გიორგი ვაშაძის განცხადებით, ძალიან სამარცხვინოა, როდესაც უკრაინაში ერთ დღეში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ამ საკითხზე ხელისუფლება დუმს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ძალიან სამარცხვინოა, როდესაც უკრაინაში ერთ დღეში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ამ საკითხზე ხელისუფლება დუმს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში.

„ძალიან სამწუხაროა, რომ 5 გმირი დავკარგეთ ერთ დღეში. ძალიან დიდი დანაკარგი აქვს საქართველოს უკრაინის ომში, მაგრამ ეს ომი რომ ჩვენი ომია, სწორედ ამით დასტურდება იმიტომ, რომ ამ გმირების სახელი უკვალოდ არ ჩაივლის და აუცილებლად დადგება დრო, როცა ჩვენ ღირსეულ პატივს მივაგებთ მათ და მთელი სახელმწიფო იამაყებს ამ ადამიანების სახელებითა და გვარებით. პირველ რიგში, ოჯახის წევრებს მივმართავ, ამაყი უნდა იყოთ, რომ ასეთი გმირები გაუზარდეთ ჩვენს სამშობლოს. რაც შეეხება “ქართული ოცნების” პოზიციას, სამარცხვინო კი არა, ადამიანურადაც კი წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება დაკარგო ადამიანმა სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, პატრიოტიზმი, რომ სიტყვა არ დაძრა ამ საკითხზე. ვფიქრობ, აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქცია აქვს საქართველოში მთელ საზოგადოებას, როცა ხედავენ დუმილს პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ სიტყვასაც კი არ ამბობენ ამ თემასთან დაკავშირებით. დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიანებით ორი სიტყვა გაიმეტა ამ გმირებთან მიმართებით. ეს არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში”,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ 5 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *