პაატა მანჯგალაძე – იუსტიციის საბჭოში გადმოსხეს დესანტი „კლანის” მეთაურების – მურუსიძის და გვრიტიშვილის თამადობით, რაც ევროპული რეკომენდაციის დარღვევაა

„ქართული ოცნების” ხელისუფლება აგრძელებს ევროპული გზის საბოტაჟს და შეთქმულებას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ – იუსტიციის საბჭოში დესანტის გადმოსხმა „კლანის” მეთაურების სახით, ევროპული რეკომენდაციების დარღვევაა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა, რომლითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” რუსული არჩევანი გააკეთა და ევროპული კურსის ღიად შეფერხებასაც აღარ ერიდება.

“ნაცვლად ევროპული რეკომენდაციების შესრულებისა, ისინი გადავიდნენ შეტევაზე და არ ერიდებიან ღიად ევროპული რეკომენდაციების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას. ამის დასტურია ის, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხდება, როცა რეკომენდაცია იყო სასამართლოში რეფორმის ჩატარება და კეთილსინდისიერი მაღალი რეპუტაციის ადამიანების არჩევა, ამ დროს, იუსტიციის საბჭოში გადმოსხეს დესანტი “კლანის” მეთაურების – მურუსიძის და გვრიტიშვილის თამადობით, რაც არის პირდაპირ დარღვევა ევროპული რეკომენდაციის. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის რუსეთის სასარგებლოდ გააკეთოს. რუსული არჩევანია, როცა ქვეყანაში გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა, როცა სასამართლოს მართავს კლანი და იყენებენ მას პოლიტიკური დევნისთვის, ამის მაგალითია ნიკა გვარამიას საქმე, ასევე რუსული არჩევანია ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ქვეყანაში მეფობს “ქართული ოცნების” დამსახურებით,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, რუსული არჩევანის მაგალითია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაც, რომლითაც მან მიხეილ სააკაშვილის რეზოლუციაში მოხსენიებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა. მანჯგალაძის თქმით, მიუღებელია, როცა ევროპელებს ეუბნებიან, რომ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზას ევროსაბჭოს რეზოლუციები და გადაწყვეტილებები აფერხებს.

“ეს არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები, ისეთ აღვირახსნილ მდგომარეობაშია “ქართული ოცნება”, ევროპელებს ასწავლიან, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლიანი სასამართლო. პაპუაშვილი ლექციებს უტარებს ევროკავშირს, ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომ თურმე საქართველოში საუკეთესოდ არის დაცული ადამიანის უფლებები მაშინ, როცა კლანს აბრუნებენ იუსტიციის საბჭოში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სასამართლო საერთოდ არ გვაქვს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *