„სტრატეგია აღმაშენებელი“ – მოვუწოდებთ პრეზიდენტს, ცესკოს თავმჯდომარედ პარლამენტს ფორმალური პროცესით შერჩეული არცერთი კანდიდატი არ წარუდგინოს და მოხდეს კონსენსუსზე დაფუძნებული კონკურსანტების შეთავაზება

მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესით შერჩეული არცერთი კანდიდატი არ წარუდგინოს პარლამენტს და მოხდეს ახალი, სამართლიანი პირობებით არჩეული, კონსენსუსზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონკურსანტების შეთავაზება პარლამენტისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების ვაკანტურ პოზიციების შერჩევასთან დაკავშირებით აცხადებს.

პარტიის შეფასებით, პრეზიდენტის ფორმალისტური მიდგომა ამ პროცესის მიმართ არ ამცირებს და პირიქით, ზრდის მის პასუხისმგებლობას სამართლიანი არჩევნების და ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაცემისთვის.

„პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით აქვს ვალდებულება, რომ ფორმალურად კი არ მიუდგეს ცენტრალური კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის საკითხს, არამედ დამოუკიდებელი შესარჩევი კომისიით, 19 აპრილის შეთანხმების პირობების დაცვით, საერთო კონსენსუსით, შეარჩიოს ნამდვილად მიუკერძოებელი კანდიდატები, რომ გვყავდეს რეალურად თავისუფალი, დამოუკიდებელი ადმინისტრაცია და გაიზარდოს ნდობა არჩევნების მიმართ. პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ მისი ფორმალისტური მიდგომა ამ პროცესის მიმართ არ ამცირებს, პირიქით, ზრდის მის პასუხისმგებლობას სამართლიანი არჩევნების და ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაცემისთვის, რისთვისაც ხელსაყრელ პირობებს ნამდვილად არ ქმნის მმართველი პარტიის მიერ ერთპარტიულად დანიშნული ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის მესამეჯერ პარლამენტისთვის წარდგენა.

ამასთან, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის ფაილებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რა მასშტაბის, როგორი ტოტალური იყო და არის საარჩევნო მანიპულაცია და ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება. მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესით შერჩეული არცერთი კანდიდატი არ წარუდგინოს პარლამენტს და მოხდეს ახალი, სამართლიანი პირობებით არჩეული, კონსენსუსზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონკურსანტების შეთავაზება პარლამენტისთვის“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *