გიორგი ვაშაძე – ამერიკელ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ ქართველი ხალხი არ გადაუხვევს დასავლური ინტეგრაციიდან, საქართველოში რუსული ინტერესები ვერ გაიმარჯვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” კოალიციამ აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრა ამჯერად სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა. 

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, სტრატეგიული პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნება” კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს ეწევა. მისივე თქმით, შეხვედრისას ყურადღება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენების შემცირებასა და ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომში მშვიდობიანი გზით დაბრუნებაზე გამახვილდა.

„სამი დიდი საკითხი, რომლებიც ჩვენს პარტნიორებში შეშფოთებას იწვევს: პირველი ეს არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” ჩუმად გააფორმა. მეორე ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც ძალიან თვალსაჩინოა ჩვენი პარტნიორებისთვის. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, რომელიც აღქმული არის, როგორც რუსეთის ინტერესების შესრულება რუსეთის დავალებით. ჩვენ ვეუბნებით, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციიდან არ გადაუხვევს, მომავალი წლის არჩევნები, დიახ, ისინი, ამას გეოპოლიტიკურ არჩევნებს უწოდებენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად.

გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად გვექნება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა, შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი და ბევრი ინვესტიცია აშშ-ს მხრიდან, სავიზო რეჟიმის გამარტივება და შემდგომ უვიზო მიმოსვლაზეც კი შესაძლოა დავიწყოთ საუბარი. ჯერ გამარტივება ვიზების, განსაკუთრებით ახალგაზრდების სასწავლო მიზნებისთვის და რაც მთავარია, ღრმა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ნიშნავს, ძლიერ საქართველოს ევროკავშირთან, აშშ-თან და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად.

არცერთ შემთხვევაში, საქართველოში რუსული ინტერესები ვერ გაიმარჯვებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – სამხრეთ კავკასიიდან, სომხეთის ინტერესების გათვალისწინებით, რუსეთი ფაქტობრივად გადის, ახლა კი ჩვენი ამოცანაა, რომ ივანიშვილი, მთავარი საყრდენი პუტინისა, მოვაშოროთ საქართველოდან, რაც ნიშნავს სამხრეთ კავკასიიდან მათ განდევნას.

შემდგომ კი ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით, რომ საბოლოოდ კავკასიის იქით მხარეს დავკეტოთ რუსეთი. დამერწმუნეთ, ძალიან ახლოსაა დიდი გამარჯვება, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *