გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებელი” და “რეფორმების ჯგუფი” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს უჭერს თენგიზ თევზაძის კანდიდატურას

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელმა” და საპარლამენტო ფრაქცია „რეფორმების ჯგუფმა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთან, თენგიზ თევზაძესთან პარლამენტში შეხვდა გამართა. შეხვედრაზე თევზაძემ საარჩევნო მიმართულებით გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით ფრაქციის წევრებს საკუთარი შეხედულებები გააცნო. შეხვედრის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ, ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ როგორც პარტია ასევე ფრაქცია თენგიზ თევზაძის კანდიდატურას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტზე მხარს დაუჭერს.

„“სტრატეგია აღმაშენებელი” და „რეფორმების ჯგუფი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს უჭერს თენგიზ თევზაძის კანდიდატურას. ჩვენ “ქართულ ოცნებას” და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას აღნიშნულ პოსტზე.

რაც შეეხება ჩვენს რჩევებს, თევზაძე აპირებს, რომ ყველა ფრაქციას შეხვდეს, მას ექნება ჩვენი ფრაქციის მხარდაჭერა, ასევე მზაობას გამოვხატავთ, რომ კონსულტაცია გაიმართოს “ქართულ ოცნებასთან”, „ცესკოს“ თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით.

როგორც მე მოვისმინე მედიაეთერით, მმართველი პარტიაც გამოხატავს მზაობას კონსულტაციებისთვის, მაგრამ პირდაპირ რომ გითხრათ ნაკლებად მჯერა შეთანხმების მიღწევის.

იმ შემთხვევაში კი თუ შევთანხმდებით მის კანდიდატურაზე ძალიან კარგი იქნება და რაღაც პრეცედენტს მაინც ვაჩვენებთ, რომ ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას „ცესკოს“ თავმჯდომარის შერჩევის პროცესში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *