თეონა აქუბარდია – მნიშვნელოვანი იქნებოდა მეგობრობის ჯგუფის გამოყენება და ერთობლივი ვიზიტის განხორციელება კიევში

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციამ უმრავლესობას უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი რეზოლუციის ინიცირების და ამ საკითხზე კონსულტაციების დაწყების წინადადებით მიმართა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ კი პარლამენტის თავმჯდომარეს კონსულტაციების დაწყების თხოვნით მიმართა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის გარდა, მნიშვნელოვანი იქნება მეგობრობის ჯგუფმა ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატების მონაწილეობით ვიზიტი დაგეგმოს კიევში.

„ორი რეზოლუციაა დარეგისტრირებული პარლამენტში – „საქართველოს ნატო-ში წევრობის მხარდამჭერი“ იმ ფონზე, როცა რუსეთი ღიად ითხოვს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან წაღებას. ჩვენ ვიცით დასავლეთის პოზიცია ამასთან დაკავშირებით და მეორე რეზოლუცია ეხება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუცია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის ერთხმად იყოს მიღებული საქართველოს პარლამენტში, ერთიანობა არის ამ საკითხთან მიმართებით მნიშვნელოვანი, რადგან ის, რაც ხდება უკრაინაში, პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და ვფიქრობ, არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მეგობრობის ჯგუფის გამოყენება და ერთობლივი ვიზიტის განხორციელება კიევში ერთიანობის დამადასტურებლად. თხოვნით მოგმართავთ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდეს კონსულტაციები და ერთიანობა ვაჩვენოთ ამ საკითხში, რადგან ეს არის ზეპარტიული საკითხი და ეს ეხება მათ შორის, ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამხოლოდ უკრაინის მხარდაჭერას, ამიტომ ეს თხოვნა იქნება, რომ შემდეგ კვირას საკომიტეტო მოსმენამდე, სანამ სესია იქნება, გვქონდეს კონსულტაციები, რომ ტექსტზეც შევჯერდეთ და სხვა შესაბამის ნაბიჯებზეც, რაც ვფიქრობ კარგი პრეცედენტი იქნება პარლამენტში, მით უფრო იმ ფონზე, როცა თქვენ ხართ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე“, – განაცხადა აქუბარდიამ.

წყარო: interpressnews

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *