გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე კონგრესმენებს კეტრინ რაის და ადამ კინზინგერს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა, სერგო ჩიხლაძემ და გიორგი ვაშაძემ, ვაშინგტონში პირველი ოფიციალურ შეხვედრა კეტრინ რაისთან და ადამ კინზიგერთან გამართეს.

შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმება, რომელსაც ამერიკელი და ევროპული მხარეების წარმომადგენლების ჩართულობით ხელი მოეწერა. ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ყველაზე მეტად მხარდაჭერა ახლა სჭირდება.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები ვაშინგტონში შეხვედრებს მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში განაგრძობენ, სადაც კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

„დღეს შეხვედრები კეტრინ რაისთან და ადამ კინზიგერთან გვქონდა. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ: პირველი ის, რომ საქართველოს სჭირდება მეტი მხარდაჭერა და ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ შეცდომას უშვებს, როდესაც არ აყენებს საქართველოსთვის მეტი შეიარაღების მოწოდებას, მეტ ფინანსურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ჯერ კიდევ თბილისში, შეხვედრებზე თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით დავაყენეთ საკითხი და აღნიშნულ საკითხს გამოხმაურებებიც აქვს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური თანამშრომლობა. საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ, უნდა დავაყენოთ მათ შორის, ამერიკის სამხედრო ბაზის საქართველოში ყოფნის საკითხი. შეხვედრის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, 19 აპრილის შეთანხმება. კონგრესმენებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ხელისმომწერები ამერიკული და ევროპული გარანტიის ქვეშ. შესაბამისად, მათ ვთხოვეთ, რომ ამ გარანტიიდან გამომდინარე, აღსრულების მექანიზმები ამერიკის მხრიდან ამოქმედდეს. თუ „ქართული ოცნება“ არ ვაიძულეთ მართლმსაჯულების რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები და დემოკრატიული რეფორმები განახორციელონ, ჩვენ ვერც ევროკავშირს დავუახლოვდებით და ვერც ნატო-ში ინტეგრაციას დავიწყებთ. აუცილებელია, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ მათი უშუალო გარანტიის გამო მოვაწერეთ ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და სხვა პარტიებმა19 აპრილის შეთანხმებას ხელი, ამიტომაც გვაქვს უფლება, ვთხოვოთ აქტიურად ჩაერთონ იმაში, რომ „ქართული ოცნების“ იძულება მოვახდინოთ და დაიძრას ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც ევროპასთან დაგვაახლოებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *