„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა ნიუ-იორკში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა გამართეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ნიუ-ორკში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა.

 გიორგი ვაშაძემ, თინა ბოკუჩავამ, პეტრე ცისკარიშვილმა, სერგო ჩიხლაძემ და ალექსანდრე კრევო – ასათიანმა ემიგრანტების პრობლემები მოისმინეს და კოალიციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, კოალიციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება წარმოადგენს.

მისივე თქმით, ელიტასა და ხალხს შორის უდიდესი ეკონომიკური დისბალანსია, რაც მომავალ, 2024 წლის არჩევნებზე უნდა დასრულდეს.

„ჩვენ ნიუ-ორკიდან ვიწყებთ ემიგრაციასთან სრულიად ახალი კონტაქტის პროცესს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გავიმარჯვოთ არა უბრალოდ არჩევნებში, არამედ საქართველომ გაიმარჯვოს, რომ ამდენი ემიგრანტი არ გვყავდეს, ყველას ქვეყნიდან გასაქცევად არ ჰქონდეს საქმე და არ იყოს ყველაზე დიდი უსამართლობა, რომ ელიტა ზემდიდარია და ხალხი უკიდურესად გაჭირვებული. თქვენ, ვინც აქ ცხოვრობთ, კიდევ რამდენ ოჯახს ინახავთ საქართველოში და რამდენ ოჯახს აქვს თქვენი იმედი დახმარებით, იმიტომ, რომ ხალხს შემოსავალი არ აქვს. მეორე მხრივ, რომ ჩართავ ტელევიზორს, მოისმენ, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის, ვისთვის იზრდება ეკონომიკა?

პირველი – ვიწრო წრისთვის, მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ არც არაფერია შესაცვლელი. ხალხი საშინელ დღეშია. პარლამენტში განხილვა იყო ჯარიმების, გადასახადების გაზრდაზე, ახლა რაღაც ქონების გადასახადი უნდა შემოიტანონ, მიწის გადასახადი, წარმოიდგინეთ 24 მლრდ ლარი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტი საქართველოში, ეს ძალიან ბევრი ფულია საქართველოსთვის, მაგრამ მთავარია ეს როგორ იხარჯება? რატომ არის დიდი დისბალანსი ელიტასა და ხალხს შორის? იმიტომ, რომ ეს თანხა ნაწილდება კორუფციულ ქსელებში, ნაწილდება გარკვეული ადამიანების ჯიბეებში, ათი წელია სამტრედიაში ხიდი ვერ ააშენეს.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებაში გვყავს ხალხი, რომელთა ამოცანაც არა ხალხთან კონტაქტი, არამედ მთავარი საზრუნავია, ბედნიერი იქნება თუ არა ივანიშვილი. მარტო გასულ წელს, 100 000 ჩვენი თანამოქალაქე წავიდა ქვეყნიდან, 100 000 ადამიანი ზოგი ამერიკაში წავიდა, ზოგი მექსიკით შემოდის, რამხელა გაჭირვება გაქვთ გადატანილი, რამდენი ვერ უძლებს ამ ფსიქოლოგიურ სტრესს.

მე მადლობასაც და ბოდიშსაც გიხდით, რომ ამდენი ხანი ვერ შევცვალეთ ვითარება ქვეყანაში, რომ ქვეყნიდან წასვლა არ დაგჭირვებოდათ, ამიტომ ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ გავაერთიანოთ ძალები და გავიმარჯვოთ. მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს დიდი მომავალი და ამიტომ ვარ პოლიტიკაში ამ დრომდე, მე ამის მჯერა და მინდა თქვენც დაგარწმუნოთ, რომ თუ ძალებს გავაერთიანებთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *