გიორგი ვაშაძე – ამერიკელ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ ქართველი ხალხი არ გადაუხვევს დასავლური ინტეგრაციიდან, საქართველოში რუსული ინტერესები ვერ გაიმარჯვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” კოალიციამ აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრა ამჯერად სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა. 

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, სტრატეგიული პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნება” კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს ეწევა. მისივე თქმით, შეხვედრისას ყურადღება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენების შემცირებასა და ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომში მშვიდობიანი გზით დაბრუნებაზე გამახვილდა.

„სამი დიდი საკითხი, რომლებიც ჩვენს პარტნიორებში შეშფოთებას იწვევს: პირველი ეს არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” ჩუმად გააფორმა. მეორე ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც ძალიან თვალსაჩინოა ჩვენი პარტნიორებისთვის. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, რომელიც აღქმული არის, როგორც რუსეთის ინტერესების შესრულება რუსეთის დავალებით. ჩვენ ვეუბნებით, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციიდან არ გადაუხვევს, მომავალი წლის არჩევნები, დიახ, ისინი, ამას გეოპოლიტიკურ არჩევნებს უწოდებენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად.

გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად გვექნება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა, შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი და ბევრი ინვესტიცია აშშ-ს მხრიდან, სავიზო რეჟიმის გამარტივება და შემდგომ უვიზო მიმოსვლაზეც კი შესაძლოა დავიწყოთ საუბარი. ჯერ გამარტივება ვიზების, განსაკუთრებით ახალგაზრდების სასწავლო მიზნებისთვის და რაც მთავარია, ღრმა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ნიშნავს, ძლიერ საქართველოს ევროკავშირთან, აშშ-თან და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად.

არცერთ შემთხვევაში, საქართველოში რუსული ინტერესები ვერ გაიმარჯვებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – სამხრეთ კავკასიიდან, სომხეთის ინტერესების გათვალისწინებით, რუსეთი ფაქტობრივად გადის, ახლა კი ჩვენი ამოცანაა, რომ ივანიშვილი, მთავარი საყრდენი პუტინისა, მოვაშოროთ საქართველოდან, რაც ნიშნავს სამხრეთ კავკასიიდან მათ განდევნას.

შემდგომ კი ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით, რომ საბოლოოდ კავკასიის იქით მხარეს დავკეტოთ რუსეთი. დამერწმუნეთ, ძალიან ახლოსაა დიდი გამარჯვება, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სერგო ჩიხლაძე – ამერიკელები მზად არიან გვერდში დაგვიდგნენ ნებისმიერი მიმართულებით, ჩვენი პარტნიორები მზად არიან დაგვეხმარონ, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მორიგი უმაღლესი დონის შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართეს

 გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო – ასათიანი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, ამერიკელ პარტნიორებთან საქართველოში არსებული კორუფციისა და სანქციების საკითხები განიხილეს.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო – ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებასა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

“დავასრულეთ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა, ახლა ვიმყოფებით სენატში, მოგვიანებით შეხვედრები გვაქვს საგარეო კომიტეტში, როგორც რესპუბლიკელებთან ასევე დემოკრატებთან.

მთავარი თემები ისევ და ისევ – ეს არის საქართველოში მიმდინარე რეფორმები, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება, თუ რისთვის არიან ამერიკელები მზად და ისინი აბსოლუტურად მზად არიან დაგვეხმარონ ნებისმიერი მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დღეს იქნა განხილული, ეს არის კორუფცია საქართველოში, სანქციები, კონკრეტული ადამიანების საკითხები, ვინც კორუფციაში და ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ ქმედებებში არიან ჩართულნი.

ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენი პარტნიორები ჩინეთთან პარტნიორობას, ე.წ ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს და ასევე მთავარი გზავნილი არის ის, თუ რით შეუძლიათ დაგეხმარონ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ეს არის, რასაც არ იყენებს არსებული ხელისუფლება.

ჩვენი პარტნიორები მზად არიან დაგვეხმარონ, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთი თემა, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ და ჩვენი პარტნიორებიც არ უვლიან გვერდს, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსფერი სხვა ქვეყანაში, სადაც მას მკურნალობა გაეწევა”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

გიორგი ვაშაძე – როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს გადაგვკიდოს ჩვენს პარტნიორებს, ჩვენი ამოცანაა ქართველი ხალხის გზავნილები ჩამოვიტანოთ და გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა – გიორგი ვაშაძემ, თინა ბოკუჩავამ, სერგო ჩიხლაძემ და ალექსანდრე კრევო – ასათიანმა მორიგი უმაღლესი დონის შეხვედრა აშშ-ს კონგრესში გამართეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, მათ კონგრესმენებთან ქართველი ხალხის გზავნილები გააჟღერეს და აშშ-ს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული კურსის კიდევ უფრო ძლიერი მხარდაჭერის პირობაც მიიღეს. კონგრესმენებთან საუბრისას განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სავიზო რეჟიმის გამარტივება და შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი, რაც საქართველოში ბევრ ამერიკულ ინვესტიციას გულისხმობს.

„აშშ ჩვენ გვერდითაა, ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდითაა. „ქართული ოცნების“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის მიუხედავად, ნამდვილად არ მიგვატოვებს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, ამერიკა. და რატომ ვართ ჩვენ აქ? – როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს გადაგვკიდოს ჩვენს პარტნიორებს, ჩვენი ამოცანაა ქართველი ხალხის გზავნილები ჩამოვიტანოთ და გავაღრმაოთ პირიქით სტრატეგიული თანამშრომლობა.

სამი კონკრეტული საკითხი რასაც ვიხილავთ: პირველი ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. მეორე – სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, სასწავლო ვიზების გამარტივებაზე მსჯელობისა და დისკუსიის დაწყება. მესამე – შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი – ანუ ბევრი ინვესტიცია საქართველოში, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ. მერწმუნეთ, როგორც კი შემოვატრიალებთ საქართველოს „ქართული ოცნების“ გარეშე ამერიკისა და დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით, ყველა ეს სიკეთე ძალიან სწრაფად მოვა ჩვენამდე. დღეს რომ ჩვენ პატრიოტი ხელისუფლება გვყავდეს, პირდაპირ გეუბნებით, სამივე ეს საკითხი იქნებოდა მოგვარებული.

რაც მთავარია, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე აშშ-ს მხარდაჭერა და ამაზე გვაქვს ძალიან დეტალური საუბარი ყველა სტრუქტურასთან, სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სხვადასხვა სინქტანკებში და დარწმუნებული ვართ, რომ ამასაც მივაღწევთ. ამერიკა ჩვენ გვერდით არის, ჩვენ აუცილებლად საბოლოო გამარჯვებას, ძლიერ, ერთიან საქართველოსთან ერთად, მივაღწევთ, როგორც კი რუსეთისკენ მიმავალი რეჟიმისგან გავთავისუფლდებით.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სერგო ჩიხლაძე – ჩვენი ამერიკელი მეგობრები მზად არიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის, ეს შესაძლებლობა საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართეს.

გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო-ასათიანი კონგრესმენებს შეხვდნენ და აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, აშშ, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, მზად არის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ქართველი ერის მხარდასაჭერად.

„ძალიან ბევრი შეხვედრა შედგა კონგრესში. კონგრესმენებთან მთავარი საკითხი, რასაც განვიხილავთ, არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. სტრატეგიული ხელშეკრულება გვაქვს, მაგრამ რეალურად ეს როგორ უნდა შესრულდეს, როგორ უნდა გაღრმავდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას – განსაკუთრებით იმ გამოწვევების ჭრილში, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოში, რეგიონში, მათ შორის, კავკასიის რეგიონში და იმ გამოწვევების ფონზე, რომელსაც ხელისუფლება ქმნის, სამწუხაროდ, თავისი ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდით.

ჩვენი ამერიკელი მეგობრები მზად არიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის, იქნება ეს ეკონომიკური დახმარება, ტერიტორიების არაღიარების კუთხით, ინვესტიციების კუთხით, იგივე სავიზო რეჟიმის გამარტივების კუთხით, საგანმანათლებლო პროგრამების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით – ამაზე ჩვენი მთავარი და ყველაზე ახლო პარტნიორი, აშშ დღეს მზად არის, კონგრესი მზადაა ამ საკითხებზე სამსჯელოდ და საქართველოს ინტერესების მხარდამჭერი რეზოლუციების დასაინიცირებლად და უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი ნაბიჯების გადასადგმელად და ეს ინტერესი და შესაძლებლობა საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა აშშ-ში, USAID-ის ცენტრალურ ოფისში შეხვედრა გამართეს

აშშ-ში უმაღლესი დონის ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო – ასათიანი USAID- ის ცენტრალურ ოფისში, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის პროგრამების კურატორს, ალექსანდრე სოკოლოვსკს შეხვდნენ და საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

შეხვედრისას პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებული სინანული „ქართული ოცნების“ მიერ USAID-ის პროგრამებზე თავდასხმების გამო გამოითქვა და აღინიშნა, რომ ქართველი ხალხის დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

„საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება 2024 წლის არჩევნებს დაეთმო და მზაობა გრძელვადიანი დამკვირვებლების საქართველოში გამოგზავნასთან დაკავშირებით გამოითქვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერებმა აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრა გამართეს

„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრა გამართეს. 

გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო – ასათიანი დენ ფრიდს შეხვდნენ და საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესები განიხილეს.

„უმაღლესი დონის შეხვედრაზე მხარეებმა კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და საქართველო – აშშ-ს ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს” , – ნათქვამია განცხადებაში.

„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები 28 ოქტომბერს ნიუ-ორკში ქართველ ემიგრანტებს შეხვდებიან

„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში 28 ოქტომბერს, ნიუ-ორკში ქართულ ემიგრაციასთან შეხვედრას გამართავენ. 

გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო – ასათიანი ემიგრანტების პრობლემებს მოისმენენ და შეკრებილ საზოგადოებას სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ხედვასა და გეგმებს გააცნობენ.

„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები აშშ-ში გაემგზავრნენ

„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აშშ-ში გაემგზავრნენ, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ. 

გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო – ასათიანი კონგრესის, სენატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წევრებს შეხვდებიან. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და კანდიდატის სტატუსი იქნება.

„გამარჯვების კოალიციის“ ერთ – ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, აშშ-ში ქართველი ხალხის ინტერესებს კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენენ და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ, როგორიცაა: თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები და სხვა.

„როცა ხელისუფლებას უნდა, რომ საქართველო რუსეთისკენ შეატრიალოს, ჩვენი ვალდებულებაა, ქართველი ხალხის ხმა ჩავიტანოთ, რომ საქართველოს მეტი ურთიერთობა სჭირდება ამერიკასთან. ვისაუბრებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, სავიზო რეჟიმებთან დაკავშირებით – საიმიგრაციო საკითხებზე და რაც მთავარია, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, საქართველოს უსაფრთხოება და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა. აი, ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენ ძლიერი საქართველოსთვის აშშ-სთნ უფრო სიღრმისეული პარტნიორობა გვჭირდება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„გამარჯვების კოალიციის“ დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პარიზში იმყოფება

„გამარჯვების კოალიციის” ლიდერები გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში იმყოფებიან.

სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრებმა შეხვედრა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, მმართველი პარტიის, „რენესანსის“ დეპუტატთან, ბენჟამინ ჰადადდთან გამართეს.

„მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში რეფორმებისა და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი, ორმხრივი თანამშრომლობისა და ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. ასევე ემანუელ მაკრონის პარტიასა და „გამარჯვების კოალიციას“ შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრის ბოლოს, გიორგი ვაშაძემ ბენჟამინ ჰადადს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირსა და ნატო-შია, რაც საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტს წარმოადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნება“ მიეჩვია მძევლებით საუბარს დასავლელ პარტნიორებთან – დარწმუნებული ვარ, მაინც მოუწევთ თავისივე ხელით სააკაშვილის გათავისუფლება, რაც არ უნდა იქადნოს ირაკლი კობახიძემ

მივმართავ კობახიძეს – არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, რადგან გააზრებული მაქვს, რომ თქვენ საფრთხე ხართ არა ჩემთვის, არამედ საქართველოსთვის და ჩვენი შვილებისთვის, სწორედ ამიტომ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა, ხოლო პარლამენტზე შტურმი ორგანიზებული იყო და თუ დაბალი სტანდარტით გავყვებით, პირველი გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები არიან დასაჭერი.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, კობახიძის განცხადება არის ძალადობის მორიგი წახალისება.

ირაკლი კობახიძის მიერ ჩემი მისამართით გაკეთებული განცხადება, ჩემი, როგორც პირველ რიგში დასაჭერ ოპოზიციონერ ლიდერზე, არის ძალადობის მორიგი მუქარა და წახალისება, მით უფრო, როცა ტოლობას სვამს 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორებსა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს შორის.

მან ვერ დამალა მისი რეალური განზრახვა, მას სურს დაშინებული და დაპატიმრებული ოპოზიცია. დაშინებული ახალგაზრდობა და ქართველი ერი.

მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, რადგან მე გააზრებული მაქვს, რომ თქვენ საფრთხე ხართ არა ჩემთვის, არამედ საქართველოსთვის და ჩვენი შვილებისთვის, სწორედ ამიტომ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას.

კობახიძე გრძნობს პოლიტიკური დაისის მოახლოებას, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოო განაჩენი გამოუტანა მას, როგორც რუსს და გაუშვა პოლიტიკურ სანაგვეზე, რაც აუცილებლად გაფორმდება უახლოეს არჩევნებზე.

მე მჯერა, საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.