“სტრატეგია აღმაშენებელი” პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრს ქმნის

“სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრს ქმნის. ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრი ორშაბათიდან, 14 თებერვლიდან ამოქმედდება და მისი ფუნქცია პენსიონერების უფლებების სამართლებრივი დაცვა იქნება.

ცენტრს პარტიის წევრი თეონა ჭალიძე უხელმძღვანელებს.

“პარლამენტში ვქმნით პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრს. ნებისმიერ პენსიონერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, დევნილს, ვისაც სამართლებრივი პრობლემები გაქვთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამ ნომერზე და დეტალურად გავივლით თქვენს ყველა პრობლემას. ასობით ადამიანმა უკვე გამოგვიგზავნა ინფორმაცია საკუთარ სასესხო საკითხებთან დაკავშირებით. როგორც ვხედავთ, ძალიან ხშირად ხდება ადამიანების მოტყუება, არასწორი გადაწყვეტილებების მიღება ბანკების მხრიდან, რის გამოც ეს ადამიანები წლების განმავლობაში იჩაგრებიან. ამ ცენტრს ექნება ფუნქცია, რომ თქვენი უფლებები დაიცვას, ძვირფასო პენსიონერებო. ამ ცენტრს უხელმძღვანელებს თეონა ჭალიძე პარლამენტში, ჩვენს აპარატში. როგორც სოციალურ ქსელით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით და პარლამენტში მობრძანებით, შეგიძლიათ ჩვენგან მიიღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება და თითოეულ თქვენს პრობლემა მივყვებით ბოლომდე”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *