გიორგი ვაშაძე – ჩვენი გზა არის ბრიუსელისკენ, პრორუსული „ქოცნების“ – მოსკოვისკენ, ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ, მათი – ევრაზიული კავშირისკენ

ჩვენი გზა არის ბრიუსელისკენ, პრორუსული “ქოცნების” მოსკოვისკენ, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, მათი რუსეთისკენ, ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ, ხოლო მათი ევრაზიული კავშირისკენ,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და ევროპარლამენტართან შეხვედრებს მართავს.

გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრების მთავარი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესია. როგორც ის განმარტავს, პოლიტიკური ნება, რომელიც საჭიროა უმარტივესი 12 პუნქტიანი რეფორმების შესასრულებლად, ,,ქართულ ოცნებაში” არ არის და ამას სრულიად ევროპული საზოგადოება ხვდება.

“უმაღლეს დონეზე ვმართავთ შეხვედრებს ბრიუსელში, ოთხი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან: ჰოლანდიის, ესტონეთის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ევროპარლამენტარებთან, ევროპარლამენტში სიდიდით მესამე გაერთიანების ALDE-ს წევრებთან და ასევე ლიდერებთან ყველა ქვეყნიდან. შეხვედრებზე მთავარი საკითხი იყო საქართველო, საქართველო და კიდევ ერთხელ საქართველო! დიახ, ჩვენ, პროევროპული ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი. სამწუხაროდ, ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ,,ქართული ოცნება“ უფრო და უფრო შორდება ევროპულ პერსპექტივას, არანაირ რეფორმას არ აკეთებენ. 12 პუნქტია, რომელიც უმარტივესი შესასრულებელია და არაფერს აკეთებენ ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, ჩვენი გზა არის ბრიუსელისკენ, პრორუსული “ქოცნების” მოსკოვისკენ, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, მათი გზა არის რუსეთისკენ, ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ, ხოლო მათი ევრაზიული კავშირისკენ და თუ ჩვენ ერთად დავდგებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე შეფასებით, ერთადერთი გზა და გამოსავალი არის, პარტიული თუ არაპარტიული, ყველა პროევროპულის ერთად დადგომა და გაერთიანება, სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ ისტორიულ შანსს დავკარგავთ.

„დღეს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ გვაქვს ამაში ერთადერთი დამნაშავეა პრორუსული “ქართული ოცნება”. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ეს ისტორიული შანსი გამოვიყენოთ თუ ჩვენს ქვეყანას, ნორმალურ გზაზე დავაყენებთ. სამწუხაროდ, პოლიტიკური ნება, რომელიც საჭიროა ამ უმარტივესი 12 პუნქტიანი რეფორმების შესასრულებლად, ,,ქართულ ოცნებაში” არ არის და ამას სრულიად ევროპული საზოგადოება ხვდება.

უდიდესი მხარდაჭერა აქვს საქართველოს, მაგრამ უდიდესი იმედგაცრუებაა იმაზე, რასაც ,,ქართული ოცნება” აკეთებს თავისი თავდასხმებით ევროპარლამენტარებზე, ევროპელებზე, ევროპელ პარტნიორებზე, ამერიკაზე, ელჩებზე და თავისი ასე რომ ვთქვათ ნეიტრალური, მხარდამჭერი, დამოკიდებულებით რუსეთთან მიმართებაში.

საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და ამას ჩვენ ერთად აუცილებლად გავაკეთებთ. ერთად უნდა დავდგეთ, სხვა გზა არ არის. ჩვენი მიტაცებული სამშობლო, ჩვენვე უნდა დავიბრუნოთ უკან! საბოლოო ჯამში აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *