„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1 წელი გავიდა ხელისუფლების მიერ წაქეზებული და ორგანიზებული ძალადობიდან – იმის მაგივრად, რომ ამ ჯგუფების მიმართ სათანადო პროცედურები მიმდინარეობდეს, ისინი მოძლიერდნენ, შექმნეს პარტია, გახსნეს ოფისები

გვინდა მივმართოთ საქართველოს მოქალაქეებს, სიძულვილს, აგრესიას, ძალადობას არაფერი აქვს საერთო ქრისტესთან, არც ქრისტიანობასთან და არც ღირსებისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვასთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილები.

„1 წელი გავიდა 5 ივლისის, ხელისუფლების მიერ წაქეზებული და ორგანიზებული, ძალადობიდან. ამ დღეს სიძულვილით მოტივირებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება, შევარდნენ ოფისებში, პირდაპირი ნადირობა გამოაცხადეს თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელ მედიის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, რამაც შემდგომში „ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეიწირა.

გვინდა მივმართოთ საქართველოს მოქალაქეებს, სიძულვილს, აგრესიას, ძალადობას არაფერი აქვს საერთო ქრისტესთან, არც ქრისტიანობასთან და არც ღირსებისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვასთან.

ეს ჯგუფები ფინანსდება ჩვენი მტრის, რუსეთის მიერ და წარმოადგენენ რუსული ჰიბრიდული ომის აგენტებს საქართველოში.

სამწუხაროა, რომ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილები. იმის მაგივრად, რომ ამ ჯგუფების მიმართ სათანადო პროცედურები მიმდინარეობდეს, ისინი მოძლიერდნენ, შექმნეს პარტია, გახსნეს ოფისები და ფინანსური რესურსების მობილიზებაც კი შეძლეს.

სწორედ ამიტომ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და ჩვენ რაც გვევალება არის ის, რომ ასეთი ხელისუფლება რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას.

ერთად დავიბრუნოთ საქართველო, დავასრულოთ სიძულვილი და გავხდეთ პოლიტიკურად და სამართლებრივად ევროპული, ქრისტიანული ოჯახის ნაწილი.

საქართველო გაიმარჯვებს!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *