გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე აშშ-ში გაემგზავრნენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, მათი მთავარი ამოცანაა, გააჟღერონ ქართველი ხალხის გზავნილი, რომ საქართველოს არჩევანი არის ნატო და ეროკავშირი. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა აშშ-სთან, როგორც მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და როცა ხელისუფლებაში მყოფი პრორუსული ძალა მიზანმიმართულად ცდილობს გააფუჭოს ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან, რომლისთვისაც სააქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, ჩვენი ამოცანაა, რომ პირიქით გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა და ჩავიტანოთ ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირი, ნატო. ჩვენ გვინდა ამერიკასთან მეტი ეკონომიკური ურთიერთობები, მხარდაჭერა უსაფრთხოების კუთხით და გვინდა, რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობა. ამოცანა, რომელიც გვაქვს ყველას ერთად, არის „რუსული რეჟიმისგან“ საქართველოს გათავისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ჩვენს პარტნიორებსაც კარგად ესმოდეთ, იმიტომ, რომ საქართველოში ქართველი ხალხი არასდროს არ დაუშვებს რუსულ რეჟიმსა და რუსეთს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავჯდომარის თქმით, ვიზიტის მთავარ თემებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გარღმავება წარმოადგენს, საუბარი იქნება ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზეც.

„იქნება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში. გვექნება საქართველოს უსაფრთხოების შესახებ საუბარი. ასევე თითქმის ყველა ექსპერტულ ორგანიზაციაში, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ. იქნება სპეციალურად მოწყობილი მრგვალი მაგიდის ფორმატი ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს საკითხებზე, რასაც ქართველი ექსპერტებიც დაესწრებიან და მათთან ერთად ჩამოვაყალიბებთ საერთო სამოქმედო გეგმას მომდენო პერიოდის მანძილზე, თუ რა უნდა გაკეთდეს,“- აღნიშნა ვაშაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *