გიორგი ვაშაძე უმრავლესობას – სიმართლე არის ის, რომ ევროკავშირი არ გინდათ – საქართველოს წინააღმდეგ ეს შეთქმულება ვერ შესრულდება, კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება არ გამოუვა.

ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრს მიმართა, ბოლო თვეების განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები დაასახელა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ სურს.

ოპოზიციონერი დეპუტატის ამ გამოსვლას სხდომათა დარბაზში ხმაური და „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან რეპლიკები მოჰყვა.

„დღეს აქ დაგიდეთ ის 13 პუნქტი, რომელსაც ევროკავშირი თქვენ გისახავთ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არცერთი სიტყვა არ გითქვამთ. რაც ყველაზე სამწუხაროა, სიმართლე არის ის, რომ ევროკავშირი არ გინდათ. სიმართლე არის ის, რომ ამ თვეების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეთ, რომ ევროკავშირს უარი ეთქვა; სიმართლე არის ის, რომ ევროპელ პარტნიორებს ესხმოდით თავს, რათა მათ უარი ეთქვათ საქართველოსთვის ევროინტეგრაციაზე; მიზანმიმართულად ისეთ კანონებს იხილავდით პარლამენტში დაჩქარებული წესით, რომ ევროკავშირს უარი ეთქვა; აკავებდით ადამიანებს იმისთვის, რომ ევროკავშირს უარი ეთქვა საქართველოსთვის და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი გეოგრაფიას დააბრალეთ.

ბატონო ირაკლი და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებო – ეს გეგმა, ეს შეთქმულება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ვერ შესრულდება, კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ. იმის გარანტი, რომ ეს შეთქმულება ვერ შესრულდება, არის ის 100 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შეიკრიბა, ასევე ის ათასობით ადამიანი, რომელიც 24 ივნისს გამოვა ქუჩაში და გაგცემთ პასუხს – გაგცემთ პასუხს იმ ღვარძლსა და სიძულვილის ენაზე, რაც დღეს პარლამენტში იყო“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *