გიორგი ვაშაძე ALDE-ს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე – თუ რეკომენდაციები შესრულდება, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და ALDE-ს მიერ შემუშავებული ახალი რეზოლუცია, რომელსაც კენჭი დღეს ბრატისლავაში ეყარა, მიღებულია.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ თუ რეკომენდაციები შესრულდება, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია მიღებულია ALDE-ს მიერ. ორგანიზაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი ამ პოზიციებს.

რეზოლუციაში გზავნილია ქართველი მოსახლეობის მიმართ, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, უბრალოდ, თორმეტიდან თორმეტივე რეკომენდაციაა შესასრულებელი.

ასევე, პასუხი კითხვაზე თუ ვინ უშლის ხელს და ვინ ახდენს საბოტაჟს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში? – ეს არის კობახიძე, რომელიც კონკრეტულად ჩაწერილია ამ რეზოლუციაში და ეს არის “ქართული ოცნება”, რომელიც რუსული დეზინფორმაციის დამახასიათებელ გზავნილებს უშვებს ომთან დაკავშირებით და აღვირახსნილ თავდასხმას ეწევა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე და სწორედ ეს უშლის ხელს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, ყველას ვინც არის პრორუსი, ვინც მასიურად არღვევს ადამიანის უფლებებს, ექნებათ შეზღუდვები და მათთვის დაიხურება ევროკავშირის კარი, მათ აღარ ექნებათ უფლება მომავალში ევროკავშირში შესვლის და ეს, გზავნილია ყველასთვის.

რეზოლუციაში ორი კონკრეტული გვარია მორგოშია და ჩხიკვაძე. ALDE იზრუნებს, რომ მათთვის ევროკავშირში გადაადგილების უფლება დაიხუროს და ეს არის გზავნილი აბსოლუტურად ყველასთვის.

რაც მთავარია, რეზოლუციაში არის კონკრეტული გზავნილი საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას შეწყალება. დრო აღარ ითმენს ჩვენი ევროპელი პარტნიორები კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან.

და ბოლოს, გზავნილი ქართველ ხალხს – მთელი ევროპა ჩვენს გვერდით დგას და ელოდებიან ჩვენს დიდ ერთიანობას იმისთვის, რომ საქართველომ შეაბიჯოს ევროპულ ოჯახში, რომელიც არის ჩვენი განვითარების მთავარი ფუნდამენტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *