გიორგი ვაშაძემ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდმა ვაშინგტონის ვიზიტი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან განიხილეს

“სტრატეგია აღმაშენებელმა“ ვაშინგტონში კონგრესმენებთან და სენატორებთან ვიზიტი შეაჯამა.

პარტიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და ექსპერტებს უმასპინძლა, სადაც დეტალურად განიხილეს ვაშინგტონში შეხვედრის საკითხები.

გიორგი ვაშაძის თქმით, ვიზიტზე მთავარი თემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, სანქციები, თავდაცვის გაძლიერება და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო.

პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-მ საქართველოს ღია მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

“ჩავაბარეთ ანგარიში ხალხს, ეს არის ის სტანდარტი, როგორც უნდა მუშაობდე შენს მხარდამჭერებთან, შენს ამომრჩევლებთან. რაც მთავარია ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენი ვიზიტის დროს გვქონდა. სრული მხარდაჭერა საქართველოს ამერიკის მხრიდან ხოლო იმედგაცრუება, კითხვის ნიშნები და უნდობლობა “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში. ჩვენ დავაყენეთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე რამდენიმე საკითხი, როგორიცაა ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება საქართველოში, თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის საკითხები ამერიკაში, რომელსაც არ აყენებს “ქართული ოცნება”. რაც მთავარია ჩავაბარეთ ანგარიში ჩვენს მხარდამჭერებს, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, მოუწევს “ოცნებას” და რეფორმებიც აუცილებლად განხორციელდება.

რაც შეეხება იმ ანტიამერიკულ რიტორიკას, რაც მათ [ოცნებას] აქვთ, დარწმუნებული ვარ ხალხი ამას პასუხს გასცემს. ხალხთან ერთად საბოლოო ჯამში მივაღწევთ გამარჯვების იმ ნიშნულს, რომელიც ასე უნდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს” , – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *