თეონა აქუბარდია – ხელისუფლება გასაკრიტიკებელია და შეშინებულის იმიჯს ტოვებს, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ღირსეული პოზიციით წარვსდგეთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად

ახლა მთავარია, ქვეყნის გასაკეთებელი გავაკეთებინოთ ხელისუფლებას და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არის გასაკრიტიკებელი და შეშინებულის იმიჯს ტოვებს, ახლა არ არის მხილების დრო, ახლა მნიშვნელოვანია ღირსეული პოზიციით წარვსდგეთ არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, არამედ საერთო ინტერესების დაცვისთვის, რადგან დღეს რეალურად არამხოლოდ უკრაინის ბედი წყდება, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებიც, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კონსულტაციები დღეს დასრულდება.

“დღეს გვექნება კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან მიმართებაში. არსებობს მზაობა, რომ ერთობლივი ინიციატივით მოხდეს ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანია კონსულტაციებზე შევჯერდეთ ტექსტზეც, რომელიც შემდგომ სასესიო კვირას უნდა გავიდეს სხდომაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და დაგმობა იმ აგრესიის, რომელსაც ახორციელებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ. მთავარია, რომ მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა ჩვენ შევძელით პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმება იმაზე, რომ ინიცირება მოხდება ერთად, რაც დადებითი ფაქტია. მე იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით დავასრულებთ სასესიო სხდომაზე ამ რეზოლუციის მხარდაჭერას”, – განაცხადა აქუბარდიამ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *