სერგო ჩიხლაძე – ჩვენი ამერიკელი მეგობრები მზად არიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის, ეს შესაძლებლობა საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართეს.

გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო-ასათიანი კონგრესმენებს შეხვდნენ და აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, აშშ, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, მზად არის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ქართველი ერის მხარდასაჭერად.

„ძალიან ბევრი შეხვედრა შედგა კონგრესში. კონგრესმენებთან მთავარი საკითხი, რასაც განვიხილავთ, არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. სტრატეგიული ხელშეკრულება გვაქვს, მაგრამ რეალურად ეს როგორ უნდა შესრულდეს, როგორ უნდა გაღრმავდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას – განსაკუთრებით იმ გამოწვევების ჭრილში, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოში, რეგიონში, მათ შორის, კავკასიის რეგიონში და იმ გამოწვევების ფონზე, რომელსაც ხელისუფლება ქმნის, სამწუხაროდ, თავისი ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდით.

ჩვენი ამერიკელი მეგობრები მზად არიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის, იქნება ეს ეკონომიკური დახმარება, ტერიტორიების არაღიარების კუთხით, ინვესტიციების კუთხით, იგივე სავიზო რეჟიმის გამარტივების კუთხით, საგანმანათლებლო პროგრამების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით – ამაზე ჩვენი მთავარი და ყველაზე ახლო პარტნიორი, აშშ დღეს მზად არის, კონგრესი მზადაა ამ საკითხებზე სამსჯელოდ და საქართველოს ინტერესების მხარდამჭერი რეზოლუციების დასაინიცირებლად და უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი ნაბიჯების გადასადგმელად და ეს ინტერესი და შესაძლებლობა საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *