ნონსენსია სკოლების მზაობაზე საუბარი ვაქცინაციის ტემპისა და “ომიკრონის” გავრცელების ფონზე – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების საკითხს ეხმიანება. ტოხვაძეს მიაჩნია, რომ ვაქცინაციის  ჩავარდნილი ტემპისა და “ომიკრონის” გავრცელების ფონზე განსაკუთრებით სარისკოა სწავლების დასწრებულ რეჟიმზე გადასვლა


“დღეიდან საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. განათლების სამინისტრო ჯიუტად ახცადებს, რომ სკოლები სრულ მზადყოფნაშია და სათანადოდაა აღჭურვილი. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც პროგნოზირებენ კოვიდ ინფიცირების 60 000-ზე მეტ შემთხვევას და „ომიკრონ“ შტამი ელვისებურად ვრცელდება, ნონსენსია სკოლების მზაობაზე საუბარი. მიმაჩნია, რომ  ვაქცინაციის  ჩავარდნილი ტემპისა და “ომიკრონის” გავრცელების ფონზე განსაკუთრებით სარისკოა სწავლების დასწრებულ რეჟიმზე გადასვლა. ჩვენთვის დღემდე უცნობია მასწავლებელთა იმუნიზაციის ზუსტი მაჩვენებელი, ხოლო რაც ზუსტად ვიცით, ომიკრონ შტამის შემთხვევაში მოზარდები პირდაპირ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ. საფრთხეს ზრდის ჰოსპიტალური სექტორის გაუმართაობა და ჯანდაცვის სისტემის მოუქნელობა შემთხვევათა პიკის დროს. სამწუხაროდ, სპეციალისტებისგან მხოლოდ ნეგატიური მოლოდინები გვესმის. დღევანდელი მონაცემებით 53%-ითაა მომატებული ტესტზე მიმართვის მაჩვენებელი წინა 7 დღის განმავლობაში ჩატარებულ ტესტირებასთან შედარებით.მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს სკოლების შეზღუდვა გადაწყვეტილების მიღებისას. სამინისტროს დირექტივის გარეშე, მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად გადაწყვიტონ დისტანციურ რეჟიმზე გადსვლა ან არგადასვლა. პანდემიის განმავლობაში მიუხედავად  ჩემი სასკოლო სივრცეში დაბრუნების ქომაგობისა, დღეს გამიჭირდება მოვუწოდო მშობლებს ისარგებლონ დასწრებული სწავლებით და თავი არ შეიკავონ შვილების სკოლაში გაშვებისგან” – ნანა ტოხვაძე 

თეონა ჭალიძე – სოციალურად დაუცველთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

მიმდინარე წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში მოსახლეობის რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 6420 ადამიანით გაიზარდა.

„“ინდაურის საცივის” „გასთორვას“ თუ მორჩით, მინდა ახალი ინფორმაცია მოგაწოდოთ ძვირფასო მთავრობის წევრებო. განახლებული სტატისტიკით ამ თვეში კიდევ გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 6420 პირით და დღეს უკვე 643 167 ადამიანია საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში, ანუ 174 379 ოჯახი. დიახ, კიდევ მეტი ითხოვს ამ დახმარებას, რომ თავი გადაირჩინოს, მაგრამ ახლა ორშაბათიდან სოციალური აგენტები იფიცებიან და ამ ხალხის განაცხადებზე მრეაგირებელიც კი არავინ იქნება. ამით ისევ რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან” , – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

გიორგი ვაშაძე – მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის, არ ესმის დევნილების ხმა და ადამიანები იძულებულები არიან, შემზარავი და სავალალო გადაწყვეტილებები მიიღონ

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ყოფილ სანატორიუმ “ქართლში” მომხდარს ეხმაურება და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი ხელისუფლების დაუდევრობის და უმოქმედობის ბრალია. ვაშაძე ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, რომ შესაბამისი დახმარება დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ უკლებლივ ყველა ოჯახს

“ვუსამძიმრებ ზღვისუბანში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. კიდევ ერთი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობით და უმოქმედობით!

130 ოჯახი რახანია ითხოვს, საცხოვრებლად საშიში პირობებიდან გამომდინარე, ფართებით უზრუნველყოფას, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მათ არათუ პასუხი ვერ გასცა, ინტერესიც კი არ გამოუჩენია ამ უმწვავესი პრობლემის მიმართ.

დღეს ვიგებთ, რომ ერთ-ერთმა დევნილმა მოსახლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის, არ ესმის დევნილების ხმა და ადამიანები იძულებულები არიან, შემზარავი და სავალალო გადაწყვეტილებები მიიღონ.

კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს თქვენს უპასუხისმგებლობას და უყურადღებობას?!

საკმარისია! დრულად აღმოუჩინეთ სათანადო დახმარება ყველა ოჯახს!” , – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პაატა მანჯგალაძე – არ გამოვრიცხავ შეთანხმებულ საკითხებზე ერთობლივი აქციების გამართვას, მაგრამ ვიღაცამ გვითხრას „ბიჭებო, გავდივართ ქუჩაში და თქვენ თუ არ მოხვალთ, იქნებით „ქოცებთან“ მიყიდულები,“ ასე არ ხდება

გვიჭირს ჩვენი კოლეგების დარწმუნება, ოპოზიციურ პარტიებს ვგულისხმობ, რომ აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობის გააქტიურება. არ გამოვრიცხავ ქუჩაშიც შეთანხმებულ საკითხებზე ერთობლივი აქციების გამართვას, მაგრამ ახლა ვიღაცამ გვითხრას „ბიჭებო, გავდივართ ქუჩაში და თქვენ თუ არ მოხვალთ, იქნებით „ქოცებთან“ მიყიდულები,“ ასე არ ხდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარტიის შემდგომ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არიან სამომავლო გეგმაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეთანხმდნენ.

პაატა მანჯგალაძის თქმითვე, მნიშვნელოვანია ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა გამოვიდეს საკუთარი, პარტიული ინტერესებიდან და საზოგადოების საჭიროება დააყენოს წინა პლანზე.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის პარტია, რომელიც მართლაც გეგმით და სტრატეგიით მუშაობს. ჩვენ გვიჭირს ჩვენი კოლეგების დარწმუნება, ოპოზიციურ პარტიებს ვგულისხმობ, რომ აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობის გააქტიურება, ასევე პარლამენტში თანაარსებობა, თანამშრომლობა პარტიების. მე არ გამოვრიცხავ ქუჩაშიც შეთანხმებულ საკითხებზე ერთობლივი აქციების გამართვას, მაგრამ ახლა ვიღაცამ გვითხრას „ბიჭებო, გავდივართ ქუჩაში და თქვენ თუ არ მოხვალთ, იქნებით „ქოცებთან“ მიყიდულები,“ ასე არ ხდება. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთიან სამოქმედო გეგმაზე, სადაც შევთანხმდებით. ჩვენ არანაირი კომპლექსი არ გვაქვს, ნებისმიერ ძალასთან გამოვალთ, დავდგებით, ვიბრძოლებთ იმ უფლებებისთვის, იმ პრობლემების გადაჭრისთვის, რაც ხალხს აწუხებს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ხშირად ხალხის საჭიროებებზე უფრო წინ დგას პარტიული საჭიროებები. საკუთარი თავიდან და საკუთარი პოლიტიკური გადასახედიდან პოლიტიკური პროცესების დაგეგმვამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. როდესაც ვგეგმავთ რაღაცას, უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

წყარო: interpressnews

სოციალური აგენტები არაერთხელ მოატყუეს ჯანდაცვის მინისტრებმა, ისინი სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის ზღვარზე ლამის თავად არიან – თეონა ჭალიძე

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვის საკითხს ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი. თეონა ჭალიძეს მიაჩნია, რომ ამ ადამიანებს უკვე წლებია ატყუებენ და სწორედ ამიტომ უკვე მერამდენედ უწევთ საკუთარი უფლებების დასაცავად გამოსვლა. ჭალიძის თქმით სოციალური აგენტების მოთხოვნები სრულად ლეგიტიმური და სამართლიანია და ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს

“სოციალური აგენტები არაერთხელ მოატყუეს ჯანდაცვის მინისტრებმა, ისინი სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის ზღვარზე ლამის თავად არიან. მათი ყველა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. მოთხოვნები ლეგიტიმური და სამართლიანია.

390-მდე დასაქმებული ითხოვს: გაწეული სამუშაოს ტარიფების და სამგზავრო ხარჯის ანაზღაურების გაზრდას, დეკრეტული შვებულების სრულყოფილ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, ბიულეტენზე ყოფნის დროს სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებას და პროფესიულ კავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების დადებას.

სოლიდარობას ვუცხადებ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს, სოციალურ აგენტებს, რომლებიც უკვე მერამდენედ იწყებენ გაფიცვას თავიანთი შრომითი უფლებებისთვის, რადგან ამ ადამიანებს წლებია უკვე ატყუებენ და არაფრად აგდებენ.

ვნახოთ რა რეაქცია ექნება ექიმების ოჯახში გაზრდილ, ხუთი შვილის მამას ჯანდაცვის მინისტრის ამპლუაში სოციალური აგენტების გაფიცვაზე” – თეონა ჭალიძე

“ქართული ოცნების” მიერ არჩეულ ცესკოს თავმჯდომარეს, ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს პროცესი არანაირი სიახლის მომტანი არ იქნება საარჩევნო სისტემის კუთხით – ანა კობახიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრს ცესკოში მიაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის პროცესი მიკერძოებული და კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ არის მორგებული. ანა კობახიძე ფიქრობს, რომ ოცნების კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის წევრების 2/3-ის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და არჩეული მხოლოდ 6 თვის ვადით იქნება, რაც მმართველ პოლიტიკურ პარტიას აძლევს დამატებით ბერკეტს ზეგავლენა მოახდინოს თავმჯდომარეზე მომავალში და თავმჯდომარეობის ვადა გაუხანგრძლივოს იმის მიხედვით თუ რამდენად ლოიალური იქნება მმართველი პარტიის მიმართ.

“როგორც წესი 2021 წელი საარჩევნო რეფორმებს ითვალისწინებდა, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევას მაღალი კონსესუსით და პოლიტიკური პარტიების მიერ შეთანხემებით. აღნიშნული პირობა ,,ოცნებამ” დაარღვია და ცდილობს ერთპარტიულად დანიშნოს სასურველი კანდიდატი. მიმდინარე პროცესი მიმართულია მოქმედი თავმჯდომარის ხელახლა ასარჩევად, რასაც წინ უძღვოდა დაჩქარებული წესით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა. 6 თვის ვადით აირჩევა დამატებითი ზეწოლის მექანიზმია “ქართული ოცნების” ხელში, რომ სრულად დამოკიდებული ჰყავდეს ცესკოს თავმჯდომარე. მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ არჩეულ თავმჯდომარეს, ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს პროცესი არანაირი სიახლის მომტანი არ იქნება საარჩევნო სისტემის კუთხით” – ანა კობახიძე

“ცოტა აზრზე მოდით ბატონო კახი! უფასო სასადილოების მომსახურების ნაცვლად მხოლოდ პროდუქტის დარიგებაზე ფიქრიც კი გააზრებული მავნებლობაა თბილისის მერის მხრიდან” – თეონა ჭალიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისის მერს კახი კალაძეს მიმართავს. თეონა ჭალიძეს უფასო სასადილოების მომსახურების ნაცვლად მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება დედაქალაქის მერის მხრიდან მავნებლურ ნაბიჯად მიაჩნია. ჭალიძე კალაძეს ქმედითი ნაბიჯების გადახედვისა და გონზე მოსვლისკენ მიუთითებს

“უფასო სასადილოების მომსახურების ნაცვლად მხოლოდ პროდუქტის დარიგებაზე ფიქრიც კი და ბაზრის მოკვლევა არის გაუაზრებელი ქმედება ან გააზრებული მავნებლობა თბილისის მერის მხრიდან. ალბათ უფრო მეორე.
ბატონო კახი,
1. თუ მაინც და მაინც – საჭიროა დიფერენცირებული მიდგომა. გაცნობებთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ სადილის მომზადება!
2. პროდუქტი რის გაცემასაც აპირებთ იქნება იმდენად მცირე, რომ იმით იგივე ეფექტის მიღწევა შეუძლებელია, რაც ერთობლივად მომზადებისას!
3. სოციალურად დაუცველებს გაეზრდებათ კომუნალური ხარჯები და ეს დამატებით დააზარალებთ მათ!
4. სასადილოები იძულებული გახდებიან უმუშევრად დატოვონ რიგი თანამშრომლები!
5. თავი შეიკავეთ და ნუღარ მოითბობთ ხელს გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე. მორიგი კორუფციული გარიგების სუნი დადგა!
6. ყოველი ჭამის დროს გაიხსენეთ რას და რა რაოდენობით ჭამენ ადამიანები და ერთხელ ექსპერიმენტი ჩაატარეთ, ერთი ორშაბათი გაატარეთ ამ მენიუზე (400 გრამი მაწვნის შეჭამანდი, 200 გრამი მანის ფაფა, 250 გრამი პური,) და შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ მოგცენ 40 გრამი მაწონი, 12 გრამი ხახვი, 30 გრამი ბრინჯი, მეოთხედი კვერცხი, 7 გრამი მწვანილი და თავად უნდა მოამზადოთ კერძი. დაახლოებით ამ სიტუაციაში უნდა ჩააგდოთ ადამიანები, ოჯახები სადაც ერთი, ორი ან სამი ოჯახის წევრია.
ასე რომ ცოტა აზრზე მოდით ბატონო კახი!” – წერს საკუთარ სოციალურ ქსელში თეონა ჭალიძე

გიორგი ვაშაძე – აშკარაა, რომ „ქართული ოცნება” აგრძელებს პოლიტიკურ დევნას, როგორც ოპონენტების, ასევე მედია მენეჯერების მიმართ

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს. პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული შეკერილი საქმე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპონენტების და მედია მენეჯერების დევნას აგრძელებს.

„აშკარაა, რომ „ქართული ოცნება” აგრძელებს პოლიტიკურ დევნას, როგორც ოპონენტების, ასევე მედია მენეჯერების წერეთლის, გვარამიას და სხვების მიმართ. სამწლიანი ეპოპეის შემდეგ „ქართულმა ოცნებამაც“ კი ვერ გაბედა დაედანაშაულებინა ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი ფულის გათეთრების საქმეში, რადგან ეს ბრალდება თავიდანვე აბსურდული იყო. ასევე აბსურდულია ის განაჩენიც, რომლის შედეგადაც ისინი დღეს გაასამართლეს თაღლითობის მუხლით. დარწმუნებული ვარ გასაჩივრების შემდეგ სასამართლოს ინსტანციები გააცამტვერებს ბრალდებას, რომელიც დღეს მოსამართლემ გამოუტანა მათ.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური დევნის, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასასრულებლად არის თავდაუზოგავი ბრძოლა კანონით დაშვებული ყველა მეთოდის გამოყენებით, რასაც დღეს აკეთებს და კიდევ უფრო აქტიურად გააკეთებს “სტრატეგია აღმაშენებელი” სხვა პოლიტიკურ ძალებთან და დასავლელი პარტნიორებთან ერთად. მხოლოდ ამ თავდაუზოგავ და პრინციპულ პოლიტიკურ ბრძოლას შეუძლია მოგვიტანოს გამარჯვება და წარმატება. რაც დარწმუნებული ვარ ძალიან მალე მოხდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

პაატა მანჯგალაძე – შერიგება ნებაყოფლობითია, ხოლო თანხმობა არის ვალდებულება

შერიგება ნებაყოფლობითია, ხოლო თანხმობა არის ვალდებულება – დიახ, საჭიროა თანხმობა იმაზე, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, იყოს სამართლიანი სასამართლო, ხოლო პოლიტიკურ დევნასა და განადგურებაზე ითქვას უარი! – ამის შესახებ ჟურნალისტებს „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

როგორც მანჯგალაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ის სიტყვა “შერიგებას“ არ იყენებს, რადგან ეს “ქართულ ოცნებას“ დამატებით საფუძველს აძლევს, თქვას, რომ არავის არ ურიგდებიან.

„დავამატებდი იმასაც, რომ დღეს ზუსტად 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, როცა ზვიად გამსახურდიამ პარლამენტის შენობა დატოვა… მინდა მისი ხსოვნის წინაშე ქედი მოვიხარო“, – დასძინა პაატა მანჯგალაძემ.

სერგო ჩიხლაძე – კლინიკებისთვის კოვიდმიმღების სტატუსის შეწყვეტა გამართლებული არ არის – საწოლფონდი დაგვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა, დამატებითი საწოლების დარეზერვება უნდა ხდებოდეს

კლინიკებისთვის კოვიდმიმღების სტატუსის შეწყვეტა გამართლებული არ არის – საწოლფონდი დაგვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა დეკემბერში, იანვარში ან გასული წლის ბოლო კვარტალში , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშემებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღება უნდა ხდებოდეს არა წინა სამი კვირის მონაცემებით, როცა შედარებით იკლო ინფიცირების მაჩვენებელმა, არამედ გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ ბოლო დღეებია, ინფიცირების მაჩვენებელი ცალსახად იზრდება.

“10- ზე მეტი კლინიკისთვის კოვიდმიმღების სტატუსის შეწყვეტა გამართლებული არ არის მაშინ, როცა უკვე რამდენიმე დღეა ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა შეიმჩნევა და თვის ბოლოსთვის ომიკრონის შტამით სრულად ჩანაცვლდება არსებული შტამები და დადასტურებული შემთხვევები სულ მცირე 10- 15 ათასის ფარგლებში იქნება, ხოლო რეალური შემთხვევები კიდევ უფრო მეტი. აქედან გამომდინარე საწოლფონდი დაგვჭირდება იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა დეკემბერში, იანვარში ან გასული წლის ბოლო კვარტალში, ამიტომ არა გაუქმება, არამედ პირიქით, საწოლფონდის ​მობილიზება უნდა ხდებოდეს და დარეზერვება დამატებით საწოლების”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

წყარო: interpressnews