„სტრატეგია აღმაშენებელი“ – მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, დაუყოვნებლივ დარბაზიდან გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია

“სტრატეგია აღმაშენებელი” „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას საკითხი „პოლიტიკურად მოტივირებულია და “ქართული ოცნება” წინააღმდეგობაშია ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით“. ამასთან, პარტია ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

“საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია მედია თავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების დასრულება.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ქმედებები ამ პუნქტებთან მიმართებით წინააღმდეგობაშია ევროკომისიის რეკომენდაციებთან.

ამის ნათელი მაგალითია ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა. მისი დაკავება აბსურდული საფუძვლით მიუთითებს მის მიმართ პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებაზე, რომლის მიზანია ოპოზიციური მედიის დასუსტება, ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანების დაშინება, ასევე, მიზანმიმართულად კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დაზიანება.

აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა თავისუფალ მედიას და პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე ოპონენტებს, რაშიც „ქართული ოცნება“ იყენებს მის მიერ მართულ კლანურ სასამართლოს. ყოველივე ეს ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციაშიც ხაზგასმით არის დაგმობილი ნიკა გვარამიას პატიმრობა. ევროპარლამენტი ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას ხელი აიღოს პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე.

ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ხელი აიღოს პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშსწორებაზე, მედიის ზეწოლაზე და დაუყოვნებლივ დარბაზიდან გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია, რაც არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად”, – აღნიშნულია “სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *