“ქართულმა ოცნებამ” პენსიების სესხის უსამართლო პროცენტის თემის გააქტიურების გამო “სტრატეგია აღმაშენებლის” დასჯა გადაწყვიტა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქალაქო სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელიც პარტიის მიმართ გამოწერილ ჯარიმებს ეხება.

მისი განმარტებით, საქმე ეხება საპარლამენტო არჩევნების დროს „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან საპენსიო სესხების ინიციატივაზე მოქალაქეების ხელმოწერის შეგროვებისას გამოწერილ უსაფუძვლო ჯარიმებს.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, დღევანდელი პროცესი არის გამოცდა სასამართლოსთვის.

„როგორც ჩანს „ქართულმა ოცნებამ“ პენსიების სესხის უსამართლო პროცენტის თემის გააქტიურების გამო „სტრატეგია აღმაშენებლის“ დასჯა გადაწყვიტა. 2020 წელს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ჩვენ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ხელმოწერებს ვაგროვებდით, რის გამოც თბილისის მერიამ ათობით ათასი ლარის ჯარიმა გამოგვიწერა.

დღეს იმართება სასამართლო პროცესი, სადაც 30 000-ლარიან ჯარიმას ჩვენს პარტიაზე მოსამართლე განიხილავს. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ნამდვილად ტესტია სასამართლოსთვის, რადგან ვნახავთ, არის თუ არა ეს პოლიტიკური დავალება თუ ობიექტურად მოხდება ამის განხილვა, როგორც გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური საქმიანობის ხელის არშეშლის კუთხით. მიმაჩნია, რომ პარტიაზე გამოწერილი სანქციები პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი და დემოკრატიის საწინააღმდეგოა“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე

.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *