სერგო ჩიხლაძე – კორონავირუსის მართვის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროსგან მწყობრ პოლიტიკას, დალაგებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ

კორონავირუსის მართვის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროსგან მწყობრ პოლიტიკას, დალაგებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კვირაში ინფიცირებულთა ოდენობა კიდევ უფრო მაღალ რიცხვებს მიაღწევს.

„იზრდება კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მიუხედავად შაბათ-კვირისა და მცირე რაოდენობის ტესტებისა. 22 პროცენტზე მეტია დადებითობის მაჩვენებელი, რაც რეკორდია ორი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი 10 ათასის ფარგლებში არ გაჩერდება და ასევე, სამწუხაროდ, ხვალ, ზეგ, ამ კვირაში, კიდევ უფრო მაღალ რიცხვებს ვნახავთ. რა თქმა უნდა, გამოწვევაა საწოლფონდი, ამას ამძიმებს ის ვითარება, რომ დეკემბერსა და იანვრის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ კოვიდმიმღებ კლინიკებს ჩამოართვა ეს სტატუსი, იმის მაგივრად, რომ გაეზარდა ეს სტატუსი და რეზერვში მეტი საწოლი მოემზადებინა, პირიქით, ამის დანაკლისი გააჩინა, მიუხედავად იმისა, რომ 27 ნოემბრიდან ქვეყანამ, ჯანდაცვის სამინისტრომ იცოდა „ომიკრონის“ გავრცელების საშიშროება და ასეთი მაღალი რიცხვების ალბათობა. ამიტომ ეს რა თქმა უნდა, კარგ მომზადებაზე არ მეტყველებს. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვა, პაციენტების ბინაში მართვის პრობლემა და ეს, რაც დღეს ავტომატიზებული უნდა ყოფილიყო, არ არის აწყობილი. მესამე მიმართულება არის ბავშვთა მიმართულება, განსაკუთრებით დეფიციტური შეიქმნება ბავშვთა პედიატრიული საწოლები. ამ მიმართულებით არის სამუშაო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჯანდაცვის სამინისტროსგან მწყობრ პოლიტიკას, დალაგებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ,“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

წყარო: interpressnews

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *