სტრატეგია აღმაშენებელი ქართულ ოცნებას საპარლამენტო დებატებს სთავაზობს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სახელისუფლებო პარტიას საპარლამენტო დებატებს სთავაზობს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პარლამენტის 93-ე მუხლის თანახმად ისინი „ქართულ ოცნებას“ მომავალ სასესიო სხდომაზე საპარლამენტო დებატების გამართვას სთავაზობს. გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს დებატებზე მოსვლისკენ მოუწოდებს რათა ყველა იმ კითხვაზე გასცეს პასუხი ხელისუფლებამ, რაც დღეს საქარტველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით აქვთ.

„“სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 93-ე მუხლის შესაბამისად ვითხოვთ მომავალ სასესიო კვირაში გაიმართოს საპარლამენტო დებატები, „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის“ საკითხზე. გაიმართოს დებატები სადაც ყველა ამ მძიმე ბრალდებაზე, ყველა ამ მძიმე საკითხზე მოუწევს ხალხის წინაშე, ხალხის სამსჯავროზე წარსდგეს „ანტი ქართული ოცნება“, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომ დაგვტოვოს პირისპირ რუსეთთან, რომ გადასაყლაპი ლუკმასავით ვიყოთ რუსეთისთვის. რაც მთავარია ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ერი გაერთიანდეს და არ მივცეთ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ რომ გადაგვჩეხოს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, გუშინდელი სახეჩამოშლილი კომენტარი ძალიან მკაფიოდ აჩვენებდა რაზე ისაუბრეს მათ შეხვედრებზე, მაგრამ მათ ეს განა ვერ გაიგეს,არ გაიგეს, იმიტომ რომ მზად არიან ერთი ადამიანის ფინანსურ ინტერესებს შესწირონ თავიდან ბოლომდე ქვეყნის ინტერესები. დღეს ჩვენ უნდა დავდგეთ საქართველოს სადარაჯოზე და ეს ისტორიული შანსი, რომელიც მოვიპოვეთ არცერთ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ ხელიდან. დღეს არის ის მომენტი, როდესაც საქართველოს მთავრობა უნდა დადიოდეს ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში, ორმხრივ შეხვედრებს უნდა მართავდეს, უნდა სთხოვდეს და ეუბნებოდეს მთლს მსოფლიოს, მთელს ცივილიზებულ სამყაროს, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრ ქვეყნობას. ამის ნაცვლად ისინი კვლავ ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს, ადანაშაულებენ ამ ქვეყნებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ. ეძებენ ამერიკულ და ევროპულ ბიძინა ივანიშვილზე შეტევის კვალებს და რაც მთავარია გვაკარგინებენ იმ ისტორიულ შესაძლებლობას, რომ ამოვყოთ ამ წუმპედან ერთხელ და სამუდამოდ თავი და დავიწყოთ ნორმალური განვითარების პროცესი. მივმართავ ბატონ კობახიძეს, მობრძანდით პარლამენტში სასესიო დარბაზში დებატებზე და თქვენ ხალხის სამსჯავროს მოგიწყობთ პარლამენტში იმ დებატებით, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 93-ე მულით არის გათვალისწინებული. ვნახოთ ვის დაუჯერებს ხალხი. თქვენ ხართ ანტი-ქართული, ანტი-ეროვნული ოცნება და აი ამას ყველა ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი მტკიცებულებებით ხედავს“ – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს ამერიკაში ვიზიტის დეტალებიც გააცნეს.

პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„მადრიდის სამიტი ახლოვდება. სამწუხაროდ, ვფიქრობ, “ქართული ოცნება” არ მუშაობს იმისთვის, რომ ნატო-სთან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენმა ამერიკაში ვიზიტმა დაგვანახა, რომ შეგვიძლია უფრო ღრმა თანამშრომლობის საკითხები დავაყენოთ. მათ შორის, საქართველომ მაპ-ის მოპოვებასთან დაკავშირებით საკითხი კვლავ უნდა დააყენოს. უკრაინასთან დაკავშირებით მსჯელობებია, რომ შეიძლება ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გარღვევა იყოს და ამ გარღვევაში აუცილებლად უნდა იყოს საქართველოც”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდმა ვაშინგტონის ვიზიტი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან განიხილეს

“სტრატეგია აღმაშენებელმა“ ვაშინგტონში კონგრესმენებთან და სენატორებთან ვიზიტი შეაჯამა.

პარტიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და ექსპერტებს უმასპინძლა, სადაც დეტალურად განიხილეს ვაშინგტონში შეხვედრის საკითხები.

გიორგი ვაშაძის თქმით, ვიზიტზე მთავარი თემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, სანქციები, თავდაცვის გაძლიერება და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო.

პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-მ საქართველოს ღია მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

“ჩავაბარეთ ანგარიში ხალხს, ეს არის ის სტანდარტი, როგორც უნდა მუშაობდე შენს მხარდამჭერებთან, შენს ამომრჩევლებთან. რაც მთავარია ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენი ვიზიტის დროს გვქონდა. სრული მხარდაჭერა საქართველოს ამერიკის მხრიდან ხოლო იმედგაცრუება, კითხვის ნიშნები და უნდობლობა “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში. ჩვენ დავაყენეთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე რამდენიმე საკითხი, როგორიცაა ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება საქართველოში, თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის საკითხები ამერიკაში, რომელსაც არ აყენებს “ქართული ოცნება”. რაც მთავარია ჩავაბარეთ ანგარიში ჩვენს მხარდამჭერებს, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, მოუწევს “ოცნებას” და რეფორმებიც აუცილებლად განხორციელდება.

რაც შეეხება იმ ანტიამერიკულ რიტორიკას, რაც მათ [ოცნებას] აქვთ, დარწმუნებული ვარ ხალხი ამას პასუხს გასცემს. ხალხთან ერთად საბოლოო ჯამში მივაღწევთ გამარჯვების იმ ნიშნულს, რომელიც ასე უნდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს” , – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

სერგო ჩიხლაძე – „ქართული ოცნება“ არ აქტიურობს ჩვენს პარტნიორებთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არც ევროკავშირთან მიმართებაში და ამას ჩვენი ევროპელი კოლეგებიც ამჩნევენ

ოპოზიციური პარტიის წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით და გაძლიერებული მხარდაჭერით სამი ძირითადი საკითხის დაყენება შეძლეს: თავისუფალი ვაჭრობის დაწყება, საქართველოს თავდაცვის კუთხით გაძლიერება, „ქართული ოცნების” მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და რეფორმების განხორციელება.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მიმართებაში არ აქტიურობს და ამას ევროპელი კოლეგებიც ამჩნევენ.

„ამერიკის მხრიდან მეტი თანამშრომლობით და გაძლიერებული მხარდაჭერით დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი. პირველ რიგში ეს იყო თავისუფალი ვაჭრობის საკითხის დაწყება და ამაზე ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო იგივე კონგრესმენების მხრიდან. ამას მუშაობა სჭირდება, მაგრამ ჩვენი მხრიდან ეს საკმარისი არ იქნება, რადგან პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს და იმუშაოს, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ, ვაკეთებთ ჩვენ ოპოზიცია. ჩვენი აქტიურობის მიუხედავად, ეს საკმარისი ვერ იქნება იმიტომ, რომ ოპოზიციური ფლანგიდან ხელისუფლების გასაკეთებელს ვერ გააკეთებ.

მეორე საკითხი ეს იყო მხარდაჭერა თავდაცვისუნარიანობის კუთხით. ჩვენ აქ ყველას ვეუბნებით წარსულში მომხდარ მოვლენებს, რომ იყო 2008 წელი, 2014 წელი, ხომ არ უნდა დაველოდოთ მსგავსი ტიპის მოვლენებს და მერე დაიწყოს მსოფლიომ და თუნდაც ჩვენმა პარტნიორებმა ჩვენზე ზრუნვა?! ამიტომ ახლავე პრევენციულად უნდა იყოს თავდაცვის უნარიანობაზე და იგივე თავდაცვის საშუალებებზე საუბარი საქართველოსთან მიმართებაშიც.

მესამე საკითხი და პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასიურობა. “ქართული ოცნება” საერთოდ არ აქტიურობს ჩვენს პარტნიორებთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არც ევროკავშირთან მიმართებაში. ახალმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობები გააჩინა, რომ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურად დაჩქარდეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ ყველაფრისთვის ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ის დუმს, თუმცა ჩვენ ოპოზიციური ფლანგიდან ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატანას და დაცვას ყველანაირად ვცდილობთ,” – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში სენატორ ტემი ბოლდუინის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდნენ

შევხვდით სენატორ ტემი ბოლდუინის აპარატის ხელმძღვანელს. განვიხილეთ საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობა, ვისაუბრეთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე და იმაზე, თუ რა შეიძლება ამერიკამ გააკეთოს ამისთვის. ასევე, შევეხეთ შიდა დემოკრატიის საკითხს, დემოკრატიული პროცესების თანმიმდევრულობას საქართველოში და “ქართული ოცნების“ ვალდებულებებს, რომელიც შესასრულებელია. რა თქმა უნდა, განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები, უკრაინის საკითხი და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.

გიორგი ვაშაძე  – აშშ-ში „ქართულ ოცნებას“ მატყუარას და გადამგდების იმიჯი აქვს, ნულოვანი ნდობაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში „ქართულ ოცნებას“ „მატყუარას და გადამგდების იმიჯი აქვს”.

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოსთვის დახმარების ახალი დოკუმენტები გამოჩნდება, რომელიც განსაზღვრული იქნება ხელისუფლების მხრიდან შესასრულებელი პირობებიდან გამომდინარე.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აღნიშნავს, 19 აპრილის შეთანხმების პუნქტები აუცილებლად უნდა შესრულდეს და ამის გაკეთება „ქართულ ოცნებას” აუცილებლად მოუწევს.

”„ქართულ ოცნებას” ამერიკაში მატყუარას და გადამგდების იმიჯი აქვს. მათთან მიმართებით ნულოვანი ნდობაა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმებთან დაკავშირებით, უახლოესი თვეების განმავლობაში თქვენ სრულიად ახალ დოკუმენტებს ნახავთ, სადაც განსაზღვრული იქნება ყველა ის დახმარება, რასაც საქართველო მიიღებს. შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ყველამ იცის, ვინც საქართველოს საკითხებზე მუშაობს. მათთვის ამ შეთანხმების საკითხები არის შესასრულებელი და ამ ვალდებულებას „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა. „ქართულ ოცნებაში“ შეიძლება ეგონათ, რომ ჩვენ დავივიწყებდით და ეს საქმე „ჩაიფარცხებოდა“, თუმცა ასე ვერ მოხდება – ეს საკითხი ასე ვერ „ჩაიფარცხება“. ამ შეთანხმებას ხელი ამერიკული და ევროპული გარანტის ქვეშ მოვაწერეთ, შესაბამისად, ვითხოვთ საგარანტიო მოქმედებების აღსრულებას. ტყუილი და გადაგდება არ უნდა გაუვიდეს „ქართულ ოცნებას“.

„ქართული ოცნება” და ივანიშვილი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის დამთავრებულია. ნამდვილად არ სურთ მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობა. ახლა ყველაფერი უკვე ჩვენზე, ქართველ ხალხზე არის დამოკიდებული, რადგან ჩვენ ნაცვლად გასაკეთებელს ამერიკა და ევროპა ვერ გააკეთებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ერიკა ოლსონს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ერიკა ოლსონთან შეხვედრა გამართეს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, დაყენებული იქნა საკითხი საქართველოსთვის დამატებითი თავდაცვის და ფინანსური გარანტიების მიცემის შესახებ.

„შეხვედრა გვქონდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ერიკა ოლსონთან, რომელიც მაღალი რანგის ერთ-ერთი ფიგურაა. შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორც საქართველოში ასევე ჩვენს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. დაყენებული იქნა საკითხი საქართველოსთვის დამატებითი თავდაცვის და ფინანსური გარანტიების მიცემის შესახებ. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს და უკრაინის საკითხებსაც, სადაც ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი იქნა დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები. ასევე შევეხეთ იმ მექანიზმების ამოქმედების საკითხს, რომელიც აიძულებს „ქართულ ოცნებას’’ აღებული ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ს, ევრაზიის რეგიონის დირექტორს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ს, ევრაზიის რეგიონის დირექტორს სტეფან ნიკსს შეხვდნენ. 

 შეხვედრაზე საუბარი IRI-სთან ორმხრივ ურთიერთობებს ეხებოდა. ასევე, საუბარი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს და დემოკრატიული რეფორმების საკითხს შეეხო.

„განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები IRI-სთან, საქართველოში მიმდინარე პროცესები, დემოკრატიული რეფორმები, პარტიების განვითარება და მხარდაჭერა. ჩვენ მათ ის საჭიროებები გავაცანით, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს და თუ როგორ შეუძლია IRI-ს დაგვეხმაროს. საუბარი ასევე, საქართველოს შიგნით დემოკრატიზაციის პროცესებს, რეფორმებს შეეხო და მათი დაჩქარების შესაძლებლობები განვიხილეთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.