელია, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ მათი უშუალო გარანტიის გამო მოვაწერეთ ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და სხვა პარტიებმა19 აპრილის შეთანხმებას ხელი, ამიტომაც გვაქვს უფლება, ვთხოვოთ აქტიურად ჩაერთონ იმაში, რომ „ქართული ოცნების“ იძულება მოვახდინოთ და დაიძრას ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც ევროპასთან დაგვაახლოებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდებიან

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე აშშ-ში გაემგზავრნენ. შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატში, კონგრესსა და სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციასთან შედგება.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, მთავარი განსახილველი საკითხები, საქართველო, უკრაინა და გეოპოლიტიკა იქნება.

„შევუდექით გზას ამერიკისკენ. ათდღიანი ვიზიტის ფარგლებში გვექნება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატში, კონგრესში და სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციასა და ექსპერტულ წრეებთან. პარალელურად, მონაწილეობას მივიღებთ “ალდეს” ევროპული ოჯახის პარტიების ლიდერთა შეკრებაში. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხები იქნება: საქართველო, გეოპოლიტიკა, უკრაინა,” – წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.