პაატა მანჯგალაძე – ირაკლი კობახიძე საკუთარი სისუსტის დასამალად გიორგი ვაშაძის დაჭერით იმუქრება

ირაკლი კობახიძე საკუთარი სისუსტის დასამალად, გიორგი ვაშაძის დაჭერით იმუქრება, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც გიორგი ვაშაძის დაპატიმრების საკითხს ეხებოდა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, კობახიძის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული არ არის.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი „სკამებისა“ და ძალაუფლების შენარჩუნებაა.

ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებით დადასტურდა, რომ არანაირი ევროპაში ინტეგრაციის პროცესი მას არ აინტერესებს, არც ის პრობლემები და მათი გადაწყვეტა, რაც საქართველოს მოქალაქეს აქვს.

მისთვის მთავარი არის სკამის შენარჩუნება და ამისთვის ყველაფერზეა ხელის მომწერი და წამსვლელი. არ მოერიდება არც ოპონენტების დაჭერას, არ დამალა კიდეც, რომ ოცნებობს გიორგი ვაშაძის დაჭერაზე, რისიც, რა თქმა უნდა, არავის ეშინია.

კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის ხელისუფლების სიძლიერის ნიშანი, ეს არის სისუსტე, რადგან ირაკლი კობახიძეზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებზე კარგად არავინ იცის, რომ ისინი არაფერს წარმოადგენდნენ 2012 წლამდე სკამის გარეშე და არაფერი იქნებიან მის გარეშე ხვალაც.

ჩვენი ეროვნული ამოცანა არის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამ გზაზე მთავარია არა ის, რას ვამბობთ ჩვენ, ან რას იტყვის “ქართული ოცნება”, არამედ როგორ შეაფასებენ ამას ევროპელები და ევროკომისია. სწორედ ევროკომისიამ დაუწერა ორიანი “ქართული ოცნების” მიერ შესრულებულ რეკომენდაციას და ახლა ცდილობენ, სხვა საკითხებზე ყურადღების გადატანას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *