ფაშიზმზე გამარჯვება აღვნიშნოთ 8 მაისს ევროპასთან ერთად

„სტრატეგია აღმაშენებლი“ ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნასთან დაკავშირებით პეტიციას ავრცელებს. როგორც პარტიის მიერ შემუშავებულ კანონპროექტშია აღნიშნული, საქართველომ უკვე გააკეთა მტკიცე არჩევანი იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვების დღის აღნიშვნა მოხდეს ევროპის ქვეყნებთან ერთად 8 მაისს. ამ ინიციატივის მიზანია ქართველი ვეტერანებისა და ქართული სახელმწიფოს როლის გამოკვეთა ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ის არ ჩაიკარგოს და არ გახდეს რუსული ნაციონალისტური იდეის ნაწილი.

„მეორე მსოფლიო ომის დასრულება და ნაციზმზე გამარჯვება დასავლეთის ქვეყნების უმეტეს ნაწილში 8 მაისს აღინიშნება (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და ა.შ.). ქვეყანათა დანარჩენი ნაწილი კი ამ დღეს 9 მაისს აღნიშნავს (რუსეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსი და ა.შ.).

რადგან რუსეთი ისტორიას და თარიღებს იყენებს ე.წ. „რუსული მსოფლიოს“ იდეოლოგიურ ინსტრუმენტად, მნიშვნელოვანია მკაცრად განვსაზღვროთ ამ საკითხთან დაკავშირებით რა პოზიციაზეა საქართველო, რომელ ცივილიზაციას მივაკუთვნებთ თავს.

საქართველომ უკვე გააკეთა მტკიცე არჩევანი იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვების დღის აღნიშვნა მოხდეს ევროპის ქვეყნებთან ერთად 8 მაისს.

ჩვენ ამ ინიციატივით არათუ არ უარვყოფთ, არამედ პირიქით ხაზს ვუსვამთ ქართველი ხალხის ნაციზმზე გამარჯვებაში შეტანილ წვლილს. მიუხედავად იმისა, რომ ომის მონაწილეები წლების მანძილზე გამარჯვებას ზეიმობდნენ საბჭოთა იმპერიის მიერ თავს მოხვეულ 9 მაისის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამარჯვების აღნიშვნა მოხდეს 8 მაისს დასავლეთთან ერთად.

უფრო მეტიც, ამ ინიციატივის მიზანია ქართველი ვეტერანებისა და ქართული სახელმწიფოს როლის გამოკვეთა ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ის არ ჩაიკარგოს და არ გახდეს ე.წ. უკვდავი პოლკის რუსული ნაციონალისტური იდეის ნაწილი, რომლის პროპაგანდირებასაც დღემდე დაჟინებით ცდილობს პუტინის რუსეთი.

ამ ინიციატივით ჩვენ უარს ვამბობთ საბჭოთა წარსულზე და არა იმ დამსახურებაზე, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეიტანეს ნაციზმზე გამარჯვებაში.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმით. აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფო არის არა 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ შექმნილი საბჭოთა საქართველოს, არამედ საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური და იდეოლოგიური მემკვიდრე.

აღნიშნული ინიციატივით გვინდა კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა, რუსულ გავლენებს საქართველოში და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ“,- ნათქვამია განცხადებაში.

მოაწერე ხელი პეტიციას: https://manifest.ge/item/3710

8 მაისი

  1. აშშ
  2. დიდი ბრიტანეთი
  3. საფრანგეთი
  4. ლიეტუვა
  5. ლატვია
  6. ესტონეთი
  7. კანადა
  8. ჩეხეთი
  9. სლოვაკეთი
  10. პოლონეთი
  11. ნორვეგია

9 მაისი

  1. რუსეთი
  2. ბელორუსია
  3. მონღოლეთი
  4. ტაჯიკეთი
  5. ყაზახეთი
  6. ყირგიზეთი
  7. აზერბაიჯანი
  8. სომხეთი
  9. მოლდოვა

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *