საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა “ქართული ოცნების” ანტიდასავლური და უფრო კონკრეტულად, ანტიამერიკული პროპაგანდა – სტრატეგია აღმაშენებელი

“სტრატეგია აღმაშენებელი” – “ქართული ოცნების” მხრიდან აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ოცნების ეს ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადებები საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა. “სტრატეგია აღმაშენებელი” ხელისუფლების წარმომადგენლებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდებს

“საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა “ქართული ოცნების” ანტიდასავლური და უფრო კონკრეტულად, ანტიამერიკული პროპაგანდა.

ამის ნათელი დასტურია პირდაპირი თავდასხმები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის მისამართით. 

“ქართული ოცნების” პროპაგანდისტების ეს  განცხადებები,  ფორმალურად სხვადასხვა ადამიანების სახელით და გვარით ვრცელდება მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამას აქვს ერთი სახელი და გვარი და მისი ავტორია ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც  სანახევროდ დასავლური სანქციების პირობებში იმყოფება და საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე ცდილობს საკუთარი პრობლემების მოგვარებას. 

მოვუწოდებთ ივანიშვილს და “ქართული ოცნების” ლიდერებს, დროზე მოეგონ გონს და შეწყვიტონ საქართველოს დამაზიანებელი ქმედებები, საქართველოს ეროვნული ინტერესის ღალატი. 

ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი ანტიდასავლური, ანტიამერიკული კამპანიიის მიზნების და ამოცანის შესახებ ბოლო დღეებში ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს არ ხდება შემთხვევით და მას ორგანიზებულად და მიზანმიმართულად ახორციელებენ საქართველოში მოვლენილი ფსბ-ს კურატორები ქართველი მესენჯერების (ინფორმაციის გამავრცელებლების) საშუალებით და არსებითი მნიშვნელობა  არ აქვს  კონკრეტულ წერილებს “ქართული ოცნების” რომელი ლიდერის სახელი და გვარი მიეწერება, ამის დასტურია თუნდაც ბოლოს, ყაველაშვილის სახელით ამერიკის ელჩის მიმართ ცილისმწამებლური   განცხადება, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყაველაშვილი დამოუკიდებლად ამ განცხადების ერთ აბზაცსაც ვერ დაწერს. 

ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი” კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს მოქლაქეებს, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შანსთან ერთად, ძალიან დიდია რისკი, რომ ეს შესაძლებლობა “ქართულმა ოცნებამ” და ივანიშვილმა  დააკარგინოს საქართველოს და მის მოქალაქეებს. 

არ ავყვეთ დეზინფორმაციას რადგან უნდა ვიცოდეთ, რომ სინამდვილეში  საქართველოს სახელმწიფოს, მის თავისუფლებას აშშ-ს მსგავსი მეგობარი და მხარდამჭერი სახელმწიფო არ ჰყავს. 

ღმერთმა დალოცოს საქართველო! 

ღმერთმა დალოცოს ამერიკა!” – სტრატეგია აღმაშენებელი

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *