სერგო ჩიხლაძე – ათიათასობით კოვიდინფიცირებულის ბინაზე მართვა სერიოზული გამოწვევა იქნება – შესაძლოა, არასწორმა მართვამ კიდევ უფრო გაზარდოს სიკვდილიანობა

სერიოზული გამოწვევა იქნება ათიათასობით ადამიანის ბინაზე მართვა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის, „ბუსტერ“ დოზის გაკეთებაც, რომელიც მძიმე შემთხვევების რაოდენობას ამცირებს.

„საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 70% არის აუცრელი. ამიტომ, გავრცელება, რაც უფრო მასიურად ხდება აუცრელ მოსახლეობაში, მით მეტია სხვადასხვა მუტაციის შანსი. წინასწარ იმის თქვა, რომ ყველა იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ და ამით დასრულდება პანდემია, ნაადრევი მგონია, თუმცა, ამ აზრის არსებობას ლეგიტიმური საფუძველი აქვს. პირველი მიმართულება არის პირველადი ჯანდაცვა და ათიათასობით პაციენტის მართვა ბინაზე. სერიოზული გამოწვევა იქნება ამ ათიათასობით ადამიანის მართვა, რადგან ეს ძალიან დიდი რიცხვია. გასაგებია, რომ ბევრ მათგანს მსუბუქი სიმპტომატიკა ექნება, მაგრამ თუ კარგად არ იქნება მართული, შეიძლება ბევრი პაციენტი გაიპაროს, არასწორმა მართვამ კიდევ უფრო გაზარდოს სიკვდილიანობა. ამის პარალელურად ვაქცინაცია, “ბუსტერ” დოზის გაკეთება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა კვლევა აჩვენებს, რომ დამატებით დოზა ამცირებს მძიმე შემთხვევებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *