შევქმნათ მექანიზმები, რომლებიც სამართლებრივ და საკანონმდებლო დონეზე გამორიცხავს სანქცირებული პროდუქტების რუსეთში საქართველოს გავლით გატარების შესაძლებლობას

„სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოვდივართ ინიციატივით, მივმართავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხი დაიხუროს, ამკრძალავი ნორმების პაკეტი შეიქმნას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საჯაროდ ამბობს, რომ არ დაუშვებს საქართველო გამოყენებული იქნას სანქციების გვერდის ავლისთვის, თუმცა ეს რომ გარანტირებული იყოს, სპეციალური ნორმების არსებობაა საჭირო.

“დიახ, საქართველოს დღეს აქვს უმთავრესი გამოწვევა, უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა.

სწორედ უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის საქართველო ვალდებულია ნათლად დააფიქსიროს პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ დააფიქსიროს, არამედ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და საქართველო არ იქცეს სანქცირებული რუსული პროდუქციის ტრანზიტად, რადგან მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორი არის დასავლეთი და არა „ქართული ოცნების“ ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა.

სწორედ ამიტომ, მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს, რომ შევქმნათ მექანიზმები, რომლებიც სამართლებრივ და საკანონმდებლო დონეზე გამორიცხავს სანქცირებული პროდუქტების რუსეთში საქართველოს გავლით გატარების შესაძლებლობას. 

მე ვსვამ კითხვას, თუ ასეთი აქტები არ არსებობს, რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეუძლია შეაჩეროს ქართველმა მებაჟემ ასეთი სანქცირებული ტვირთები? თუ არსებობს, მაშინ გავასაჯაროვოთ და დავარწმუნოთ ამაში ჩვენი პარტნიორებიც. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია არის არა “ქართული ოცნება” და “ქართული ოცნების” პოლიტიკა, არამედ ეროვნული კონსოლიდაცია და დასავლელი პარტნიორების მობილიზება თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხზე, რასაც სამწუხაროდ არ აკეთებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება და დაკავებულია პროპაგანდითა და მოსახლეობის ცრუ საფრთხეებით დაშინებით.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *