პაატა მანჯგალაძე – კობახიძეს და ღარიბაშვილს რომ რეაქცია არ აქვთ იმაზე, რაც ლარსზე ხდება და არც იმაზე, საქართველოს მოქალაქეები რომ გარბიან, მიუთითებს, ვის ინტერესებს გამოხატავს ეს ხალხი – საქართველოს თუ რუსეთის?!

კობახიძეს და ღარიბაშვილს რომ რეაქცია არ აქვთ იმაზე, რაც ლარსზე ხდება და არც იმაზე, საქართველოს ათასობით მოქალაქე რომ ქვეყნიდან გარბის, მიუთითებს, თუ ვის ინტერესებს გამოხატავს ეს ხალხი – საქართველოს თუ რუსეთის?! ამ კითხვას ყველამ უნდა უპასუხოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს იმედი, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევით რაიმე არსებითად შეიცვლება, მაგრამ საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიონ და მოქალაქეებს გააგებინონ, რას აპირებენ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, საზღვარი უნდა ჩაიკეტოს, მხოლოდ ქართველები და ისინი, ვისაც საქართველოში ნათესავები ჰყავთ, უნდა შემოვუშვათ, ასევე ჰუმანიტარული მიზნებით უნდა ხდებოდეს შემოშვება, სხვებთან დაკავშირებით როგორც არის პრაქტიკა ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთში არის საუკეთესო პრაქტიკა და ეს უნდა გამოვიყენოთ საქართველოში. უსაფრთხოების საბჭო რა თქმა უნდა, უნდა შეიკრიბოს, რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და 4 წლის განმავლობაში პრეზიდენტი ერთხელ არ არის ნამყოფი ამ საბჭოზე. იმას არ ვამბობ, რომ თუ იქ სალომე ზურაბიშვილი მივა, ან ღარიბაშვილი და გომელაური რომ ერთად დასხდებიან, ამით რამე არსებითად შეიცვლება, მაგრამ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა დაისვას და საზოგადოებას უნდა გააგებინონ, რას აპირებენ. ის, რომ რაც ლარსის საზღვარზე ხდება, ამაზე რეაქცია არ აქვს კობახიძეს და ღარიბაშვილს და არც იმაზე აქვთ რეაქცია, საქართველოდან რომ საქართველოს ათასობით მოქალაქე გარბის, იმაზე მიუთითებს, თუ ვის ინტერესებს გამოხატავს ეს ხალხი – საქართველოს თუ რუსეთის?! ესაა ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც ყველამ უნდა ვუპასუხოთ,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *