„სტრატეგია აღმაშენებელი“ – ხელისუფლების მიერ იმიტირებულ დემოკრატიულ პროცესში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ იმიტირებულ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროპული რეკომენდაციის პრინციპებს.

რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევის საკითხს, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი მონაწილეობას არ ვიღებთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ამ საკითხზე გამართულ კონსულტაციებში, რადგან მათ მიერ ინიცირებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროპული რეკომენდაციის იმ პრინციპებს, რომლებიც მოითხოვდა, რომ ყოფილიყო უფრო მეტი ჩართულობა არასამთავრობო ორგანიზაციების, ყოფილიყო უფრო მეტი გამჭვირვალობა და ღიაობა რითიც მოხდებოდა სახალხო დამცველის ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებლობა.

“ქართულმა ოცნებამ” კი პირიქით, წამოიწყო პროცესი, რომელიც არ არის არც გამჭვირვალე და არც ინკლუზიური, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობას აძლევს განსაზღვროს იმ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მოახდენს კანდიდატების შეფასებას, რაც წარმოადგენს მიზანმიმართულს ხელის შეშლას და სამოქალაქო სექტორის მიერ წამოწყებული პროცესის დაზიანებას.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პროცესი არის ფსევდო ინკლუზიური, ფსევდო გამჭვირვალე, ფსევდო დემოკრატიული და ხელისუფლების მიერ იმიტირებულ დემოკრატიულ პროცესში „სტრატეგია აღმაშენებელი” მონაწილეობას ვერ მიიღებს რადგან „ოცნების“ მიერ წამოწყებული ეს პროცესი მიზნად ისახავს საკუთარი სასურველი კანდიდატის გაყვანას” , – აღნიშნულია განცხადებაში.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *