პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ ფიქციად გადააქცია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ ფიქციად გადააქცია.

როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესში მისი პარტიის მონაწილეობის მიზანი, “ფარსისთვის ფარდის ახდაა”.

„ეს პროცესი „ქართული ოცნების“ მიერ ფიქციადაა გადაქცეული. ჩვენი მონაწილეობა ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო ნათლად ავხადოთ ფარდა, რომ ეს არის ფარსი. „ქართული ოცნების“ მოწოდებულ კანდიდატებს არანაირი უპირატესობა არ აქვთ იმათთან შედარებით, ვისზეც ვფიქრობთ, რომ მხარდაჭერა შესაძლებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ თევზაძის კანდიდატურას, რომელმაც შემოგვთავაზა სამართლიანი არჩევნების ჩატარების სტრატეგია და ტაქტიკა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, რატომ არ უჭერს ოპოზიცია მხარს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს, მანჯგალაძე მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ „ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ რაც ხელისუფლებას არ მოსწონს, ოპოზიციასაც არ მოსწონდეს“.

„კალანდარიშვილს 2017 წლიდან ვიცნობ, უწყებათაშორის საბჭოში ცესკოს წარმოადგენდა და არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც მან ოპოზიციის სასარგებლოდ დასმულ ნებისმიერ საკითხს დაუჭირა მხარი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი მიმდინარეობს. კომიტეტის წევრებმა ცესკოს წევრობის ოთხ, ხოლო თავმჯდომარეობის ორ კანდიდატს უნდა მიუსმინონ.

წყარო: interpressnews

სერგო ჩიხლაძე – ათიათასობით კოვიდინფიცირებულის ბინაზე მართვა სერიოზული გამოწვევა იქნება – შესაძლოა, არასწორმა მართვამ კიდევ უფრო გაზარდოს სიკვდილიანობა

სერიოზული გამოწვევა იქნება ათიათასობით ადამიანის ბინაზე მართვა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის, „ბუსტერ“ დოზის გაკეთებაც, რომელიც მძიმე შემთხვევების რაოდენობას ამცირებს.

„საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 70% არის აუცრელი. ამიტომ, გავრცელება, რაც უფრო მასიურად ხდება აუცრელ მოსახლეობაში, მით მეტია სხვადასხვა მუტაციის შანსი. წინასწარ იმის თქვა, რომ ყველა იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ და ამით დასრულდება პანდემია, ნაადრევი მგონია, თუმცა, ამ აზრის არსებობას ლეგიტიმური საფუძველი აქვს. პირველი მიმართულება არის პირველადი ჯანდაცვა და ათიათასობით პაციენტის მართვა ბინაზე. სერიოზული გამოწვევა იქნება ამ ათიათასობით ადამიანის მართვა, რადგან ეს ძალიან დიდი რიცხვია. გასაგებია, რომ ბევრ მათგანს მსუბუქი სიმპტომატიკა ექნება, მაგრამ თუ კარგად არ იქნება მართული, შეიძლება ბევრი პაციენტი გაიპაროს, არასწორმა მართვამ კიდევ უფრო გაზარდოს სიკვდილიანობა. ამის პარალელურად ვაქცინაცია, “ბუსტერ” დოზის გაკეთება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა კვლევა აჩვენებს, რომ დამატებით დოზა ამცირებს მძიმე შემთხვევებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებელი” და “რეფორმების ჯგუფი” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს უჭერს თენგიზ თევზაძის კანდიდატურას

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელმა” და საპარლამენტო ფრაქცია „რეფორმების ჯგუფმა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთან, თენგიზ თევზაძესთან პარლამენტში შეხვდა გამართა. შეხვედრაზე თევზაძემ საარჩევნო მიმართულებით გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით ფრაქციის წევრებს საკუთარი შეხედულებები გააცნო. შეხვედრის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ, ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ როგორც პარტია ასევე ფრაქცია თენგიზ თევზაძის კანდიდატურას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტზე მხარს დაუჭერს.

„“სტრატეგია აღმაშენებელი” და „რეფორმების ჯგუფი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს უჭერს თენგიზ თევზაძის კანდიდატურას. ჩვენ “ქართულ ოცნებას” და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას აღნიშნულ პოსტზე.

რაც შეეხება ჩვენს რჩევებს, თევზაძე აპირებს, რომ ყველა ფრაქციას შეხვდეს, მას ექნება ჩვენი ფრაქციის მხარდაჭერა, ასევე მზაობას გამოვხატავთ, რომ კონსულტაცია გაიმართოს “ქართულ ოცნებასთან”, „ცესკოს“ თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით.

როგორც მე მოვისმინე მედიაეთერით, მმართველი პარტიაც გამოხატავს მზაობას კონსულტაციებისთვის, მაგრამ პირდაპირ რომ გითხრათ ნაკლებად მჯერა შეთანხმების მიღწევის.

იმ შემთხვევაში კი თუ შევთანხმდებით მის კანდიდატურაზე ძალიან კარგი იქნება და რაღაც პრეცედენტს მაინც ვაჩვენებთ, რომ ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას „ცესკოს“ თავმჯდომარის შერჩევის პროცესში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე – რეზოლუციაში ძირითადი გზავნილები უნდა იყოს, რომ რეგიონში მშვიდობა გვინდა, არ გვინდა ომი, სრული მხარდაჭერა უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციაში ძირითადი გზავნილი უნდა იყოს, რომ საქართველოს რეგიონში მშვიდობა სურს, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და რუსეთის განცხადებების მიუხედავად, ნატო-ში მისწრაფების საკითხი არ შეიცვლება.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აჩვენოს პოლიტიკური ერთიანობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.

“ვფიქრობ, ძირითადი გზავნილები უნდა იყოს, რომ რეგიონში გვინდა მშვიდობა, არ გვინდა ომი და არანაირი დაძაბულობა. სრული მხარდაჭერა უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ისინი უჭერენ მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე საუბარი უნდა იყოს რომ ჩვენი მისწრაფება ნატო-სთან მიმართებით არ შეიცვლება რუსეთის განცხადებების მიუხედავად. მგონი, შინაარსი ნათელია, რაზეც რეზოლუცია უნდა იყოს.

მოლაპარაკებები გაიმართება. ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები იქნებიან “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრაზე. 76 ხმა აქვს “ქართულ ოცნებას”, შესაბამისად, რეზოლუციის ტექსტს, რაც სესიაზე გავა, მათი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანია, მშვიდობა რეგიონში, მშვიდობა უკრაინაში და მშვიდობა საქართველოში, ამისთვის არის ეს რეზოლუცია საჭირო, რომ ჩვენ ცივილიზებული სამყაროს გვერდით ვართ და მათი მხარდაჭერა, რომ დაგვჭირდეს ისინიც დადგებიან ჩვენს გვერდით”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა რესურსი, რომ “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ რეზოლუციის ერთიანი ტექსტი შეიმუშაოს, ვაშაძე ამბობს, რომ მისთვის “ქართული ოცნების” პოზიცია უცნობია.

“არანაირი ინფორმაცია არ მაქვს “ქართული ოცნების” მიმართულებით, ამ შეხვედრაზე დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, მაგრამ იმდენად მარტივი საკითხებია – მშვიდობის წინააღმდეგი უნდა იყოს? ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგი უნდა იყოს თუ ნატო-ში მისწრაფების? არავინ ეუბნება მათ, რომ ჩვენ ვინმეს ომი უნდა გამოვუცხადოთ. ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ გვინდა მშვიდობა და მშვიდობისთვისაა ეს ნაბიჯი გადასადგმელი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წყარო: interpressnews

თეონა აქუბარდია – ხელისუფლება გასაკრიტიკებელია და შეშინებულის იმიჯს ტოვებს, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ღირსეული პოზიციით წარვსდგეთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად

ახლა მთავარია, ქვეყნის გასაკეთებელი გავაკეთებინოთ ხელისუფლებას და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არის გასაკრიტიკებელი და შეშინებულის იმიჯს ტოვებს, ახლა არ არის მხილების დრო, ახლა მნიშვნელოვანია ღირსეული პოზიციით წარვსდგეთ არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, არამედ საერთო ინტერესების დაცვისთვის, რადგან დღეს რეალურად არამხოლოდ უკრაინის ბედი წყდება, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებიც, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კონსულტაციები დღეს დასრულდება.

“დღეს გვექნება კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან მიმართებაში. არსებობს მზაობა, რომ ერთობლივი ინიციატივით მოხდეს ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანია კონსულტაციებზე შევჯერდეთ ტექსტზეც, რომელიც შემდგომ სასესიო კვირას უნდა გავიდეს სხდომაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და დაგმობა იმ აგრესიის, რომელსაც ახორციელებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ. მთავარია, რომ მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა ჩვენ შევძელით პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმება იმაზე, რომ ინიცირება მოხდება ერთად, რაც დადებითი ფაქტია. მე იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით დავასრულებთ სასესიო სხდომაზე ამ რეზოლუციის მხარდაჭერას”, – განაცხადა აქუბარდიამ.

სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატები უკრაინის ელჩს შეხვდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “რეფორმების ჯგუფის” ლიდერები გიორგი ვაშაძე, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე და სერგო ჩიხლაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდნენ და უკრაინისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლების პოზიცია, რომელიც არის სირაქლემის პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში, არის დიდი საფრთხის მომტანი საქართველოსთვის.

ვაშაძის აზრით, ის პრინციპი, რომელიც აქვს უკრაინას, ,,არაფერი უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე”, უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს მაგალითზეც.

პაატა მანჯგალაძე პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტზე – ამას არა მხოლოდ 2 ადამიანის დაპატიმრება უნდა მოჰყვეს, არამედ უწყებაში უნდა გამოჩნდეს ხელმძღვანელი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას

ამ ფაქტს არა მხოლოდ ორი ადამიანის დაპატიმრება და დასჯა უნდა მოჰყვეს, არამედ უწყებაში უნდა გამოჩნდეს პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე – ეს არის სისტემური დანაშაული, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადს, რითაც პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ძალადობა “ქართული ოცნების” პირობებში პოლიციის ხელწერა გახდა.

“ამას არანაირი გამართლება არ აქვს. არ არსებობს არც ერთი ლეგიტიმური მიზეზი, რომელიც გაამართლებს პოლიციელების ქმედებას. საზოგადოების მყისიერმა რეაქციამ აიძულა ხელისუფლება საკუთარი ტყავის გადასარჩენად მიეღოთ ეს ზომები. პოლიციელების ეს ქმედება წლების მანძილზე წახალისებული იყო ხელისუფლების მიერ, რადგან პოლიციელებმა ნახეს, რომ როცა მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს “გავრილოვის ღამეს”, არავინ არ დასჯილა. როდესაც ჟურნალისტებს დაერივნენ 5 ივლისს და არავინ არ დასჯილა – დიახ, მაშინ ხელისუფლებამ წაახალისა ძალადობა. ამ ფაქტს არა მხოლოდ ორი ადამიანის დაპატიმრება და დასჯა უნდა მოჰყვეს, არამედ უწყებაში უნდა გამოჩნდეს პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე – ეს არის სისტემური დანაშაული. ძალადობა “ქართული ოცნების” პირობებში გახდა პოლიციის ხელწერა”, -განაცხადა მანჯგალაძემ.

წყარო: interpressnews

სერგო ჩიხლაძე – კორონავირუსის მართვის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროსგან მწყობრ პოლიტიკას, დალაგებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ

კორონავირუსის მართვის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროსგან მწყობრ პოლიტიკას, დალაგებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კვირაში ინფიცირებულთა ოდენობა კიდევ უფრო მაღალ რიცხვებს მიაღწევს.

„იზრდება კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მიუხედავად შაბათ-კვირისა და მცირე რაოდენობის ტესტებისა. 22 პროცენტზე მეტია დადებითობის მაჩვენებელი, რაც რეკორდია ორი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი 10 ათასის ფარგლებში არ გაჩერდება და ასევე, სამწუხაროდ, ხვალ, ზეგ, ამ კვირაში, კიდევ უფრო მაღალ რიცხვებს ვნახავთ. რა თქმა უნდა, გამოწვევაა საწოლფონდი, ამას ამძიმებს ის ვითარება, რომ დეკემბერსა და იანვრის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ კოვიდმიმღებ კლინიკებს ჩამოართვა ეს სტატუსი, იმის მაგივრად, რომ გაეზარდა ეს სტატუსი და რეზერვში მეტი საწოლი მოემზადებინა, პირიქით, ამის დანაკლისი გააჩინა, მიუხედავად იმისა, რომ 27 ნოემბრიდან ქვეყანამ, ჯანდაცვის სამინისტრომ იცოდა „ომიკრონის“ გავრცელების საშიშროება და ასეთი მაღალი რიცხვების ალბათობა. ამიტომ ეს რა თქმა უნდა, კარგ მომზადებაზე არ მეტყველებს. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვა, პაციენტების ბინაში მართვის პრობლემა და ეს, რაც დღეს ავტომატიზებული უნდა ყოფილიყო, არ არის აწყობილი. მესამე მიმართულება არის ბავშვთა მიმართულება, განსაკუთრებით დეფიციტური შეიქმნება ბავშვთა პედიატრიული საწოლები. ამ მიმართულებით არის სამუშაო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჯანდაცვის სამინისტროსგან მწყობრ პოლიტიკას, დალაგებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ,“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

წყარო: interpressnews

თეონა აქუბარდია – მნიშვნელოვანი იქნებოდა მეგობრობის ჯგუფის გამოყენება და ერთობლივი ვიზიტის განხორციელება კიევში

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციამ უმრავლესობას უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი რეზოლუციის ინიცირების და ამ საკითხზე კონსულტაციების დაწყების წინადადებით მიმართა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ კი პარლამენტის თავმჯდომარეს კონსულტაციების დაწყების თხოვნით მიმართა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის გარდა, მნიშვნელოვანი იქნება მეგობრობის ჯგუფმა ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატების მონაწილეობით ვიზიტი დაგეგმოს კიევში.

„ორი რეზოლუციაა დარეგისტრირებული პარლამენტში – „საქართველოს ნატო-ში წევრობის მხარდამჭერი“ იმ ფონზე, როცა რუსეთი ღიად ითხოვს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან წაღებას. ჩვენ ვიცით დასავლეთის პოზიცია ამასთან დაკავშირებით და მეორე რეზოლუცია ეხება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუცია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის ერთხმად იყოს მიღებული საქართველოს პარლამენტში, ერთიანობა არის ამ საკითხთან მიმართებით მნიშვნელოვანი, რადგან ის, რაც ხდება უკრაინაში, პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და ვფიქრობ, არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მეგობრობის ჯგუფის გამოყენება და ერთობლივი ვიზიტის განხორციელება კიევში ერთიანობის დამადასტურებლად. თხოვნით მოგმართავთ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდეს კონსულტაციები და ერთიანობა ვაჩვენოთ ამ საკითხში, რადგან ეს არის ზეპარტიული საკითხი და ეს ეხება მათ შორის, ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამხოლოდ უკრაინის მხარდაჭერას, ამიტომ ეს თხოვნა იქნება, რომ შემდეგ კვირას საკომიტეტო მოსმენამდე, სანამ სესია იქნება, გვქონდეს კონსულტაციები, რომ ტექსტზეც შევჯერდეთ და სხვა შესაბამის ნაბიჯებზეც, რაც ვფიქრობ კარგი პრეცედენტი იქნება პარლამენტში, მით უფრო იმ ფონზე, როცა თქვენ ხართ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე“, – განაცხადა აქუბარდიამ.

წყარო: interpressnews

პაატა მანჯგალაძე – ხალხისთვის გამოყოფილი ფული ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება – სანატორიუმ „ქართლში” მომხდარს უნდა მოჰყვეს გამოძიება

ხალხისთვის გამოყოფილი ფული ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება – სანატორიუმ “ქართლში” მომხდარს უნდა მოჰყვეს გამოძიება, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აფხაზეთის მთავრობაში კორუფციის რისკები არსებობს.

“ქართული ოცნება” მოწყვეტილია რეალობას, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია ხელისუფლება, მით უმეტეს, დევნილებთან დაკავშირებით, როცა არავინ გამოინახა, არც ერთი უწყება, ვინც ამ ადამიანებს პასუხს გასცემდა. ეს ასე არ უნდა დამთავრდეს და ამას უნდა მოჰყვეს გამოძიება, ძალიან დიდია აფხაზეთის მთავრობაში და “ქართულ ოცნებაში” კორუფციის რისკები და ხალხისთვის გამოყოფილი ფული ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება,”- განაცხადა მანჯგალაძემ.