თეონა აქუბარდია – ქვეყანაში კოვიდის მართვა ეფექტიანი რომ არ არის, ამას ის მოქალაქეები გრძნობენ, რომელთაც უწევთ ახლობელი გამონახონ, რათა მათთვის ადგილი იყოს საავადმყოფოში

ქვეყანაში კოვიდის მართვა ეფექტიანი რომ არ არის, ამას ის მოქალაქეები გრძნობენ, რომლებსაც უწევთ ახლობელი გამონახონ იმისთვის, რომ დარეკონ საავადმყოფოში, რადგან მათთვის ადგილი იყოს , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება გართულებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ვერ მართავს.

„მქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები მომმართავდნენ, რადგან სასწრაფოს ბრიგადას არ შეეძლო მათი დარეკვის გარეშე გადაყვანა. სიკვდილიანობის მაჩვენებლით საკმაოდ სავალალო შედეგები გვაქვს, ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა ამ კუთხით, არაერთი კითხვა და გამოძიება ყოფილა ამ თანხების ეფექტურობასთან დაკავშირებით.

ალბათ, ყველას გახსოვთ რობოტი „პეპერსი“, თუ იცით სად არის ეს რობოტი დღეს?! ის არის “city mall”-ის შესასვლელთან, როდესაც „პეპერსის“ გაპიარების მცდელობა იყო, მხოლოდ ამით დასრულდა. 2020 წელს 500 000 ლარი გადავიხადეთ პროგრამაში, რომელმაც საბოლოოდ შედეგი ვერ გამოიღო.

მგონი, ყველამ ვიცით პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის საქმიანობის იმ ექსპერტების შეფასებები, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ითხოვდნენ, რომ ისეთი პროგრამა ყოფილიყო კოვიდპასპორტებზე, როგორზეც დღეს არის საუბარი. ახლა საუბარია იმ კოვიდ პასპორტებზე, რომელიც შეიძლება სამუდამო იყოს და არაფერი, რომ არ შეიძლება იყოს სამუდამო, მაშინ როდესაც კოვიდზეა საუბარი, მგონი ვთანხმდებით, ესეც ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც პარლამენტში უნდა გვემსჯელა.

საერთოდ რისთვის გვაქვს პარლამენტი?! რისთვის არის საპარლამენტო წყობა ამ ქვეყანაში, თუ ყველაფერს ვანდობთ მთავრობას?! ჩვენ არც კი ვსაუბრობთ, რამდენად ეფექტიანი იყო ეს ყველაფერი. რატომ არ შეიძლება მეტი ინკლუზიური პროცესი იყოს, მათ შორის მსჯელობასთან დაკავშირებით?! ექსპერტები, რომლებიც თვეების მანძილზე საუბრობდნენ პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებზე, ვხედავთ, რომ მოგვიანებით აკეთებს ამას ხელისუფლება. დაგვიანებას აქვს თავისი ფასი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეზე გადის“, – განაცხადა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის იდეას ტესტებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე მთავრობა დასცინოდა, შემდგომ კი, ეს პანდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთი ეფექტური გზა აღმოჩნდა.

„შეგახსენებთ ინიციატივებს, რომელიც “სტრატეგია აღმაშენებელს” ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში ჰქონდა, როდესაც მთავრობა დასცინოდა ტესტებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე გიორგი ვაშაძეს, შემდგომ აღმოჩნდა, რომ ტესტები იყო პანდემიასთან ბრძოლის გზა. ვაქცინაციაზეც დღეს გვეუბნებიან, რომ ჩავარდნაა კამპანიასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ პარლამენტში. არიან სპეციალისტები, რომლებიც შეგვიძლია შემოვიყვანოთ ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ პარლამენტმა დაიტოვოს ის უფლებამოსილება, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ახლა იმყოფებიან კლინიკაში და ებრძვიან ამ უმძიმეს დაავადებას, შევინარჩუნოთ სიცოცხლე, რომლის დაკარგვის უფლებაც ქვეყანას არ აქვს”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *